reportiori.ge - „ოცნება“ სწორ გზას ადგას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:31
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ოცნება“ სწორ გზას ადგას
ავტორი:
07 მაისი, 2015. 16:04


მეგობრების წრეში „წამომცდა", „ოცნება" სწორ გზას ადგას-მეთქი. სუფრის თამადამ, სააგენტო  „რეპორტიორის" ერთ-ერთმა მესვეურმა, კატეგორიულად მოითხოვა, ორი დღის ვადაში წარმომედგინა შესაბამისი „მტკიცებულებები", თანაც წერილობითი ფორმით. რას იზამ, თამადის სიტყვა კანონია!



ახლა კი სრული სერიოზულობით - „ოცნება" სწორ გზას ადგას.


შემობრუნება ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ დაიწყო. ათვლის წერტილად თეა წულუკიანის ცნობილი განცხადება შეიძლება ჩაითვალოს.



მაშინ ვწერდი: „ოთხკუთხედი ნოემბერში შეიკრა: ალასანია-ფანჯიკიძე-პეტრიაშვილის დემარში „ნაცების" სტილში და „ნაცების" მესიჯებით, რომელიც მთლიანად „გარე მომხმარებელზე" იყო გათვლილი; გიორგი მარგველაშვილის დესტრუქციული ნაბიჯების სერია, საგარეო კურსის მთავრობასთან და პარლამენტთან გადამოწმების მოთხოვნით დაგვირგვინებული (ვეტოზე არაფერს ვამბობ) და რესპუბლიკური პარტიის მრავლისმომცველი და მრავლისმეტყველი განცხადება, შანტაჟისა და ულტიმატუმის ნიშნებით (რომ არა თეა წულუკიანის „ცივი შხაპი", კაცმა არ იცის, კრიზისი რამდენბალიანი გამოვიდოდა). რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას" და მის მიერ ძალის დემონსტრირებას (15 ნოემბრის აქცია)... ის ბუნებრივი მოკავშირეა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა" ფულია... დიდი ფული, მძლავრი მედიასაშუალებები და ძველიდან შემორჩენილი ბერკეტები, შინ და გარეთ".  (from.ge - 17.12.2014)



ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა, სასიამოვნო გაოცებას იწვევს (აღტაცებამდე ჯერ კიდევ შორია). მიმდინარე საპარლამენტო ციკლი ურთულესი ლაბირინთია. სამშვიდობოზე გასვლის აუცილებლობა უამრავი გამოწვევის სწორად დანახვას და კომპრომისებზე აგებულ გათვლებს მოითხოვს. ახალი ეტაპი მორიგი საპარლამენტო არჩევნებიდან იწყება. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარმა აქტუალობა დაკარგა. პოლიტიკური ციკლის ბოლომდე მიყვანით ქვეყანა მეტს მოიგებს თუ მეტს წააგებს, ამას დრო გვაჩვენებს.



სწორი ანალიზისთვის, აუცილებელია, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა განაპირობებდა მიმდინარე ციკლის სპეციფიკურობას: ა) ძველი ხელისუფლების ხელში დარჩენილი ბერკეტები (პრეზიდენტი - 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით; სასამართლოს თავმჯდომარე - 2015 წლის თებერვლამდე; ეროვნული ბანკი - დღემდე; აუდიტი - დღემდე; ადგილობრივი თვითმმართველობა და დედაქალაქის მერი - 2014 წლის აგვისტომდე; მძლავრი მედიაპარტნიორები; ბიზნესები და ბიზნესწილები და სხვ.); ბ)სუსტი საპარლამენტო უმრავლესობა (დაასახელეთ ხუთი დეპუტატი, ვინც მომავალ პარლამენტში ყოფნა დაიმსახურა); გ) სრული გაუგებრობა ახალი პრეზიდენტის სახით; დ) კბილაშვილ-ნაცვლიშვილი (?); ე) „ნაცების" მმართველობის შედეგად მიღებული მემკვიდრეობა... და რაც ყველაზე მთავარია, დამოუკიდებელი საქართველოს არცერთ ხელისუფლებას დოკუმენტის სახითაც კი არ ჰქონია შემუშავებული სახელმწიფოს განვითარების მწყობრი სტრატეგიული გეგმა. 25 წლის განმავლობაში ქვეყნის საქმე სულ უკან და უკან მიდიოდა.



