reportiori.ge - სოსო ცისკარიშვილი – ის, რაც არასდროს უთქვამს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 03:02
ინტერვიუ
სოსო ცისკარიშვილი – ის, რაც არასდროს უთქვამს...
02 მაისი, 2015. 21:39




მედიაჰოლდინგრეპორტიორისადა ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივი პროექტის  რეპორტიორის თვალით...“  სტუმარია  „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბისპრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი:

 

 

 

 

 

– ბატონო სოსო, რა სტატისტიკა გაქვთ, რამდენი ექსპერტი გვყავს დღეს საქართველოში?

 

 

– საქართველოში დღეს იმდენი ექსპერტი გვყავს, რამდენი მსურველიცაა. ტერმინი „ექსპერტი“ მას მერე გახდა პოპულარული, რაც 2008 წლის ოქტომბერში  „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი“ დავაფუძნეთ, რომელმაც უმალ დააფრთხო იმ დროს არსებული ხელისუფლება. ორი კვირის მერე მთავრობამ თავად გამოიჩინა ინიციატივა და შექმნა „ექსპერტთა კლუბი“. ამით სურდათ, კონკურენცია გაეწიათ „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბისთვის“, რომლის წევრიც ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ხოლო სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ „ექსპერტთა კლუბში“ სახელმწიფო უშიშროების საკითხებში და უშიშროების კომიტეტის წარჩინებულნი გაერთიანდნენ. მე მგონია, რომ ექსპერტთა დამრქმევნი არანაკლები არიან თავად ექსპერტებზე. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ექსპერტული აზრი ყველაზე დეფიციტურია დღეს საქართველოში.

 

 

მახსოვს, ჩვენ შევქმენით პირველად საქართველოში Public relations -ის ცენტრი. მაშინ ეს ტერმინიც კი ყველასთვის უცნობი იყო. ამ დროს, საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები მოდიოდნენ ჩვენთან, რათა ენახათ ჩვენი ფაბრიკის პროდუქცია. Public-სა და ფაბრიკას შორის განსხვავებას ვერ ხედავდნენ. იყო ეს დროც. მერე ხომ ხედავთ, როგორი პოპულარული გახდა ქვეყანაში ეს რაღაც. მართალია, ჩვენს ხელისუფლებას ცოტა გერად მიაჩნია ეს მიმართულება, მაგრამ უამისობაც არცერთ ხელისუფლებას არ წაადგება კარგად.

 

 

ექსპერტთა სიმრავლე მიმბაძველობითაც აიხსნება და დღეს მივედით იმ ზომამდე, რომ ექსპერტთა ჯგუფებს ქმნიან ერთი პირის ინიციატივით და  გვაქვს სიამოვნება, რომ 60-მდე ახალგაზრდისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს ვადევნოთ თვალი ტელევიზიის საშუალებით და დავაკვირდეთ, როგორ ყალიბდება ახალგაზრდული ექსპერტული საზოგადოება, ძალიან მიმზიდველი ქოლგის ქვეშ, რომელსაც აწერია 20/30.

 

 

ღმერთმა ხელი მოუმართოს, ასაკი არ განსაზღვრავს ექსპერტობას, გამოცდილებაა მთავარი.

 

 

– რაც ასაკს მოაქვს...

 

 

– არა მხოლოდ ასაკს, არსებობენ გენიოსებიც. ბევრი ისტორიული მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ.

 

 

– როგორ ფიქრობთ, ვინ არის ნამდვილი ექსპერტი?

 

 

–  ნამდვილი ექსპერტი სახელებით და გვარებით არ განისაზღვრება. თვითონ ტერმინი „ექსპერტი“ არ არის რაიმე სამართლებრივი დატვირთვის მატარებელი. ზოგჯერ ვღიზიანდებით, როცა ამ სახელით მოგვმართავენ, ზოგჯერ კმაყოფილებას გამოვხატავთ...  

 

 

– რას ფიქრობთ სახელისუფლებო ექსპერტებზე?

 

 

– სახელისუფლებო ექსპერტი ერთ-ერთი ყველზე დამაკნინებელი ტერმინია, რაც კი შეიძლება ადამიანს არგუნოს მკითხველმა ან მსმენელმა. თუ გინდა, რომ ხელისუფლებას აამო, მაშინ უმჯობესია, სახელმწიფო სამსახური ეძიო და უბრალოდ უერთგულო, რადგან დღეს კადრების შერჩევა ხდება ერთგულების ნიშნით და არა პროფესიული ნიშნით.

