reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: „ვღადაობთ“ თუ რა ხდება?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:13
ინტერვიუ
შალვა ხაჭაპურიძე: „ვღადაობთ“ თუ რა ხდება?!
07 მაისი, 2015. 17:21

ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ  და საზოგადოებრივ საკითხებზე  სასაუბროდ „რეპორტიორი" შალვა ხაჭაპურიძეს დაუკავშირდა. ვინაიდან საუბრის მომენტში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმირობაში დარჩენის საკითხი ყველაზე „ცხელი თემა" იყო, საუბარი სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ:

შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი:

 

 

 

- გიგი უგულავას შვილები ჩემი კარის მეზობლები არიან,  ჩემს თვალწინ იზრდებიან ეს ბავშვები, ამიტომაც  მე ამ თემასთან და ამ პიროვნებასთან  დაკავშირებით ფრთხილად ვარ. ჩემთვის კაცობა ყველაზე დიდი ღირებულებაა დედამიწის ზურგზე.

 

- სამართლებრივ საკითხზე ვისაუბროთ, გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, მას მერე, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე, განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ამ ქმედებით,  საქართველოს კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა...

 

- მოქმედ კანონმდებლობაში, სისხლის სამართლის კოდექსში არსად წერია წინასწარი პატიმრობის ვადა. მითითება არის გაკეთებული კონსტიტუციაში, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ეს არსად წერია. სხვათაშორის, ეს ყველაფერი ბატონი ადეიშვილის პერიოდშია გაკეთებული. ამიტომაც, თუ ვინმეს უნდა წაუყენონ პრეტენზიები, ეს პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას", იმიტომ, რომ როგორც უნდოდათ, ისე ჭრინენ და კერავდნენ კანონებს.  

 

ასევე, საყვედური ეკუთვნის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, სადაა და რა განზომილებაშია. როგორ შეიძლება,  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ იყოს გაწერილი, რამდენია წინასწარი პატიმრობის ვადა ან მოსამართლეს არ შეეძლოს პირობითის გამოტანა. საერთოდ, რას აკეთებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი და რაში იღებს ხელფასს, ჩემთვის გაუგებარი რჩება.

 

- მთავრობაში საკადრო ცვლილებების შემდეგ, ცენტრალურ ხელისუფლებაში ახალი რეალობა გვაქვს. მოგწონთ პრემიერის მიერ წარდგენილი განახლებული შემადგენლობა?

 

- დავიწყებ ძალოვანი მინიტრების საკითხით - ეს მიმართულება, მე მგონი, ასე თუ ისე, მოწესრიგებულია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელიმე სხვა სახელმწიფოს ომი რომ გამოუცხადოს, თავდაცვის სამინისტრო საერთოდ რომ არ ჰყავდეს ქვეყანას, არც ამით დაშავდება რამე. შს მინისტრი ნორმალური გვყავს, მას რთული მემკვიდრეობა ერგო. რეფორმებია გასატარებელი, რომლის შემდეგაც მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები. ძალოვანი უწყებები - შს სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და პროკურატურა, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. არის რაღაც ხარვეზები, რაც საკანონმდებლო და საბოტაჟის ხასიათისაა.

 

- საბოტაჟის ტიპის ხარვეზებს სად ხედავთ?

 

-  სააკაშვილის პერიოდში გამოტანილი განაჩენებიდან  გამამართლებელი შეადგენს 0,01%-ს. დღეს გამამართლებელი განაჩენების რიცხვმა იმატა. თუ ჩავხედავთ დოკუმენტებს, ვნახავთ, რომ ეს გამამართლებელი განაჩენები გამოტანილია „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ, ხოლო  ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ, კვლავ  0,01 %-ია.

 

- რასთან გვაქვს საქმე?

 

- პირველი - საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან და მეორე -  საბოტაჟთან.

 

-როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?!

 

- დიდხანს ვერ გაგრძელდება. მინდა, გითხრათ, რომ საკმაოდ აზრიანი კაცი ხელმძღვანელობს მთავარ პროკურატურას. იგივე შემიძლია გითხრათ მის ორივე მოადგილეზე. მათ მოუწევთ, სერიოზულად გადახედონ პროკურატურაში არსებულ კადრებს, ისევე როგორც ამის გაკეთება მოუწევთ ხიდაშელსა და გომელაურს. უცოდინარები და „საბოტაჟნიკები" სისტემიდან უნდა წავიდნენ.

 

სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია ის თემებია, რომლებზეც შემიძლია უმაღლესი ხარისხის შეფასება გავაკეთო, მაგრამ ერთი რამ, რასაც ვხედავ და ვფიქრობ, რომ სამშობლოს ღალატის ტოლფასია - გაძვალტყავებულ ქვეყანაში ასეთი ძვირადღირებული მანქანები, გუბერნატორების ინსტიტუტები, სამხარეო სტრუქტურები, ამდენი სამინისტრო, დეპარტამენტი, ამდენი სსიპ-ები - მერე ამათ ამდენი ტალონები, მანქანები, ტელეფონები... ოჯახებს და საყვარლებს მანქანები...  რა არის, რა უბედურებაა ეს?! ამისთვის წერტილის დასმა ძნელია?