პრობლემების ნაწილი წინამორბედი ხელისუფლებების უპასუხისმგებლობით იყო განპირობებული, ნაწილი გარემოებებით (შიდა და გარე ფაქტორები. კიევურმა პოლიტტრიუკებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ამაში), ნაწილი ახალი ხელისუფლების არასწორი გათვლებით (მაგალითად - არჩევანი, სახელად გიორგი მარგველაშვილი).



არის კიდევ ერთი პრობლემა, რაც ნდობის საკითხთან არის დაკავშირებული. 2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხმა პასუხისმგებლობა მთლიანად ბიძინა ივანიშვილს დააკისრა. ადრეც ვწერდი და კვლავაც გავიმეორებ - ამ პასუხისმგებლობისგან ის თავს ვერ დაიხსნის, ვიდრე მომავალი არჩევნები არ გამოავლენს ახალი ნდობით აღჭურვილ ახალ სუბიექტს.



კარგია, რომ ბატონი ბიძინა პასუხისმგებლობას არ გაურბის. სპეკულაციები, რომ ქვეყანა კულისებიდან იმართება ან არ იმართება, უადგილოა. მის სიტყვას გადაწყვეტილების მიღებაზე რომ მაღალი გავლენა აქვს, ზემოხსენებული ნდობის ძალით არის განპირობებული. გავლენის მოხდენა და მართვა განსხვავებული ქმედებებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან უახლოვდებიან ერთმანეთს. მე არ ვამბობ, რომ ეს ზოგადად კარგია, მე ვამბობ, რომ ეს არის რეალობა, რომელსაც 2016 წლის ოქტომბრამდე ვერ შეცვლი (ჩემი ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ცნობადი სახე, შარშანდელი ნოემბერის კრიზისის დროს გამენდო - ერთი წუთით რომ წარმოვიდგინო, ბიძინამ ქუდი დაიხურა და  წავიდა, შეიძლება, გული გამისკდესო. თუ „ნაცების" მხარდამჭერებს არ ჩავთვლით, ასეთია ნებიმიერი რიგითი თუ არარიგითი მოქალაქის დამოკიდებულება, მათ შორის - განაწყენებულებისაც).



პოლიტიკურ ფონზე საუბარს აღარ გავაგრძელებ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ათზე მეტი წერილი მაქვს გამოქვეყნებული და ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ჩემეული ანალიზი დეტალებში მაქვს წარმოდგენილი. დავუბრუნდეთ სათაურში გამოტანილი შეფასების ახსნას.



„ქართულმა ოცნებამ" თანდათან გამოკვეთა უახლოესი პერიოდის მიზნები და ამოცანები. გამოიკვეთა განზრახვა, რომ პარტია სრულ მზადყოფნაში შეხვდეს ახალი პოლიტიკური ეტაპის დაწყების, ანუ მომავალი საპარლამენტო არჩევნების დღეს. ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავდი, პოლიტიკაში წარმატების წინაპირობაა პოლიტიკის წესებისა და კანონების განუხრელი დაცვა. პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კანონი ისაა, რომ პოლიტიკის მთავარი სუბიექტია პოლიტიკური გაერთიანება (პარტია). სწორედ ამ მიმართულებით სვლას ვუწოდებ შემობრუნებას. პარტიის სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაციის პროცესი და გაერთიანება „20/30"-ის შექმნა მართლაც კარგი დასაწყისია.



