ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა...
რეზო დავითის ძე ჩხეიძე 1926 წლის 8 დეკემბერს, ქ.ქუთაისში დაიბადა.
იგი დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის, დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი - დია ჩიანელი) ოჯახში.
1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე" (1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა" (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს რტო" და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).
გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო" (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), „მაია წყნეთელი" (1959), „განძი" (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „ზღვის ბილიკი" (1962),„ჯარისკაცის მამა" (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), „ღიმილის ბიჭები" (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან" ერთად, 1970), „ნერგები" (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), „მშობლიურო ჩემო მიწავ!" (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.
ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის" დირექტორი.
„რეპორტიორი" უერთდება საყოველთაო მწუხარებას და უსამძიმრებს დიდი არტისტის ოჯახს.