reportiori.ge - რა ქონება აქვს გარემოს დაცვის ახალ მინისტრს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:41
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა ქონება აქვს გარემოს დაცვის ახალ მინისტრს?
ავტორი:
05 მაისი, 2015. 15:13


„გიგლა აგულაშვილი - რამდენიმე საკითხი მინდა გაგიზიაროთ:


1. ახალი თანამდებობა არ შემცვლის 2. ისევ ვუპასუხებ ყველა ზარს. 3. დავრჩები „ფეისბუკზე" და სხვა საჯარო სივრცეებში. 4. გავზრდი ანგარიშვალდებულებას. 5. მივიღებ რჩევა-კონსულტაციებს. 6. ნეპოტიზმის ვირუსი არ შემეყრება. 7. პრემიას მხოლოდ გამორჩეულზე გავცემ განსაკუთრებული  დამსახურებისთვის. 8. აქტიურად ვითანამშრომლებ არასამთავრობო სექტორთან. 9. დაუნდობელი, მაგრამ სამართლიანი ვიქნები კანონდამრღვევთა მიმართ. 10. გავუფრთხილდები ყველა ღირსეულ პროფესიონალს!


გთხოვთ, გახდეთ საქართველოს „მწვანე გუშაგები". მომაწოდოთ ინფორმაცია, მომწეროთ, დამირეკოთ, დამიმესიჯოთ, თუ შეამჩნიეთ, დაინახეთ ან აღმოაჩინეთ კანონდარღვევა".


ეს გარემოს დაცვის ახალი მინისტრის გიგლა აგულაშვილის საზეიმო ფიცია, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მანამდე ჩინოვნიკის დეკლარაციები ვნახოთ. პირველი დეკლარაცია აგულაშვილს შევსებული აქვს 2001 წლის 24 აპრილს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის რანგში. ამის მიხედვით ვიგებთ, რომ 2001 წელს დღევანდელი პარლამენტარი ფლობდა 20 000 ლარად შეფასებულ ბინას თბილისში (მისამართი მინიშნებული არაა). ასევე, სააგარაკო მიწის ნაკვეთს საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში (7000 ლარი) და ამავე ფასად შეფასებულ ავტოფარეხს თბილისში. ქონებრივ დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია დეკლარანტის მფლობელობაში არსებული 22 000 ლარი, მეუღლის მფლობელობაში არსებული 30 000 ლარი, და შვილების მფლობელობაში არსებული 72 000 ლარი. აქვე ვკითხულობთ, რომ აგულაშვილს კახეთის საოლქო პროკურორის რანგში აღებული ჰქონდა 2 420 ლარი, ხოლო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოწყობილ სემინარებზე წაკითხულ ლექციებში კი-460 ლარი. აქვე ვნახულობთ, რომ გიგლას იჯარით ჰქონია აღებული მიწის ნაკვეთი (1920 ლარი) დედოფლისწყაროს რაიონულ გამგეობაში (2000-2050 წ.).


ახლა ვნახოთ პარლამენტარის ბოლოდროინდელი, 2014 წელს შევსებული დეკლარაცია:


გიგლა აგულაშვილი, დაბადებული საქართველოში, 1964 წლის 25 მაისს.


მეუღლე ქეთევან გილაშვილი, დაბადებული ყვარელში, 1972 წლის 9 ნოემბერს.


შვილი გიორგი აგულაშვილი, დაბადებული საგარეჯოში, 1993 წლის 29 დეკემბერს.


შვილი ლუკა აგულაშვილი, დაბადებული თბილისში, 1998 წლის 28 მარტს.


შვილი მათე აგულაშვილი, დაბადებული თბილისში, 2003 წლის 10 აპრილს.


რაც შეხება ქონებრივ ნუსხას, ის ამ წლების მანძილზე მნიშვნელოვნად გაზრდილია:


გიგლა აგულაშვილი, მიწის ნაკვეთი, თბილისი, წავკისი, ფართობი 1000.00 კვ.მ.


გიგლა აგულაშვილი, ავტოფარეხი, თბილისი, კეკელიძის ქუჩა, ფართობი 30 კვ.მ.


გიგლა აგულაშვილი, საცხოვრებელი სახლი, თბილისი, საბურთალოს ქ. 63, ბინა 45, ფართი 83.


გიგლა აგულაშვილი, არასაცხოვრებელი ფართი, თბილისი, კეკელიძის ქ. 14. ფართობი 50.00 კვ.მ.


