დღეს, იუსტიციის სახლში მდებარე ეროვნულ ბანკთან სწრაფი გადახდის კომპანიების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოითხოვენ რომ "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკს" რეგულაციები დაუწესდეს.
"თიბისი ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" მიერ მობილურ ოპერატორებზე ჩარიცხვისას დაწესებულია 0%-იანი ტარიფი მომხმარებლებისთვის, სერიოზულ საფრთხეს უქმნის სწრაფი გადახდის კომპანიებსა და მათ ბიზნესს.
"ეროვნულ ბანკთან ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაუწესდეს მკაცრი რეგულაციები აღნიშნულთან დაკავშირებით ორივე ბანკს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ "საქართველოს ბანკის" და "თიბისი ბანკის" ინტერესია 0%-იანი ტარიფით მხოლოდ ეს ორი მოთამაშე დარჩეს ბაზარზე და შემდეგ უკვე თავად არეგულირონ ის, რაც მოუნდებათ. ჩვენ კი იძულებულები ვართ, რომ მომხმარებელს დავუწესოთ გარკვეული პროცენტიანი გადასახადი. ეს იქიდან გამომდინარე ხდება, რომ ჩვენ ადრე ფულს მობილური ოპერატორები გვიხდიდნენ, ახლა კი ისინი ჩვენ აღარ გვიხდიან ფულს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გადახდაც მობილურ აპარატებზე 0%-იანი იქნება, მაშინ ჩვენს ბიზნესს არც მოგება ექნება, არც არანაირი აზრი". - აცხადებენ სწრაფი გადახდის კომპანიები.
მათივე თქმით, ამ ბიზნესის ძირითადი შემოსავალი მოდის სწორედ მობილურ ოპერატორებზე ჩარიცხვით და მოითხოვენ ეროვნული ბანკისგან, რომ თანაბარ პირობებში ჩააყენოს ყველა მოთამაშე, ვინც ამ ბაზარზეა.