 

პარლამენტს რომ კენჭი უნდა ეყარა მთავრობისთვის და მთელი მთავრობა ქუთაისში ჩავიდა, საოცრება ხდებოდა. სახეზე რომ არ მეცნო ზოგიერთი მინისტრი, ვიფიქრებდი, რომ ან აშშ-ის მთავრობაზეა საუბარი, ან მინიმუმ გერმანიის მაინც. ამდენი ძვირადღირებული მანქანა და დაცვა ერთად... რად გინდა, ბიჭო, დაცვა, ზოგიერთი მინისტრია იქ ისეთი, ვიღაცამ რომ შეხედოს, საერთოდ ვერ იცნობს. რა ჯანდაბად სჭირდებათ იმათ დაცვა?!

 

- ბატონო შალვა, რომელი სამინისტროები გეზედემეტებათ?

 

- მაგალითად - ეკონომიკის სამინისტროში, თითქმის საქართველოს მოცულობის ტერიტორიაზე რომაა გაშლილი, ფინანსთა სამინიტრო ვერ შევა?  ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ან ციხეების სამინისტრო რა საჭიროა სამინიტროს სახით, დეპარტამენტიც სავსებით საკმარისია. ან იუსტიციის  მინისტრს რაში სჭირდება 6 მოადგილე?! გამწვანების სამინისტრო რომაა, გიგლა აგულაშვილი დაინიშნა ახლა მინისტრად, ეს საერთოდ რა სამინისტროა, „ვღადაობთ" თუ  რა ხდება?! ეკონომიკის სამინისტროში რომ შევიდეს დეპარტამენტის სახით, არაფერი დაშავდება ამით. ეს ყველაფერი სააკაშვილმა შექმნა თავისი საყვარლებისთვის, ძმაკაცებისთვის და ა.შ. დაახლოებით 7-8 სამინისტროა გასაუქმებელი და წარმოიდგინეთ, რამხელა ხარჯს ავირიდებთ თავიდან.  თუ „ქამრების შემოჭერაა", „ქამრების შემოჭერა" იყოს.

 

- თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა მისაღებია თქვენთვის?

 

- თვითონ თავდაცვის სამინიტროს არსებობაა ჩემთვის მიუღებელი. რაც შეეხება თინა ხიდაშელს, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მებრძოლი ქალია და  კარგი იურისტი, „რესპუბლიკელები" არ მოგვწონსო... თუ არ მოსწონთ რესპუბლიკური პარტია, ცივი წყალი დალიონ. სიმართლე რომ გითხრათ, თინა ხიდაშელი არ მემეტებოდა თავდაცვის სამინისტროსთვის, უფრო საკანონმდებლო  ორგანოში ვხედავ მას.  

 

- ზემოთ თქვით, რომ მთავარი პროკურ და მისი მოადგილეები აზრიანი ხალხია.  როგორ ფიქრობთ, აზრიანი ხალხის შემთხვევაში კეზერაშვილის, ახალაიას და სააკაშვილის საკითხები ისე დასრულდებოდა, როგორც დასრულდა?

 

- ამ ადამიანების საქმეები არ არის დაწყებული ამჟამინდელი პროკურორების ხელში. ეს საქმეები დაწყებული იყო ნაცვლიშვილისა და კბილაშვილის პერიოდში, რომელიც დუმს და ყველაფერზე ამბობს, რომ ის კომენტარს არ აკეთებს. თავიდანვე იყო ამ ადამიანებისთვის წარდგენილი ისეთი ბრალები, რომლებიც თავისთავად დასრულდებოდა გამამართლებელი განაჩენით.

 

ზოგადად, დღეს ისეა დაკნინებულია გამომძიებლის ინსტიტუტი, რომ  ამაზე მეტი არ შეიძლება. განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლის ხელფასი 1 200 ლარია. რომ ამბობენ, პროკურატურა გაათავისუფლონ ძველი კადრებისგანო, ვინ უნდა მიიღონ, მითხარით ერთი. კარგი  გამომძიებელი რომ მიიღონ, ამისთვის  5 წელია საჭირო, ამიტომაცაა, რომ ჯერ იმ ხალხით მუშაობენ, ვინც ჰყავთ.  ახლები ვინც არიან, ნახეთ, რა კატეგორიაა, სულ ბიძაშვილ-მამიდაშვილობით მიყვანილები. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ არც იციან, რომ არ იციან. ჩვენ ვართ ხელფასების ერი, გადამიხდი ხელფასს - ვიმუშავებ, არ გადამიხდი, წავალ და მოგიკვდა პატრონი, გავხდები რუსეთის ან ამერიკის აგენტი.  ეს სიტუაცია რომ გამოსწორდეს, მთავრობამ უნდა გაანძრიოს თავი და ტვინი, თავისით არაფერი მოდის ამ ქვეყანაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016