reportiori.ge - საოცარი ისტორიული პარალელების მოწმენი ვართ....
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:40
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საოცარი ისტორიული პარალელების მოწმენი ვართ....
ავტორი:
08 მაისი, 2015. 12:31

 


ნაცისტურ გერმანიაზე  ანტიჰიტლერული კოალიციის  გამარჯვების  70 წლის იუბილე, რომელსაც   შფოთით  და სისასტიკით მოცული დღევანდელი  მსოფლიო შეხვდა, კვლავ და კვლავ  დაგვაფიქრებს გარდასულ კატაკლიზმებსა  და მათ წარმომშობ მიზეზებზე,  არსებულ ანალოგიებსა  და პარალელებზე,  და საერთოდ, იმაზეც, რომ კაცობრიობის  ისტორია  არ გვაძლევს უფლებას - დავმშვიდდეთ და იმედი გვქონდეს ადამიანთა  თვითსრულყოფისა!  საჭიროა უდიდესი პოლიტიკური ნება, ძალა, რომელიც ადამიანთა მოდგმას აიძულებს  და ჩააყენებს იმგვარ პირობებში, როცა ომების დაწყება  ფიზიკურად შეუძლებელი გახდება  და ნებისმიერი მისი გამოვლინება ძირშივე აღიკვეთება!  ასეთია კონცეფცია, მაგრამ პრობლემა ის არის, როგორ, რა გზით დავამკვიდროთ  მსოფლიო წესრიგი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფს მშვიდობიან თანაცხოვრებასა  და განვითარებას. პასუხი კი, არა და არ ჩანს...

 

 

 ცნობილია, რომ ცოცხალ არსებათა მხოლოდ სამი სახეობა ებრძვის  ერთმანეთს იმ გზითა და ხერხით, რასაც ჩვენ ომს ვუწოდებთ, - ჭიანჭველები, შიმპანზეები  და ადამიანები! ჭიანჭველების  რა მოგახსენოთ, მაგრამ  ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანებს მაიმუნებისგან გამოარჩევს  გენების მხოლოდ 1%.  წარმოგიდგენიათ? მხოლოდ ერთი პროცენტი, არადა როგორი გასაოცარი სხვაობაა  ჩვენსა  და პრიმატებს  შორის. მეცნიერები  დიდი ხნის მანძილზე იკვლევდნენ  ბუნების ამ საოცარ გამოვლინებას  და მხოლოდ ამ ათიოდე  წლის წინ მივიდნენ  დასკვნამდე, რომ  მაიმუნი თუ მაიმუნის მსგავსი არსება ადამიანად გარდაიქმნა მაშინ, როცა  შეცვალა კვების რაციონი, ანუ როცა მცენარეულიდან  გადავიდა ცხოველურ საკვებზე...  შემდეგ კი , როცა საყოველთაო  წარღვნას  გადარჩენილ ხალხთა  ნაწილმა კანიბალიზმს მიჰყო ხელი, სწორედ ის უხსოვარი პერიოდი შეგვიძლია ავიღოთ ათვლის წერტილად, როცა საფუძველი ჩაეყარა უკვე ბიოლოგიურად და ფიზიოლოგიურად ჩამოყალიბებულ ადამიანებს შორის მკვლელობას, ძალადობას და საბოლოო ჯამში ომებს, რაც კაცობრიობის განვითარებისა და ისტორიის თანამდევ, განუყოფელ ნაწილად გადაიქცა. ამასთან, თეორიას, რომ ომები ცივილიზაციათა განვითარებას მოჰყვა, აშკარად გააჩნია ,,აქილევსის  ქუსლიც". კერძოდ, მეცნიერები უამრავ არქეოლოგიურ და წერილობით (უწინარესად ლურსმნული დამწერლობის) წყაროებზე დაყრდნობით მივიდნენ დასკვნამდე, რომ პირველი ომები 12 ათასი  წლის წინ მოხდა, როცა  ადამიანთა  თემები  იწყებდნენ ჩამოყალიბებას და ჯერ კიდევ არ იყო ქონება, ტერიტორია, სახელმწიფო, საბრძოლო იარაღი  და, მით უფრო, იდეა, რის გამოც შეიძლებოდა ომის გაჩაღება. მოგვიანებით კი, ომები თან ახლდა აბსოლუტურად ყველა ცივილიზაციას, რომელსაც კი დედამიწაზე უარსებია.  ამერიკული Wesleyan College-ის  მეცნიერთა კვლევის თანახმად,  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3600 წლიდან დღემდე მოხდა დაახლოებით  14600 ომი, რასაც სამ მილიარდზე მეტი ადამიანი  შეეწირა.  და რომ კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ სამასამდე  წელიწადი იყო მშვიდობიანი. არსებობს სხვა კვლევებიც, მაგრამ შედეგები  დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.   ზოგიერთი მეცნიერი  კი,  თვლის,  რომ ადამიანში  დევს  ომის რაღაც გენი ან ჰორმონი, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის  და განსაზღვრავს ადამიანთა  მიდრეკილებას ომისადმი!  ამერიკელი  სოციოლოგი ჰენკ ჰოველინგი მიიჩნევს, რომ  ხალხებში ომის ფსიქოზი ვრცელდება ინფექციური  დაავადებების  ეპიდემიათა  მსგავსად, ანუ საომარი ფსიქოზი ჯერ იბადება ადამიანთა ვიწრო წრეში, განიცდის ინკუბაციას და  შემდეგ ედება და წამლავს გარშემომყოფთ, შედეგად კი მასებს, და საკმარისია მცირეოდენი მიზეზი, ან საბაბი, რაც  საბოლოო ჯამში მთავრდება ომით  და უბედურებით! შორს რომ აღარ წავიდეთ, ამის  ნათელი მაგალითია  ნაცისტური გერმანია  და საუბედუროდ, მსგავსი საომარი ფსიქოზის გამოვლინებების მოწმენი ვართ დღევანდელ რუსეთშიც  და არა  მარტო  იქ...

