reportiori.ge - საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება: ისტორია და თანამედროვეობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:50
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება: ისტორია და თანამედროვეობა
ავტორი:
05 მაისი, 2015. 13:45


შინაარსი

შესავალი
დასავლური კურსი რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით
სპეცოპერაცია მოსკოვში საქართველოს საელჩოს წინააღმდეგ
გრიგოლ ურატაძის წარმატებული მოსკოვური ვიზიტი
„საქართველო-რუსეთის საზღვარი გადის მდინარე ფსოუს გასწვრივ..."
რუს და აფხაზ მკვლევართა „აღმოჩენა"
საქართველო-რუსეთის საზღვრის დღევანდელი მდგომარეობა

  •  

 

 

შესავალი

 

 

„მოქალაქენო! რუსეთს და საქართველოს შორის ზავის ხელშეკრულება დაიდო.... ბოლოს და ბოლოს, ჩვენმა სამართლიანმა საქმემ გაიმარჯვა და ჩვენმა ცდამ ნაყოფი გამოიღო... საზღვრების საკითხი გადაწყვეტილია საქართველოსთვის ხელსაყრელ პირობებში... არც რუსეთს და არც საქართველოს, თუ მათი მმართველი წრეები შეიგნებენ თავიანთი ხალხების ობიექტურ ინტერესებს, არ აქვთ სადავო საკითხები, რომელთა გადაჭრა შეუძლებელი არ იყოს მორიგებით და მოლაპარაკებით..." - ეს სიტყვები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა თითქმის 95 წლის წინათ, საქართველოს დამფუძნებელი კრების 1920 წლის 11 მაისის სხდომაზე წარმოსთქვა, როცა მან ქართველ პარლამენტარებს მთავრობის სახელით საგანგებო განცხადება გააცნო მოსკოვში 7 მაისს რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შესახებ.

 


ცხრა ათეულ წელზე მეტი ხნის წინ მოსკოვში ხელმოწერილ ამ საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტს დღემდე თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს, უფრო მეტიც - თანამედროვე პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, მასში დაფიქსირებული ზოგიერთი პრინციპი ამჟამადაც აქტუალურია და ქართულ-რუსული ორმხრივი ურთიერთობების პრობლემატიკაში გარკვეულწილად პრეცედენტის როლის შესრულებაც შეუძლია.



2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსულენოვან მასმედიასა და სამეცნიერო-პოპულარულ გამოცემებში მნიშვნელოვნად იმატა 7 მაისის ხელშეკრულებისადმი ინტერესმა, იმავდროულად გაძლიერდა აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული დებულებების მიკერძოებული ინტერპრეტირება, წინასწარგამიზნული დამახინჯება და საბოლოო ჯამში - შეგნებულად მცდარი დასკვნების გაკეთება. რუსი ექსპერტები და პოლიტოლოგები ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ ხელშეკრულების იმ მუხლზე, რომელიც მდინარე ფსოუზე გამავალ საქართველო-რუსეთის გამმიჯნავ საზღვარს ეხება და ეჭვქვეშ აყენებენ აფხაზეთის ყოფნას საქართველოს შემადგენლობაში 1920 წელს.



ნათელია, რომ რუსი ავტორების მოქმედება მიმართულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის დისკრედიტაციისაკენ და იმ ისტორიული ჭეშმარიტების უარყოფისაკენ, რომელიც ზემოაღნიშნული საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტის მუხლებშია გამოხატული. სიმართლის აღდგენის მიზნით შევეცდებით, განვიხილოთ და გავაანალიზოთ რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგების მტკიცებები და დავარწმუნოთ მკითხველი იმაში, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების ნააზრევი უფრო ტენდენციური და კონიუნქტურულია, ვიდრე ობიექტური და მიუკერძოებელი კვლევის შედეგი.



სანამ უშუალოდ საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების ზოგიერთი დებულების ანალიზზე და ამ დოკუმენტით გადაწყვეტილ აფხაზეთის საკითხზე გადავალთ, უპრიანი იქნება, გადავიხედოთ 1918-20 წლების დროინდელ კავკასიის რეგიონში, ვნახოთ, რა ხდებოდა საქართველოს ჩრდილოეთით და მოკლედ მიმოვიხილოთ ის საერთაშორისო-პოლიტიკური ვითარება, რომელიც წინ უძღოდა თბილის-მოსკოვის შეთანხმების გაფორმებას, გავარკვიოთ, რამ განაპირობა ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეების დაახლოებისა და „მშვიდობის დამყარების" სურვილი.