გიგლა აგულაშვილი (წილობრივი მფლობელი), არასაცხოვრებელი ფართი თბილისი, ნუცუბიძის 14. ფართობი 254.55 კვ.მ.


ქეთევან გილაშვილი, საცხოვრებელი სახლი, თბილისი, კეკელიძის ქ. 21/30, ფართი 100.00 კვ.მ.


გიგლა აგულაშვილი, მიწის ნაკვეთი, საგარეჯო, ბადიაური, ფართობი 4 402.00 კვ.მ.


გიგლა აგულაშვილი, მიწის ნაკვეთი, საგარეჯო, ბადიაური, ფართი 880.00 კვ.მ.


რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ჩინოვნიკის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო", 2000 წელი და მისი მეუღლე კი ფლობს მსუბუქ ავტომანქანას, 2008 წლის „სუზუკი გრანტ ვიტარას".


აგულაშვილის ოჯახის საბანკო ანგარიშები:


გიგლა აგულაშვილი, „თიბისი ბანკი", მიმდინარე 191.00 ლარი.


გიგლა აგულაშვილი, „თიბისი ბანკი", `ვიზა კლასიკი~, 1160.00 ამერიკული დოლარი.


ქეთევან გილაშვილი, „თიბისი ბანკი", „ვიზა კლასიკი", 3.00 დოლარი.


გიგლა აგულაშვილი, „ბანკი ქართუ", „ვიზა პლატინიუმი", 7 116.00 ლარი.


გიგლა აგულაშვილი, „თიბისი ბანკი", ანაბარი, 1.00 დოლარი.


ნაღდი ფული მხოლოდ აგულაშვილის ვაჟის, გიორგის სახელზეა დაფიქსირებული, 5 000.00 ამერიკული დოლარი.


დეკლარაციის მიხედვით, ჩინოვნიკი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, შპს „პოლიტტექნოლოგიების ლაბორატორია", პარტნიორი.


გარემოს დაცვის მომავალ მინისტრს საქართველოს პარლამენტში აგრარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის რანგში აღებული აქვს 66 373.00 ლარი.


რაც შეეხება ოჯახის გასავალს, აქ ვნახულობთ, შემდეგ სურათს:


ლუკა აგულაშვილი, სწავლის საფასური, გასავალი 19 000.00 ლარი მათე აგულაშვილი, სწავლის საფასური, გასავალი 3 500.00 ლარი.


გიგლა აგულაშვილი, სწავლის საფასური, გასავალი 5113.00 დოლარი.


გიგლა აგულაშვილი, ავიაბილეთი, გასავალი 1 260.00 დოლარი.


გიგლა აგულაშვილი, სასოფლოსამეურნეო მიწების დამუშავება, გას. 8000.00 ლარი.


გიგლა აგულაშვილი, სასოფლოსამეურნეო პროდუქტის რეალიზება, შემოსავალი 25 000 ლარი.


მოკლედ, მივეჩვიეთ, რომ ყოველ ორშაბათს ახალი მინისტრი გვყავს და ამიტომ ამ კვირაში გიგლა ახალ მინისტრად მოგვევლინება ბუნების „დაცვის" სამინისტროში და მისი წინამორბედისგან განსხვავებით, შუა მინისტრობის დროს, იმედია, ცოლ-შვილი არ მოენატრება და ბადიაურში არ გაქუსლავს. სანამ ესენი არ მომხდარა და ახალ მინისტრ აგულაშვილს ხოკრიშვილის მსგავსად მოჭრილ ხეებთან არ გადაუღია სამახსოვრო სურათი, მანამდე გეტყვით, რომ მინისტრთა კაბინეტში მოვიდა მშვიდი, ზედმეტად კომუნიკაბელური, შიშამდე ფრთხილი ახალი მინისტრი, რომელსაც უყვარს ჩაცმა და ზურგსუკან როგორც ამბობენ, ძალიან უყვარს ფული. აგულაშვილი რასაც დაგვპირდა (იხილე შესავალი), იქიდან მარტო მე-2 პუნქტიც რომ შეასრულოს და ზარებს უპასუხოს, უკვე ძალიან კარგია და ნომერს ჩვენსავე გაზეთში, მეორე გვერდზე იხილავს დაინტერესებული ადამიანი. რაც შეეხება მის კომუნიკაბელურობას, ეს იქიდანაც ჩანს, რომ უამრავი სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის მეგობარი ჯგუფების წევრია. ვის ემეგობრება და რას ეტიტინება გიგლა ამდენს, არ ვიცით, მაგრამ ფაქტს ვამბობთ.