როგორც დღემდე მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რეორგანიზაცია არ არის უბრალოდ რეორგანიზაცია. პროცესი გაცილებით ღრმა შინაარსის მატარებელია. საქმე ეხება ჩვენი ქვეყნისთვის თვისებრივად ახალი პოლიტიკური გაერთიანების ორგანიზებას. დღემდე საქართველოს ყველა მმართველი პარტია მხოლოდ და მხოლოდ ამა თუ იმ დონის არჩევნებში დაგეგმილი შედეგის მიღწევაზე იყო ორიენტირებული (პრინციპით - მიზანი ამართლებს საშუალებას). „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაა, წმინდა ევროპული ტიპის პარტიის მშენებლობას ჩაუყაროს საფუძველი.



ეს კარგი გადაწყვეტილებაა, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ევროპული ტიპის პარტია ნიშნავს მუდმივმოქმედ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის ყველა სტრუქტურული დანაყოფი უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს ყველა იმ მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესის საწარმოებლად. ეს ნიშნავს პარტიის ხელისუფლების ანალიტიკური ცენტრის ფუნქციით აღჭურვას. ეს ნიშნავს პარტიისა და ხელისუფლების საქმიანობის მუდმივად განახლებადი პროგრამის საფუძველზე წარმოებას. ეს ნიშნავს მუდმივ მონიტორინგს. ეს ნიშნავს კადრების რეკრუტირების უწყვეტ პროცესს.



ამოცანა სწორად არის დასმული. მიზანი კეთილშობილურია, რადგან მთლიანად პასუხობს სახელმწიფო ინტერესს. რაც შეეხება პროექტს „20/30", შეუძლებელია, მას არ უგულშემატკივრო, რადგან კადრების მოძიება, მათი პროცესებში ჩართვა, აგრეთვე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა, მართლაც მამულიშვილური საქმეა. პროექტის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ შემუშავებულია გრძელვადიანი სტრატეგია. ესეც ძალიან კარგია, რადგან აშკარას ხდის განზრახვას, რომ ყველაფერი თანმიმდევრული, მყარ საფუძველზე აგებული პოლიტიკისკენ არის მიმართული, რაც წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.



თემისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იქნება კითხვები. ორ მათგანს აქვე გამოვკვეთდი: როგორია წარმატების შანსი და ეყოფა კი დრო „ქართულ ოცნებას", გეგმა შედეგად აქციოს?



სხვა დრო ჩვენ არ გვაქვს და თუ ამ შანსს არ გამოვიყენებთ, უახლოეს ათწლეულებში შეიძლება მეორე არც მოგვეცეს (ერთი ამბავი მინდა გავიხსენო. პირდაპირი პარალელი არ არის, მაგრამ შესაშური ოპტიმიზმის მაგალითია: ერთმა ცნობილმა ფილოსოფოსმა 85 წლის ასაკში ფიზიკის შესწავლა დაიწყო. რა დროს ფიზიკის სწავლააო, უსაყვედურეს ახლობლებმა. სხვა დრო მე აღარ მექნებაო, - ასეთი იყო მეცნიერის პასუხი). ჩემი ოპტიმიზმის საფუძველი ის გახლავთ, რომ საქართველოს ჰყავს ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლება, რომელიც აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და რომელსაც ნაცრეჟიმის პირობებში არ ჰქონდა დრო და საშუალება (ფიზიკურად იყო შეუძლებელი), სათანადო მზადყოფნაში შეხვედროდა დასახული მიზნების რეალიზების პროცესს. ზემოთ ნახსენები თვისებრივი შემობრუნება ამ ნაკლოვანების აღმოფხვრისკენ არის მიმართული.



ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ ახალი ეტაპის დაწყებამდე, სამოქალაქო საზოგადოების როგორც ერთი რიგითი წევრი, მუდმივად ვცდილობდი, წინა პლანზე გამომეტანა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის საკითხი, რადგან მცირედი ნიშანიც არ ჩანდა იმისა, რომ სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე ვიღაც ფიქრობდა. საფუძვლად არგუმენტებიც თავზესაყრელი მქონდა და დასავლეთის სახელმწიფოების გამოცდილებასაც ვიშველიებდი. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ნაბიჯი მოქმედი ხელისუფლების გაძლიერებისკენ იქნებოდა მიმართული. „ოცნების" წარმომადგენლობა უცილობლად გაფართოვდებოდა, „ნაცების"- განახევრდებოდა და ამას დაემატებოდა ბურჯანაძის კოალიციის მცირე გუნდი, რომელიც უმცირესობაში შექმნიდა დიდ წინააღმდეგობებს, რაც, ასევე, „ოცნების" წისქვილზე დაასხამდა წყალს.



დღეს, ამ ახალი გადასახედიდან, ვცადე, უმაღლესი პასუხისმგებლობის მქონე პირის, ბიძინა ივანიშვილის თვალით შემეხედა პროცესებისთვის, რომლის მთავარი ამოცანაც შედეგის, კონკრეტული შედეგების ჩვენებაა. ის გათვლები, რომელზეც წინა აბზაცში მქონდა საუბარი, ხარისხის გარეშე უბრალო არითმეტიკაა, რაც ხელის გადაწევის პრინციპით მართვისთვის არის საკმარისი. აღმშენებლობითი პროცესის წარმოება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა არსებობს გუნდის მიერ კონცეპტუალურად გააზრებული მომავლის საქართველო, როცა არსებობს სისტემური ხედვები, როცა არსებობს შესაბამისი სტრატეგიული გეგმები, როცა არსებობს შესაბამისი სამოქმედო გეგმები და როცა არსებობს სათანადო პროფესიონალიზმი.



რიგგარეშე არჩევნები თვისებრივად ახალ პარლამენტს ვერ მოგვცემდა. ამიტომ, სწორედაც რომ უპასუხისმგებლობა იქნებოდა ბატონი ბიძინას მხრიდან, „კარგი არითმეტიკის" ხიბლით მიეღო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ახალი პოლიტიკური ეტაპის დაწყებას წინ უძღოდეს მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები. რომ არა ეს სიახლე, ისევ „ძველ ჩვენებას მივაწვებოდი", იმ იმედით, რომ საკანონმდებლო ორგანოში მავნებელთა რიცხვის შემცირებით მმართველ პარტიას შიდა პრობლემების მოსაგვარებლად ექნებოდა უკეთესი ფონი (პანიკისა და ისტერიკების გარეშე) და იქნებ რამე სასიკეთო გამოსულიყო. მაგრამ ახლა იძულებული ვარ (კარგი გაგებით), უკან დავიხიო.



წარმატების შანსი ხელისუფლებაზე და საზოგადოებაზე თანაბრად არის დამოკიდებული. საზოგადოება კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში „ოცნება" უალტერნატივო ძალაა (ალტერნატივა წარსულში დაბრუნებაა) და ქმედითი თანადგომის რეჟიმში უნდა გადაერთოს. ხელისუფლების წამყვანმა ფიგურებმა კი, თავის მხრივ, უნდა გაიცნობიერონ, რომ ცვლილებებს ალტერნატივა არა აქვს.



ორიოდე სიტყვით შევეხები მთავრობაში მიმდინარე მოვლენებსაც. კარგია, რომ დღის წესრიგში დადგა ნდობის განახლების საკითხი. როდესაც თანამდებობები დატოვეს მეხუთე და შემდეგ მეექვსე მინისტრებმა, შეიქმნა მთავრობის მუშაობისთვის მეტად არაკომფორტული გარემო. გაჩნდა თემა სპეკულაციებისთვის, რომ თითქოსდა მწიფდებოდა ნიადაგი მთავრობის მეთაურის გადასაყენებლად. საქმის კეთებისთვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნდობის განახლება მთლიანად მოხსნის ამ უადგილო დისკომფორტს.