დასავლური კურსი რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით

 


მართალია, საქართველოს მთავრობამ, დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისა და დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, შექმნილი საერთაშორისო სიტუაციის კვალობაზე, პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსის გატარება დაიწყო, მაგრამ პარალელურად მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ყოფილ მეტროპოლიასთან - რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. ამ მიზნით 1918 წლის 11 ივნისს მოსკოვში გაიგზავნა დიპლომატიური მისია პარლამენტის წევრის გაბრიელ ხუნდაძის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ იმ ხანებში რუსეთის ხელისუფლება, გერმანიასა და მის მოკავშირეებთან დადებული ბრესტის ზავის პირობების გათვალისწინებით, ძალზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ბერლინი, კონსტანტინოპოლთან ერთად, კავკასიაშიც დომინირებდა, მაშინ ნათელი იქნება, თუ რატომ გახდა კრემლი იძულებული, დათანხმებოდა ქართველი დიპლომატების მოსკოვში მიღებას და მათთან საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ გიორგი ჩიჩერინის, აგრეთვე კამენევის, ზინოვიევის მეშვეობით გარკვეული კონტაქტების დაწყებას.



პირველ ეტაპზე ქართული მისია შეეცადა, მოესინჯა ნიადაგი, თუ რამდენად იყო შესაძლებელი რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, მაგრამ მოსკოველი ხელისუფალნი ყოყმანობდნენ, დროს აჭიანურებდნენ, ზოგჯერ კი აგრესიულობასაც ამჟღავნებდნენ: მაგალითად, რუსეთის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსეი რიკოვმა გაბრიელ ხუნდაძეს დაუფარავად განუცხადა, რომ იგი საქართველოს განადგურების მომხრეა და ყოველ ზომას გამოიყენებს, რათა ქართველთა კონტრრევოლუციური მთავრობა რუსეთის მიერ იურიდიულად აღიარებული არ იქნეს.



თუ გავითვალისწინებთ ქართული დიპლომატიური მისიის სტატუსს, აგრეთვე გაბრიელ ხუნდაძის მოლაპარაკებების ხასიათსა და დონეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, შეიძლება ითქვას, რომ 1918 წლის ზაფხულიდან დაწყებული, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტური რესპუბლიკამ (რსფსრ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-ფაქტოდ აღიარა. ამას ადასტურებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში საკონსულოების გახსნის ფაქტიც, ქართველთა უფლებების დაცვის მიზნით.



სპეცოპერაცია მოსკოვში საქართველოს საელჩოს წინააღმდეგ

 

 

პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებამ, ბუნებრივია, ანტანტის გავლენის გაფართოება გამოიწვია. კავკასია და საქართველო ამჯერად დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ინტერესებში მოექცა. შესაბამისად, თბილისი დასავლელი დიპლომატების აქტივობის ცენტრი გახდა. ანტანტა საქართველოს ანტირუსულ პლაცდარმად განიხილავდა. ეს ნიშნავდა, რომ ფაქტობრივად რუსეთი და საქართველო კვლავ სხვადასხვა პოლუსებზე აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, ვითარებას ისიც ამწვავებდა, რომ ანტანტა სამხედრო-პოლიტიკური დახმარებას უწევდა ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიას. ამგვარი ვითარება, ცხადია, თავის უარყოფით გავლენას მოხდენდა საქართველოს დიპლომატიური მისიის საქმიანობაზეც.



მართლაც, რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში მყოფი საქართველოს დიპლომატიური მისიის წევრების მიმართ ჯერ დამოკიდებულება გაამკაცრა, შეუზღუდა გადაადგილება, გააუქმა ადრე გაცემული ნებართვები, შემდეგ კი საქმეში საგანგებო კომისიის („ჩეკა") წარმომადგენლები ჩაერთვნენ: 1919 წლის 30 ივნისს მოსკოვის ჩეკამ ქართველი დიპლომატების წინააღმდეგ საგანგებო სპეცოპერაცია განახორციელა, შეიჭრა მისიის შენობაში და ყველა დიპლომატი დააპატიმრა. იგივე მოქმედება განხორციელდა პეტროგრადში მოქმედი საქართველოს საკონსულოს პერსონალის მიმართაც.



კრემლმა საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა: დიპლომატები იმ შემთხვევაში გათავისუფლდებოდნენ, თუ თბილისი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო დაპატიმრებულ ბოლშევიკებს ციხიდან გამოუშვებდა. საბოლოოდ, სიტუაცია ორმხრივი კომპრომისით განიმუხტა და ქართველი დიპლომატები 1919 წლის ივლისის ბოლოს სამშობლოში დაბრუნდნენ. ამ დროიდან მოყოლებული რუსეთთან საქართველოს პირდაპირი კონტაქტები თითქმის ერთი წლით შეწყდა.



