„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს გეგმიურად ხარჯავს და უწყების მიერ 2015 წლის პირველ კვარტალში ათვისებული ბიუჯეტის მაჩვენებელმა 107% შეადგინა", - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობის მოპოვება იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროს საჯარო ფინანსებიდან გამოყოფილ 1 მილიარდ ლარს უწყება სწორად და კანონის სრული დაცვით განკარგავს.
„ეს ფული ეფექტურად იხარჯება ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენი ხელისუფლების მიზანია, კორუფციული გარიგებების მინიმუმამდე დაყვანა. შეკითხვები, რომელიც საზოგადოებაში კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის ან ტენდერის მიმართ ჩნდება, პასუხგაუცემელი არ დარჩება, თუმცა, უმჯობესია, ასეთი კითხვების გაჩენის საფუძველი საერთოდ არ არსებობდეს. მხოლოდ ხელმძღვანელი პირების შეხედულებით თანხების ხარჯვის პირობებში ჩნდება ელიტური კორუფციის რისკები და არც მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინება ხდება სრულად. ამის გადაჭრის ერთ-ერთ გზად გვესახება სამინისტროს და მუნციპალიტეტების სამეურნეო საჭიროებებისგან განტვირთვა. ბევრი რამ, რაც დღეს სახელმწიფო კომპანიების მხრიდან ხორციელდება, უფრო წარმატებით შეიძლება გააკეთოს კერძო სექტორმა. ამდენად, ჩვენ ვსწავლობთ სამინისტროს დაქვემდებარებაში და მუნიციპალიტეტების საკუთრებაში მყოფი სამშენებლო, კომუნალური თუ სხვა საწარმოების პრივატიზების შესაძლებლობას და გააზრებულად მივიღებთ მათი განსახელმწიფოებრიობის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.