 

 

– 1948 წელს დაიბადეთ, ამ დროს ქვეყანაში სტალინის კულტის პიკი იყო...

 

 

– რომ დავიბადე, 6 თვის მანძილზე სახელი ვერ დამარქვეს. მამაჩემს სურდა საკუთარი მამის სოსო ცისკარიშვილის სახელი დაერქმია ჩემთვის, მაგრამ სტალინის კულტის ზეობის დროს არ უნდოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ ბელადის სახელს მარქმევდა, იმ ბოლშევიკთა ბელადის, რომლებმაც 1924 წელს  სიღნაღში  პაპაჩემი სოსო ცისკარშვილი დახვრიტეს.  6 თვის მერე უთქვამს – წლების მერე სტალინი ხომ არ იქნება ამქვეყნად, მამაჩემი კი კვლავ მამაჩემად იქნებაო მოხსენიებული და დამარქვა სოსო.

 

 

– თქვენი  მეგობრები ხუმრობენ, რომ თქვენ უფრო ხშირად გათავისუფლებდნენ სამსახურებიდან, ვიდრე გნიშნავდნენ. როგორ ხდებოდა ეს?

 

 

 

– როგორც კი სახელმწიფო თანამდებობაზე დამნიშნავდნენ, დედაჩემი მებუტებოდა და ამ ამბით სულ შეწუხებული იყო ხოლმე, ხოლო როცა ამა თუ იმ თანამდებობიდან მიშვებდნენ, ჩემი თანაკლასელები გაშლილი სუფრით მხვდებოდნენ.  

 

 

სხვადასხვა დროს მიშვებდნენ სხვადასხვა თანამდებობებიდან და არც ერთი ჩემი განრიდება არ ყოფილა მიჩუმათებული, მაგრამ ყველაზე ხმაურიანი იყო მეცნიერებათა და ტექნიკის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება, რაც უკავშირდება თენგიზ აბულაძის შედევრს „მონანიებას“.

 

 

- თქვენი ყურადღების ქვეშ სამი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდმა გაიარა...

 

 

– როდესაც ორი პრეზიდენტის მერე ახალგაზრდა კაცი, სააკაშვილი მოვიდა თანამდებობაზე, ამ ფაქტს დიდი აღტაცებით შევხვდი. ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდები შეძლებდნენ, ქვეყანა უფსკრულიდან ამოეყვანათ. სააკაშვილთან ერთი თხოვნა მქონდა მაშინ, რომელიც მან არ შეასრულა. როგორც კი პრეზიდენტი გახდა, ერთი კვირის მერე ვახშამზე მიმიწვია. ვსაუბრობდით... დამშვიდობებისას მკითხა, ხომ არ მქონდა მასთან რაიმე რჩევა ან თხოვნა. მე ვთხოვე - ნუ გაიმეორებ შენი ორი წინამორბედი პრეზიდენტის შეცდომას და ნუ აღმოჩნდები შენი გარემოცვის გამო პოლიტიკურ საფლავში. შენ არავის მიმართ არ გაქვს ვალდებულებები, რაც გაიძულებს, ის აკეთო, რაც შენთვის და შენი ქვეყნისთვისაა მიუღებელი-თქო. მისი პასუხი გამაოგნებელი აღმოჩნდა. მან სრულიად გულწრფელად მითხრა – ბატონო სოსო, რომ იცოდე, რა ხალხი მყავს „ნაციონალურ მოძრაობაში“,  ყველას თუ არ მივხედე და ყველა არ დავაბინავე, ამ ქვეყანაში არც მე დამედგომება და არც თქვენო.

 

 

გაოგნებული წამოვედი, კრინტი არ დამიძრავს. მას მერეც ნახევარი წლის განმავლობაში არ გამიკრიტიკებია ახალბედა პრეზიდენტი, რომელსაც ტაშს უკრავდა მისი გარემოცვა.  

 

 

ამის მერე სააკაშვილმა გაითავისუფლა გარემო და გვერდით დაიყენა თანამზრახველები, რის შემდეგაც მე მის კრიტიკას არ მოვრიდებივარ, სააკაშვილის და მისი ხელისუფლების კრიტიკის 10-წლიანი სტაჟი მაქვს, რაც არ იყო მათთვის კარგი მოსასმენი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამ წლების განმავლობაში  ჩემს მიმართ არცერთი უდიერი გამონათქვამი, არც ერთი შანტაჟის მცდელობა და უსაფუძვლო საყვედური არ ყოფილა. საკმაოდ დელიკატურად აღიქვამდნენ ჩემს კრიტიკას. მე ამ წლების განმავლობაში მათთან ისეთი ურთიერთობა შევინარჩუნე, როგორიც შეეფერებათ მათი მშობლების შვილებს და არა როგორც პოლიტიკოსებს. მათთან ასეთი ურთიერთობა კი, შესაძლოა, ძალიან ბევრმა ექსპერტმა ინატროს.  