გრიგოლ ურატაძის წარმატებული მოსკოვური ვიზიტი

 


1920 წლის გაზაფხულზე ჩრდილოეთ კავკასიასა და შავიზღვისპირეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში რუსეთის წითელმა არმიამ მნიშვნელოვანი საბრძოლო წარმატებები მოიპოვა. საბჭოთა ზონა უშუალოდ მოუახლოვდა საქართველოს ტერიტორიას - დაღესტანს, სოჭს, ყუბანსა და თერგის ოლქებს უკვე კრემლი აკონტროლებდა. საჭირო გახდა რსფსრ-სთან ურთიერთობების დარეგულირება. სწორედ ამ დროიდან იწყება რუსეთ-საქართველოს პირდაპირი კავშირების ახალი ეტაპი. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის დეპეშებმა, რომლებშიც გიორგი ჩიჩერინი საქართველოს თეთრგვარდიელებთან თანამშრომლობას საყვედურობდა. საპასუხო ნოტებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა უარყო ამგვარი ბრალდება და მოსკოვს საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო მტრული მოქმედებებისაგან თავის შეკავება ურჩია, განსაკუთრებით კი გაგრის რაიონის მიმართ, რომელსაც, სხვადასხვა წყაროების თანახმად, რუსეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევდა. ქართველმა მინისტრმა მზადყოფნა გამოხატა რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების მიზნით, რათა ყველა პრობლემატური საკითხი მშვიდობიანად გადაჭრილიყო.



საინტერესო ფაქტია, რომ გიორგი ჩიჩერინი ევგენი გეგეჭკორის მოთხოვნას გაგრის თაობაზე ყოველგვარი წინააღმდეგობისა და დისკუსიის გარეშე დათანხმდა: თბილისში გამოგზავნილ ნოტაში ნათქვამი იყო, რომ „რუსეთს საქართველოსთან ომისა და მის ტერიტორიაზე შეჭრის არავითარი სურვილი და განზრახვა არ აქვს". მართალია, რუსეთისათვის გაგრის იურიდიული კუთვნილების საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩებოდა, მაგრამ ჩიჩერინი მზადყოფნას აცხადებდა, მიეღო საქართველოს მთავრობისაგან მონაცემები გაგრის რაიონის საზღვრების შესახებ, რათა წითელი არმიის ადგილობრივ მეთაურებს ეს სცოდნოდათ და არ დაერღვიათ.



ამ დიპლომატიური მიმოწერის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი კი ის იყო, რომ რუსეთი დათანხმდა საქართველოს წინადადებას სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.



რამ გამოიწვია მსოფლიო პერმანენტულ რევოლუციაზე მეოცნებე ბოლშევიკების „თბილი დამოკიდებულება" საქართველოს მიმართ? სულ რაღაც რამდენიმე თვის წინათ ხომ მათ ქართველთა დამოუკიდებლობის ოფიციალურ, დე-იურედ აღიარებაზე ლაპარაკიც არ სურდათ. გარდა ამისა, 1920 წლის მაისამდე ხომ მოსკოვს არცერთ უშუალოდ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები არ დაუწყია და არც ორმხრივი დოკუმენტები გაუფორმებია? მაინც რამ აიძულა კრემლი, თბილისთან კონტაქტებზე წამოსულიყო?



რუსეთის ამგვარი უპრეცედენტო ნაბიჯის მიზეზები ერთი მხრივ - აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილ ვითარებასა და მეორე მხრივ - საქართველოსა და რუსეთის საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსში უნდა ვეძიოთ. საქმე იმაშია, რომ 1920 წლის 17 აპრილს დაიწყო რუსეთ-პოლონეთის ომი და შესაბამისად, მოსკოვს სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოება ჰაერივით სჭირდებოდა, რათა ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული წითელი არმიის ნაწილები პოლონეთის ფრონტზე გადაესროლა; თავის მხრივ, თბილისისათვის ასევე სასურველი და აუცილებელი იყო ტერიტორიული მთლიანობისა და ჩრდილოეთი საზღვრების დაცვა-განმტკიცების იურიდიული გარანტიები. გარდა ამისა, აშკარაა, რომ საქართველოსთან სრულფასოვანი პოლიტიკური-სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დამყარება რუსეთის ტაქტიკურ ინტერესებშიც შედიოდა რადგან ა) საქართველო რეგიონში შედარებით უფრო სტაბილური და განვითარებული სახელმწიფო იყო და ბ) საქართველოს, შეიძლება ითქვას, რუსეთისათვის დასავლეთ ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდის როლის შესრულებაც შეეძლო. მართლაცდა, თუ 95 წლის წინანდელ მოვლენებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იმ დროისათვის საქართველოს საერთაშორისო-სამართლებრივი მდგომარეობა პროგრესს განიცდიდა, მაშინ როცა რუსეთი სრულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ იზოლაციაში იმყოფებოდა. საკმარისია ითქვას, რომ 1920 წლის მაისისათვის საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აქტიურად მონაწილეობდა ევროპულ პოლიტიკაში, თბილისი სავსე იყო უცხოური დიპლომატიური მისიებით, რუსეთისათვის კი „ევროპის ფანჯარა" ისევ დაიხურა, პეტროგრადი და მოსკოვი საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობებისაგან თითქმის დაცლილი იყო. შესაბამისად, რუსეთისათვის გარკვეულწილად სასარგებლო იქნებოდა როგორც საქართველოს პროდასავლურ მთავრობასთან ურთიერთობის დამყარება, ასევე თბილისში აკრედიტებულ უცხოურ მისიებთან პირდაპირი კონტაქტების შესაძლებლობა.