დეკლარაციიდან ჩანს, რომ გიგლა აგულაშვილს საცხოვრებელი სახლი აქვს თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე 63 ნომერში. აი, აქედან ყურადღებით მისმინეთ და გაიგებთ, რატომ დამამახსოვრდა ეს დეკლარაცია ასე ძალიან: მოკლედ, ეს ქუჩა საკმაოდ დიდია და სახლის ძებნისას ვხედავ, რომ ერთერთ სახლს საბურთალოს 63 ნომერი აწერია და პირველად მას მივადექი. სადარბაზოში მაღლიდან ახალგაზრდა ქალი ჩამოდის ძაღლთან ერთად და ვეკითხები გიგლას შესახებ, მპასუხობს, რომ ასეთი აქ არავინ ცხოვრობს და რომ კიდევ არის ამ ნომრიანი სახლები, თანაც ორი. კეთილი და პატიოსანი, სალაპარაკო გამჩენია მერიასთან: სამი 63 ნომერი ერთ ქუჩაზე ნამეტანია, ამიტომ ვიღებ ფოტოაპარატს და ვიწყებ გადაღებას და უცებ მესმის კივილი: ვინ ხარ და რად გადაიღე ფოტოო? ეს ის ახალგაზრდა ქალია, რომელიც ძაღლს ხელს უშვებს და ჩემკენ გამორბის აკანკალებული, ხელებიც უკანკალებს და მიყვირის, კადრები წაშალეო. თან ჩემი აპარატისკენ იწევს, ამასობაში თან ძაღლი იყეფება, თან ეს ყვირის და დასაწყნარებლად ვიღებ ჟურნალისტის მოწმობას და ვაჩვენებ, რომ „ალიას" წარმომადგენელი ვარ. გოგონა მგლეჯს მოწმობას, - იტყუები,  ეს ვადაგასულიაო, და იქანებს ჯიბეში. ერიჰაა! არ ვიცი, გავბრაზდე თუ გამეცინოს, ჯერ გაშტერებული ვუყურებ და მერე კატეგორიულად ვითხოვ, საბუთი დამიბრუნოს, მაგრამ ვინ მისმენს? თქვენ ამ სახლს იმიტომ იღებთ, რომ მერე მძარცველებს მისცეთ ეს სურათებიო(!!!). მოკლედ, ვხვდები, რასთან მაქვს საქმე და მე, მძარცველებისთვის ნაკოლის მიმცემი, ვიძახებ პატრულს, რადგანაც ამ ადამიანთან ურთიერთობა მიჭირს, თან ძალიან ადრეა თბილისში და ამ შაბათ დღეს დილაუთენია რედაქციიდან ვინ უნდა დაადასტუროს ჩემი „ავთენტურობა"? მოდის პატრული, რომელსაც გაღიმებული ვხვდები, მანქანიდან კი გადმოდის ძალიან სერიოზული სახის ახალგაზრდა კაცი, ცოტა ხანი გვისმენს ორივე მხარეს (ამასობაში ქალი მას ნიშნისმოგებით გადასცემს „ალიას" საშვს და კარგად ნახეთო, ეუბნება) და უცებ მიტრიალდება პოლიციელი და მეუბნება, არ გაქვთ უფლება, სახლს ფოტო გადაუღოთო!


- მე ნამდვილად ვარ ჟურნალისტი, ნამდვილად ვეძებდი პარლამენტარ გიგლა აგულაშვილის სახლს და სახლის ნომერი გადავიღე. ეს ხომ კორპუსია და არა ვინმეს კერძო საკუთრება? ახლა თქვენ მითხარით, სად წერია, რომ კორპუსის გადაღების უფლება არ მაქვს?

 

- რახან ეს ადამიანი აქ ცხოვრობს და მის სახლს იღებთ, მას კი ეს არ უნდა, უფლება არ გაქვთ!


ვხვდები, რომ შარში ვარ და უარეს შარში კი ახალგაზრდა, სერიოზული სახის პატრული... ერთი მეზობელი გვყავდა, რომელსაც მართლა ხათაბალა ოჯახი ჰქონდა და დედაჩემს საკუთარ შვილიშვილზე ეუბნებოდა, მარუსიას თხასავით სულ შარში ეხვევაო. კოსმოსიდან იღებენ ფოტოებს და რა მოხდა ასეთი, აქ ერთი ფოტოს გადაღებაზე ასე ნუ გვარბენინებთ პოლიციას ქალაქში, ნამდვილად ჟურნალისტია და ნამდვილად აქვს უფლებაო.