წინამდებარე წერილში წარმოდგენილ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს „რესპუბლიკელებთან" დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებიც. მმართველ კოალიციას პირობითად ჰქვია კოალიცია. პარლამენტში წარმოდგენილი ექვსი პარტიის ერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა სრულფასოვანი კოალიცია, თუ ეს ერთობა შესაბამისად იქნებოდა ასახული აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. გასული წლის ნოემბრამდე არსებობდა კოალიცია „ქართულ ოცნებასა" და „თავისუფალ დემოკრატებს" შორის, ნოემბრის შემდეგ კი საქმე გვაქვს ტიპიურ ერთპარტიულ მმართველობასთან.



რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მთავრობაში შეყვანა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ხელისუფლების გაძლიერებას (გამყარებას) ისახავს მიზნად. რატომ „უფეშქაშეს" თავდაცვის მინისტრის პოტფელი? იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი სფეროა და ურთიერთნდობას განამტკიცებს. ჩემთვის სრულიად გასაგებია ის ემოციები, რაც ამ გადაწყვეტილებას ახლავს. რესპუბლიკურმა პარტიამ პოლიტიკაში მრავალწლიანი ყოფნის ვერცერთ ეტაპზე ვერ მოახერხა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის კეთილგანწყობის მოპოვება (ვფიქრობ, სრულიად სამართლიანად). მათი რეიტინგი მუდმივად ერთსა და სამ პროცენტს შორის მერყეობს. განსაკუთრებით მძიმე დამოკიდებულებაა ძმები ბერძენიშვილებისა და ქალბატონი ხიდაშელის მიმართ.



მიუხედავად ყველაფრისა, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან პოლიტიკის წესია, რომ პარტნიორებს შორის პასუხისმგებლობა უნდა იყოს გადანაწილებული. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებოდა მყიფე უმრავლესობა, რომლის შემდგომი ბედიც უკვე „ოცნებაზე" აღარ იქნებოდა დამოკიდებული. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაიძლია ის კრიზისის საფრთხის შემცველი გარემო, რომელიც შეიქმნა ნოემბრის მოვლენების შედეგად.



„ქართული ოცნების" მთავარი პრობლემაა საზოგადოების ჩართულობის და ზოგადად, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა. კრიტიკას ვერ უძლებს ლიდერი ტელევიზიების დამოკიდებულება პოლიტიკური თემატიკისადმი. როდესაც კონკურენციაში წარმატების პირობად მიჩნეულია „მეტი სენსაცია, მეტი ინტრიგა, მეტი სკანდალი", ხანდახან ისიც მაკვირვებს ხოლმე,  ქვეყანა ცეცხლის ალში რომ არ არის გახვეული. ამ საქმეშიც, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების ბრალეულობას ვხედავ, რადგან აშკარაა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების ეს მიმართულება, როგორც პოლიტიკის ნაწილი, მისი მხრიდან თითქმის მთლიანად არის უგულებელყოფილი.



საზოგადოება სრულად უნდა იყოს ინფორმირებული ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკას ეხება. მას არ უნდა ტოვებდეს პროცესებში თანაბარი მონაწილეობის განცდა, მან ეს დაიმსახურა. მეორე მხრივ, ნებისმიერი მოქალაქის ვალია, ხელს უწყობდეს ხელისუფლებას (თუნდაც კრიტიკით) წარმატებული საქმიანობისთვის. შევთავაზოთ, ვურჩიოთ,  ვუკარნახოთ, მოვითხოვოთ,  პრობლემები გამოვამზეუროთ, გავაპროტესტოთ, კარგიც დავინახოთ, გავინაწილოთ პასუხისმგებლობა, მოთმინებით აღვიჭურვოთ, თანადგომა ვაგრძნობინოთ...



დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. უფლება არ გვაქვს, რომ კარგად არ იყოს.



რეპორტიორის" პოლიტიკური მიმომხილველი

ბიძინა  დვალი


04.05.2015  


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016