აი, ასეთი სიტუაციისა და გარემოებების გათვალისწინებით, ორივე სახელმწიფომ ურთიერთობების მოგვარება გადაწყვიტა. 1920 წლის აპრილის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ბრძანებით, პარლამენტის (დამფუძნებელი კრების) წევრი გრიგოლ ურატაძე ხელმძღვანელობდა, მოსკოვში ჩავიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებთან და მთავრობის სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთკვირიანი შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად მომზადდა საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო (საზავო) ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც გრიგოლ ურატაძემ და რსფსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლევ კარახანმა (კარახანიანმა) ხელი მოაწერეს 1920 წლის 7 მაისს, გვიან ღამით, მოსკოვის დროით 23 საათსა და 20 წუთზე. სხვათაშორის, ლევ კარახანი თბილისში დაბადებულ-გაზრდილი სომეხი იყო...


საქართველო-რუსეთის საზღვარი გადის მდინარე ფსოუს გასწვრივ..."

 


საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს სახელით - დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ურატაძემ და რუსეთის სახელით - საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილემ ლევ კარახანმა, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ორმხრივ ურთიერთობებში, ამიტომ მას შედარებით ვრცლად შევეხებით.



ხელშეკრულება შედგება პრეამბულისა და ძირითადი ნაწილისაგან (სულ 16 მუხლი).

პრეამბულაში მითითებულია ხელშეკრულების დადების ძირითადი მიზანი - „საერთო მისწრაფება ორი ქვეყნის ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის", დასახელებულია აგრეთვე ხელმომწერი მხარეების უფლებამოსილი პირები.



ძირითადი ნაწილის პირველი მუხლის თანახმად, „რუსეთი უსიტყვოდ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და უარს ამბობს ყოველგვარ უფლებებზე ქართველი ხალხისა და მისი ტერიტორიის მიმართ".



მეორე მუხლით, რუსეთი „ვალდებულობს, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში".



მესამე მუხლში მოცემულია საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიების გამმიჯნავი ხაზი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის გადის  მდინარე ფსოუზე... ამავე მუხლში აღნიშნული იყო, რომ საზღვრების ზუსტად გავლება და მისი მონიშვნა რუკებზე (ანუ დელიმიტაცია) უნდა მოეხდინა ორმხრივ შერეულ კომისიას (აქვე ვიტყვით, რომ შერეული კომისია არ შექმნილა და არც დელიმიტაცია განხორციელებულა).



მეოთხე მუხლით, რუსეთი თანახმა იყო, ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, საქართველოს შემადგენლობაში ეღიარებინა ყოფილი თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების ყველა ნაწილი - ბათუმის, სოხუმისა და ზაქათალის ოლქები, აგრეთვე ყოფილ კავკასიის სამეფისნაცვლოში ადრე შემავალი ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს მომავალში შემოუერთდებოდა.



ხელშეკრულების დანარჩენი მუხლებით რეგულირდებოდა დიპლომატიური, სამხედრო-პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები:



საქართველოსა და რუსეთს შორის მყარდებოდა ნორმალური დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები; მხარეები პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ ერთმანეთის სახელმწიფო გერბს და დროშას; ერთმანეთის ტერიტორიაზე არ უნდა დაშვებულიყო მტრული ორგანიზაციების საქმიანობა; სპეციალური შეთანხმებით უნდა მომხდარიყო რუსეთში მცხოვრები ქართველებისა და ქართული წარმოშობის მქონე პირების ოპტაცია (მოქალაქეობის არჩევა), დაწესდა ვაჭრობის საუკეთესო ხელშემწყობი რეჟიმი და უბაჟო სტატუსი სატრანზიტო საქონლისათვის (ამ პრინციპის რეალიზებისათვის ხელი მოწერებოდა სპეციალურ შეთანხმებას); უნდა მოგვარებულიყო სხვადასხვა საჯარო სამოქალაქო-სამართლებრივი და კერძო სამოქალაქო-სამართლებრივი საკითხები, მათ შორის რუსეთის ცენტრალური არქივებიდან საქართველოსთვის საჭირო დოკუმენტების გამოვლენა-დაბრუნება და სხვა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება არ საჭიროებდა განსაკუთრებულ სარატიფიკაციო პროცედურებს და ძალაში შედიოდა მასზე ხელმოწერისთანავე.



აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებაში არის ისეთი დებულებები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, თავსმოხვეულია რუსეთის მიერ და სხვადასხვა მიზეზების გამო  საქართველო იძულებული გახდა, დათანხმებულიყო. მაგალითად, მე-10 მუხლით საქართველო ვალდებულებას იღებდა, გაეთავისუფლებინა სასჯელისაგან ყველა ის პიროვნება, რომლებიც რუსეთის კომპარტიის სასარგებლოდ მოქმედებდა (ამ მუხლის საფუძველზე დაიდო დამატებითი შეთანხმება კომუნისტთა საქმიანობისა და მათი ბეჭდვითი ორგანოების ლეგალიზების თაობაზე).



კიდევ ერთი „უხერხული მომენტი", რომელიც თან ახლდა 7 მაისის ხელშეკრულების დადების პროცესს, ზაქათალის ოლქს ეხებოდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის დროს აზერბაიჯანში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკვე ოკუპაციური რეჟიმი ბატონობდა, შესაბამისად, ზაქათალის ოლქი (საინგილო) უკვე წითელი არმიის ნაწილებს ჰქონდათ დაკავებული (ობიექტურობის პრინციპი რომ არ დავარღვიოთ, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ზაქათალას კი მიიჩნევდა საკუთარ ტერიტორიად, მაგრამ, 1918 წლიდან მოყოლებული, ოლქის ტერიტორიას ფაქტობრივად ვერ აკონტროლებდა. მიზეზი ის იყო, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება აზერბაიჯანის მუსავატურ მთავრობასთან).



როგორც კი ბაქოში საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების დადების ამბავი გაიგეს, იქაურმა კომუნისტებმა, რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროს ზოგიერთი წევრის წაქეზებით, პროტესტი გამოთქვეს ზაქათალის ოლქის კუთვნილების საკითხის საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტის გამო და მოსკოვს თავიანთი კატეგორიული უარყოფითი პოზიცია აცნობეს. შესაბამისად, რუსეთის საგარეო საქმეთა სახკომის წარმომადგენელთა თხოვნით, საქართველოს დელეგაცია იძულებული გახდა, კვლავ განეახლებინა მოლაპარაკება „ახალი გარემოებების" გამო. 7 მაისის ხელშეკრულების ჩარჩოებში 12 მაისს კიდევ ერთი დამატებითი შეთანხმება დაიდო, რომელიც ზაქათალის ოლქის სტატუსს ეხებოდა. ამ ახალი დოკუმენტის პირობებით, ფაქტობრივად გაუქმდა ზაქათალის ოლქის საქართველოსადმი კუთვნილება და ის სადავო ტერიტორიად ცხადდებოდა. შესაბამისად, საინგილოს პრობლემა აზერბაიჯანთან უნდა გარკვეულიყო შერეული კომისიის მეშვეობით (წევრთა თანაბარი რაოდენობით ორივე მხრიდან), რომელსაც რუსეთის წარმომადგენელი უხელმძღვანელებდა. 12 მაისის დამატებითი შეთანხმება 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად იქნა მიჩნეული.



აქვე ვიტყვით, რომ დამატებითი შეთანხმება, ბუნებრივია, საქართველოსთვის წამგებიანი იყო: შერეული კომისიის წევრთა თანაბარი რაოდენობის დროს საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი (ანუ კომისიის თავმჯდომარე), ცხადია, საბჭოთა აზერბაიჯანის მხარეს დაიკავებდა და საკითხების გადაწყვეტა, ხმების უმრავლესობით, ანტიქართულად მოხდებოდა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ კომისია საერთოდ არ შეკრებილა და შესაბამისად, ზაქათალის იურიდიული კუთვნილების საკითხი ღიად დარჩა (რეალურად კი მას, რა თქმა უნდა, ბაქო აკონტროლებდა). საბოლოოდ, საინგილო აზერბაიჯანს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადაეცა (ეს ცალკე ისტორიაა).



ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ხელშეკრულების დადება 11 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა აცნობა. იმ მომენტისათვის დამფუძნებელი კრების დეპუტატები ჯერ კიდევ არ იცნობდნენ დოკუმენტის სრულ ტექსტს, მის დამატებებს, ამიტომ მინისტრის მიერ გამოცხადებული ხელშეკრულების ზოგადი დებულებების განხილვა და აზრის გამოთქმა უმტკივნეულოდ წარიმართა. სხდომის ერთხმად მიღებული რეზოლუციის თანახმად, „მოისმინა რა გარეშე საქმეთა მინისტრის განცხადება საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს რესპუბლიკას შორის საზავო ხელშეკრულების დადების შესახებ, დამფუძნებელი კრება იწონებს მთავრობის პოლიტიკას, კმაყოფილებას გამოსთქვამს რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულების დამყარების გამო და დარწმუნებულია, რომ მთავრობა განაგრძობს სათანადო ზომების მიღებას რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და მისი საზღვრების დასაცავად".