 

 

– ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი რატომ იყავით?

 

 

– მე ისე დავინიშნე პირველ თანამდებობაზე, კომიტეტის თავმჯდომარედ, რომ  შევარდნაძესთან კონტაქტი არ მქონია. მერეც ურთიერთობა მქონდა დაუსწრებელი ფაკულტეტის სტუდენტის მსგავსად. გამსახურდიას საქართველოდან წასვლის მერე მომიწია მოსკოვში ჩასვლა, თენგიზ სიგუასთან ერთად, მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე შევარდნაძესთან მიჰქონდათ ამბავი, თითქოს მე ვიყავი მისი საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი. დააჯერეს შევარდნაძე - ყველას უნდიხარ საქართველოში, სოსო ცისკარიშვილის გარდაო. მან იცოდა, ვინ ვიყავი, ჩემი სიმამრის დიდი დამსახურებაა, რომ შევარდნაძემ პოლიტიკური კარიერა წარმატებით გაიარა ჯერ კიდევ კომკავშირლობის პერიოდიდან მოყოლებული.

 

 

მე მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი არ ვიყავი, მაშინდელ საკადრო  რეალობაში მე შევარდნაძეზე უკეთესი არავინ მეგულებოდა. შევარდნაძის ფასი მომავალში  უფრო ამაღლდება, რადგან დადგება ჟამი, როცა მხოლოდ მის პოზიტიურ ქმედებებზე ისაუბრებენ.

 

 

– ბატონო სოსო, თქვენს მიერ განვლილი ცხოვრების გზით თუ ხართ კმაყოფილი, რამდენად შეძელით, ამ ხნის განმავლობაში თქვენი შესაძლებლობები გამოგევლინათ?

 

 

– ნამდვილად არ ვარ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო. ჭკუასუსტი კმაყოფილების გამოვლინებაც არ არის ეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაქვს სიმდიდრე, რომელსაც სინდისის ქენჯნის გარეშე დავუტოვებ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს.

 

 

– თუ თვლით თქვენი ცხოვრების რომელიმე ეტაპს შეცდომად?

 

 

– გარკვეულ პასიურობას ვთვლი შეცდომად. იყო პერიოდი, როცა უფრო აქტიური უნდა ვყოფილვიყავი. იმ სასჯელის გამო, რომელიც მივიღე ფილმ „მონანიების“ ასლის შექმნისას, ვერ მოვახერხე სადისერტაციო ნაშრომის შექმნა, იმიტომ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ მომცეს დახასიათება, რომელიც საჭირო იყო გაფორმებისთვის.

 

 

– შეაფასეთ – ვინ არის სოსო ცისკარიშვილი?

 

 

– ვარ ერთი „ასვალტოიდი“ თუში.  ჩემდა სამწუხაროდ, მხოლოდ 64 წლის ასაკში პირველად მოვახერხე მთა-თუშეთში ასვლა. თუშებს ჩემდამი გენეტიკური წყენა აქვთ. ბებიაჩემი  იმერელი იყო და ამბობდნენ, რომ პაპაჩემმა თუშებს უღალატა და ქართველი ქალი არ მოიყვანაო. იმ პერიოდის თუშები, თუ ქალი თუში არ იყო, ქართველად არ თვლიდნენ და ამის გამო იყვნენ გაბრაზებულები. ასეთ ვალში ვარ თუშებთან და არც კი ვიცი, ვარ თუ არა ამ ვალის გამსტუმრებელი. ამიტომ, არ მოვერიდები, შევუფუცხუნო ჩვენს ხელისუფლებას, სამი წლის წინ დაპირებული მთის კანონი აქციონ რეალობად. მთას თუ ზურგს შევაქცევთ, მერწმუნეთ, მალე ქართული სალოცავები მთებში იშვიათობა იქნება, რადგან უკვე მთა-თუშეთის ქედებზე მკაიოდ ჩანს ისეთი ნაგებობები, რომლებსაც სრულიად არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანობასთან. თუ რაიმეს ვუთვლი შეცდომად ჩემს თავს, ეს არის ურთიერთობის დეფიციტი თუშებთან.

 

 

 


ინტერვიუს ვიდეო-ვერსია:






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016