შემდეგი 63-ნომრიანი სახლი უკვე მოშორებითაა და სახლს ჯერ ფოტოს ვუღებ და მერე ველაპარაკები ეზოში მჯდარ ასაკოვან კაცს:


- აქ 45 წელია ვცხოვრობ და გიგლა აგულაშვილი მეზობლად არ მყავს, თუ ახლა გადმოვიდა და დაკეტილი აქვს სახლი, არ ვიცი. მე თვალყურს ვადევნებ მაგ ამბებს, რაც ხდება მთავრობაში, მესმის, რომ ვიღაცა უნდა მონახონ წესიერი, მაგრამ ვინ ეძებს? ამ ხალხში კი თუ უნდა იტრიალო, აქ რესპუბლიკელები ყველაზე „იარკები" არიან, მანამდე ალასანიას ვაკვირდებოდი და ეგ პოლიტიკურად ბეცი აღმოჩნდა. ეგ რესპუბლიკელები კი მეტი რა საშიშები უნდა იყვნენ, რაც უკვე მოხდა ჩვენს ქვეყანაში, იმაზე უარესი რა უნდა ქნან? ჯერ ერთი, მაგ გიგლასა და თინიკოს გადასაწყვეტი ხომ არ არის ყველაფერი? და საერთოდაც, ვინ რას წყვეტს? რას წყვეტს რომელიმე, რომ რესპუბლიკებმა გადაწყვიტონ? რა, ჯანყარაშვილებზე საშიშები არიან?


- და ან ისინი რა საშიშები იყვნენ?

 

- ხო (ეცინება)? საშიშია გინდაც თინა და გინდაც ეს აგულაშვილი? რომ გამოდიან, ლაპარაკი მაინც იციან და არ შეგვარცხვენენ. დანარჩენს, რასაც დაავალებენ, მაგათაც და იმათაც, იმას იზამს ყველა! აგულაშვილი კი აქ არ მინახავს და რა გიყო?



ახლა დროა, გიგლა აგულაშვილს დავუკავშირდეთ:


- დავაკვდი თქვენი სახლის ძებნას, გადავთხარე იქაურობა და რომელ საბურთალოს 63-ში ცხოვრობთ, ახლა მაინც მითხარით?


- (ეცინება) აქამდე ვერ დამირეკეთ? თუმცა, ჯერ პრესის საერთაშორისო დღეს გილოცავთ. რაც შეეხება საბურთალოს, არა, მანდ არ ვცხოვრობ, მაგ სახლში ჩემი და ცხოვრობს, მე კეკელიძეზე ვარ.


- რაღაცები მოვჩხრიკე და უნდა გადავამოწმო თქვენთან: ხალხი ჭკვიანად მიგიჩნევთ, ფრთხილ ადამიანად, მაგრამ იმასაც ამბობენ, ფული უყვარს და ჩაცმაო და მართალია?


- (ეცინება) საიდან დავიწყო? მე აკვიატება არ მაქვს, ძვირადღირებული ბრენდის ტანსაცმელი ჩავიცვა. ბრენდი არ ქმნის სტილს, უცხოეთში მიწევს ხშირად ყოფნა და იქ ვყიდულობ სეილზე ტანსაცმელს, რადგანაც მინისტრის, ან დეპუტატის ხელფასით ნამდვილად ვერ გაწვდები ოჯახსაც და ჩაცმასაც.


- ახლა არ მითხრათ, რომ მარტო ხელფასზე ხართ. ვიცი, რომ წილები გაქვთ საქმეებში.


- არც ერთი წილი არ მაქვს და 2012 წლიდან ერთი თეთრი არ მაქვს სხვა, დამატებითი შემოსავალი და საბურთალოზე ბინას რომ ეძებდით, მაგ ბინის გაყიდვასაც ვცდილობ, რადგანაც ჩემი სამომავლო გეგმები შვილების განათლებას უკავშირდება.


- თუ არ ვცდები, ერთი თქვენი ვაჟი ამერიკაში სწავლობს...


- კი, შტატებში სწავლობს გიორგი და წელს ამთავრებს ბაკალავრიატს.


- წარმატებას გისურვებთ და გაგვიხარდება, თუ მინისტრობის დროსაც გვიპასუხებთ ტელეფონზე ჟურნალისტებს.


- ყოველთვის გიპასუხებთ! რაც შეეხება მერიასა და საბურთალოს ქუჩის სამ 63 ნომერს, ამაზე მათ ცალკე, სამუშაო დღეებში „შევაწუხებ".

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016