მოგვიანებით, როცა მოსკოვიდან თბილისში ჩამოსულმა გრიგოლ ურატაძემ სრული ტექსტი ჩამოიტანა, ქართულად ითარგმნა და პრესაში გამოქვეყნდა (1920 წლის 8 ივნისს), აი მაშინ ატყდა დავიდარაბა და კრიტიკა მთავრობის მიმართ, უმეტესად ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით ეროვნულ-დემოკრატები და ესერები, ყურადღებას ამახვილებდნენ რა ზაქათალის ოლქის კუთვნილებისა და კავკასიის უღელტეხილების ნეიტრალიზაციას საკითხზე, ამით ხაზს უსვამდნენ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ საქართველოსათვის საზიანო პირობებს.



7 მაისის დოკუმენტის საფუძველზე ხელი მოეწერა საქართველო-რუსეთის სავაჭრო შეთანხმებას (1920 წლის 14 ნოემბერს), მოქალაქეთა ოპტაციის შესახებ (1920 წლის 9 დეკემბერს) და სხვა ორმხრივ დოკუმენტებს.



მიუხედავად ზოგიერთი უარყოფითი მომენტისა, საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის, რადგან რუსეთის, როგორც ყოფილი მეტროპოლიის მიერ დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულად აღიარებამ საერთაშორისო ასპარეზზე დადებითი შედეგი მოიტანა - საბოლოო ჯამში საქართველო 1921 წლის 24 იანვარს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმაც იურიდიულად აღიარეს. ეს დოკუმენტი საქართველოს დიპლომატიის უახლეს ისტორიაში, შეიძლება ითქვას, პირველი ჩარჩო-ხელშეკრულებაა, რომელშიც კონკრეტულადაა მოცემული საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტი უცხოეთის სახელმწიფოს მიერ და იმავდროულად მკაფიოდაა დაფიქსირებული როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ასევე სახელმწიფო საზღვრებიც.



1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, რადგან მისი მოქმედების ვადა სპეციალურად არაა მითითებული, ფორმალურად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ უვადოა. გარდა ამისა, მისი გაუქმება-დენონსირება ფაქტობრივად არანაირი სამართლებრივი აქტით არ მომხდარა არც საქართველოს და არც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ. შეიძლება ითქვას, რომ ფორმალურად ორმხრივი დოკუმენტი ამჟამადაც ძალაშია, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და რუსეთ-საქართველოს საზღვრის ზოგადი კონტურებისა და მიმართულების საკითხში. როგორც ჩანს, ხელშეკრულება ფორმალურად მოქმედებდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების (ფაქტობრივი ოკუპაციის) შემდეგაც: ქართველმა ბოლშევიკებმა, სანამ საქართველო ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციასა და შემდეგ სსრ კავშირის შემადგენლობაში შევიდოდა, საბაჟოები და სასაზღვრო-გამშვები პუნქტები რუსეთთან სწორედ 7 მაისის დოკუმენტის მესამე მუხლში მოცემული საზღვრის თანახმად დააწესეს. ძირითადად იგივე საზღვარი დარჩა 1922 წლის შემდეგაც, როცა საქართველო უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოექცა (ოღონდ საზღვარმა უკვე მოკავშირე რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის სტატუსი მიიღო).



ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მიკერძოებულად და ტენდენციურადაა განხილული საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგების სტატიებში, რომლებიც განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ მომრავლდა. პუბლიკაციებში ეჭვქვეშაა დაყენებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულების სამართლიანობა და 1920 წელს საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის არსებობის ფაქტი.



რუს და აფხაზ მკვლევართააღმოჩენა"

 

 

საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების რევიზიის ერთ-ერთი პირველ მცდელობას წარმოადგენს ტარას შამბასა და ალექსანდრე ნეპროშინის ვრცელი ნაშრომი სათაურით „აფხაზეთი: სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის სამართლებრივი საფუძვლები", რომელიც ცალკე წიგნადაც გამოიცა. ნიშნადობლივია, რომ ორივე ავტორი რუსეთში მოღვაწეობს და, რასაკვირველია, თვით წიგნიც პრორუსული, პროაფხაზური და ანტიქართული ხასიათისაა: პატივცემული პროფესორები ყველანაირად ცდილობენ, მიჩქმალონ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის ფაქტი და ამ მხრივ არ ერიდებიან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებისა და მოვლენების კონიუნქტურულ, მიკერძოებულ და ტენდენციურ გაშუქებას, მათ უხეშ ინტერპრეტაციას და ამით არსებული ჭეშმარიტების დევალვაციას ეწევიან. მათი მთავარი დებულება ისაა, რომ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების გაფორმების მომენტში აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდაო (თითქოსდა „1920 წელს საქართველომ უცხო სახელმწიფოს (აფხაზეთის) ტერიტორია მიითვისა და ეს განახორციელა მესამე მხარესთან - რუსეთთან შეთქმულების საფუძველზე").



სამწუხაროდ, ტარას შამბასა და ალექსანდრე ნეპროშინის ერთობლივ ნაშრომში გადმოცემული ყალბი მტკიცებები საქართველოს მტრებისა და აფხაზთა სეპარატიზმის მხარდამჭერებისათვის ერთგვარ სამოქმედო სახელმძღვანელოდ იქცა.



საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების კრიტიკოსთა და აფხაზ სეპარატისტთა აქტიურ მხარდამჭერ თანამედროვე რუს ექსპერტ-პოლიტოლოგებს შორის გამოირჩევა ანატოლი ციგანოკი, სამხედრო და პოლიტიკური ანალიზის ინსტიტუტის თანამშრომელი, პოლკოვნიკი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს წევრიცაა. მან რუსეთის ელექტრონულ მასმედიაში რამდენიმე  სტატია გამოქვეყნა (მაგ. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები", „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეცდომები კავკასიის მიმართულებით" და ა.შ.), რომლებშიც იგი, სიტყვასიტყვით იმეორებს რა შამბა-ნეპროშინის ყალბ დებულებებს, მას საკუთარ ნააზრევსაც უმატებს და აფხაზეთს 1918 წლიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიჩნევს.



ანატოლი ციგანოკს ასევ ზუსტად აქვს გადაწერილი შამბა-ნეპროშინის შეფასებები 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შესახებაც. როგორც ჩანს, რუსმა მკვლევარმა თავი არ შეიწუხა დამატებითი საარქივო მასალების მოკვლევით, არ გადაამოწმა პატივცემული პროფესორების ნააზრევი და მკითხველს საკუთარ მტკიცებულებად წარუდგინა. პლაგიატორ ანატოლი ციგანოკის სტატიის დებულებები იგივეა - 1920 წელს საქართველოს აფხაზეთის ტერიტორია მიუთვისებია რუსეთთან შეთქმულების საფუძველზე.



კიდევ ერთი ავტორი, რომელიც საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების რევიზიას ცდილობს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის („მგიმო") შედარებითი პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი ელენა პონომარიოვაა. ამასთან, იგი ამ საკითხში მაინცდამაინც ორიგინალური არ არის - „მგიმო"-ს ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: სამომავლო ურთიერთობა საქართველოსთან" იგი იმავე ე.წ. „არგუმენტებით" სარგებლობს, რომლებიც მისმა წინამორბედებმა - შამბა-ნეპროშინ-ციგანოკმა მკითხველს საბოლოო ჭეშმარიტებად წარმოუდგინეს. ელენა პონომარიოვას მასალის გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ავტორმა სტატიის ტექსტი, უბრალოდ, რუსი პოლკოვნიკის მსგავსად, ჩვენთვის ცნობილი პროფესორების წიგნიდან გადაიწერა. არადა, „მგიმო"-ს დოცენტს შეეძლო ჩაეხედა არქივში, საკუთარი თვალით ენახა პირველწყაროები, წაეკითხა 1920 წლის აპრილ-მაისის რუსეთის ცენტრალური გაზეთები, გაცნობილიყო იმდროინდელ სამეცნიერო ლიტერატურას საერთაშორისო სამართლის სფეროში და დარწმუნდებოდა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულება სავსებით შეესაბამება იმ პერიოდში არსებულ საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებს.



აი, ასე „დასეირნობს" რუსული მედიის ინტერნეტ-სივრცეში არაობიექტურ მეცნიერთა მიერ ხელოვნურად გამოგონილი, უსაფუძვლოდ შეთხზული მტკიცებულებები, რომლებიც სახელმძღვანელოდ და უდავო ჭეშმარიტებადაა ქცეული.



დავუბრუნდეთ ისევ საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულებას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს.



1920 წლის ბოლოს ერთა ლიგაში განიხილებოდა ამ ორგანიზაციაში საქართველოს მიღების საკითხი. გაწევრიანების პროცესის პირველ ეტაპზე საკითხის განხილვა ე.წ. მეხუთე კომიტეტში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც მნიშვნელოვანი ყურადღება ექცეოდა სახელმწიფოს სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს - ტერიტორიებისადმი კონტროლს და მტკიცე, მყარი საზღვრების არსებობას, მეზობლებთან ტერიტორიული დავების არსებობას. კომიტეტის სხდომაზე მხედველობაში იქნა მიღებული, რომ საქართველოს საზღვრები რუსეთთან გარკვეულია და ამ მხრივ ჩრდილოელ მეზობელთან რაიმე მნიშვნელოვანი სადავო საკითხი არ არსებობს. ბუნებრივია, სხდომაზე არ დასმულა სოხუმის ოლქის კუთვნილების საკითხიც, რადგან კომიტეტის წევრებისათვის ნათელი იყო: აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა და მის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა. ასე რომ, რუსეთთან ერთად, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დასავლეთმაც უსიტყვოდ აღიარა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი დამოუკიდებელი აფხაზეთი არ არსებობდა, რომელიც, რუსი „აფხაზმცოდნეების" აზრით, თითქოსდა საქართველო-რუსეთის „შეთქმულების მსხვერპლი" გახდა!!!



საქართველო-რუსეთის საზღვრის დღევანდელი მდგომარეობა

 

 

ზემოთ უკვე ვთქვით, რომ 95 წლის წინათ ხელმოწერილი ხელშეკრულებით ოფიციალურად დადგენილი საქართველო-რუსეთის საზღვარი საბჭოთა პერიოდშიც თითქმის იგივე დარჩა, თუმცა მისი სტატუსი შეიცვალა - სახელმწიფოთაშორისოდან რესპუბლიკათაშორისოდ გარდაიქმნა, ანუ საზღვარმა საერთაშორისო-პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში საქართველოს რესპუბლიკურმა საზღვარმა ჩრდილოეთით საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა - დაზუსტდა ზოგიერთი მონაკვეთი (მაგ. გაგრის რაიონში, დუშეთის რაიონში), 40-იან წლებში კი, ჩრდილოკავკასიელ ხალხთა დიდი რეპრესიების დროს, სსრ კავშირის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს შემოუერთდა ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ტერიტორია (1944 წლიდან - ქლუხორის რაიონის სახელწოდებით) და ჩეჩნეთ-ინგუშეთის სამხრეთი ნაწილი (ახალხევის რაიონის სახელწოდებით). ეს ტერიტორიები 1957 წლისათვის კვლავ რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდა და საზღვარმა ისევ ძველი სახე მიიღო. გარკვეული ცვლილებები ხდებოდა მომდევნო წლებშიც, რაც ძირითადად სამეურნეო-სამშენებლო და მიწათსარგებლობის სფეროს ეხებოდა.



როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იურიდიულად ცნო 1992 წლის 1 ივლისს, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის დაფიქსირებით, 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით (სსრკ-ის დაშლამდე), შესაბამისად, აფხაზეთი იგულისხმებოდა ავტონომიურ რესპუბლიკად ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების დროს საქართველოს ტერიტორიის სახელმწიფო საზღვრად (რუსეთთან მიმართებით) სწორედ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით დაფიქსირებული ხაზი იგულისხმებოდა.



ბუნებრივია, როგორც ცივილიზებულ საერთაშორისო ურთიერთობებშია მიღებული, დღის წესრიგში დადგა საქართველო-რუსეთის საზღვრის დელიმიტაციის (რუკაზე ზუსტად მონიშვნა-განსაზღვრის) საკითხიც. ამ მიზნით გასული საუკუნის 90-იან წლების მიწურულს შეიქმნა საქართველო-რუსეთის ორმხრივი შერეული კომისია, რომელმაც საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა, დადგინდა საზღვრის ძირითადი ნაწილის ზუსტი კოორდინატები, დაფიქსირდა ზოგიერთი სადაო მონაკვეთი, რომელთა განხილვა და მოგვარება კომისიის სხდომებზე პერმანენტულად უნდა განხორციელებულიყო.



რამდენადაც ცნობილია, კომისიის ქართული მხარისათვის ყველაზე რთული აღმოჩნდა საქართველო-რუსეთის საზღვრის ის მონაკვეთები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ოსი და აფხაზი სეპარატისტები აკონტროლებდნენ.



საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შემდეგ ქართველ მესაზღვრეებს დატოვებინეს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის ერთადერთი უბანი, რომელსაც იცავდნენ - დალის (კოდორის) ხეობა და შესაბამისად, ეს ადგილებიც აფხაზ სეპარატისტებს ჩაუვარდათ ხელში.



ე.წ. დამოუკიდებელი „აფხაზეთის რესპუბლიკის" და რუსეთის ფედერაციის შეთანხმებით, დღეს საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთს რუსი და აფხაზი მესაზღვრეები ერთად იცავენ. აქვე შევნიშნავთ, რომ პრინციპში, რუსეთთან აფხაზებს დასაცავიც არაფერი აქვთ: თუ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მკვეთრ პრორუსულ ინტეგრაციულ პროცესებს გავითვალისწინებთ, განსაკუთრებით 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი მოკავშირეობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას, საზღვარს მხოლოდ სიმბოლური და ფორმალური ხასიათი აქვს.



ამჟამად საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა შეჩერებულია, რადგან ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია. პოლიტიკური ურთიერთობების მოუგვარებლობა, რასაკვირველია, ხელს უშლის ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის არსებული საზღვრის დაზუსტებასა და სპეციალური სასაზღვრო შეთანხმების გაფორმებას.



ვფიქრობთ, მოვა დრო და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარს, რომელიც  1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით იქნა აღიარებული, კვლავ საქართველოს ხელისუფლება გააკონტროლებს, კვლავ გაგრძელდება სასაზღვრო კომისიის მუშაობა და პრობლემები გადაწყდება. საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი პრეცედენტები საკმაოდ არსებობს...


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016