 

 

     დიახ, კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს,რომ ყველა  ცივილიზაცია, მიუხედავად მათ შორის განსხვავებებისა, პრაქტიკულად ერთი და იმავე გზითა  და სცენარით ვითარდებოდა. ადრე თუ  გვიან, მოდიოდნენ ხელისუფალნი ან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც იმთავითვე იწყებდნენ ომისთვის მზადებას(მაგალითად, სამურაები იაპონიაში  და რაინდები ევროპაში, ნაცისტები გერმანიაში, ბოლშევიკები საბჭოთა კავშირში).

 


...ჩემი  და უფროსი თაობებისთვის კარგად ცნობილი   ცნება ,,გამალებული შეიარაღებაც" , რომელიც  ,,ცივი  ომის" დროს დამკვიდრდა, თან სდევდა ადრე არსებულ ცივილიზაციებსაც. ამა თუ იმ სახელმწიფოს მცდელობა, გაეზარდა არმიებისა  და ფლოტის რაოდენობა, დაუყოვნებლივ იწვევდა მეზობელი სახელმწიფოების ანალოგიურ ქმედებას. ასევე უსარგებლო აღმოჩნდა მცდელობები,  აღმოეფხვრათ ომები  რაღაც  ,,უკანასკნელი  დიდი ომის''  შედეგად. გარკვეულწილად, ამ ლოგიკითა და იდეით ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონი და  თვით  ჩინგიზ-ყაენიც  კი. ასი  წლის წინ, პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმაც იმიტომ გაგზავნა პირველ მსოფლიო ომში ამერიკის საექსპედიციო ჯარები, რომ ერთხელ  და სამუდამოდ წერტილი დაესვა ევროპის კონტინენტზე ომებისთვის, რაც  შემდეგ ერთა ლიგის  შექმნაშიც გამოიხატა. არც ამ  ძალისხმევამ  უშველა მსოფლიოს, მიუხედავად იმისა  რომ ყველა დარწმუნებული იყო- ომები სამუდამოდ  ჩაბარდა წარსულს!  ამ იმედით(და არა ქმედებებით) დამშვიდებულმა ევროპელებმა დაუშვეს ჰიტლერული გერმანიის გაძლიერება და გათავხედება და  მანამდე არნახული კატასტროფა დაატეხეს თავს კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის სახით, რაშიც ლომის წილი უდევს საბჭოთა კავშირის მთავრობასაც  და უშუალოდ იოსებ სტალინს!  რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტით სამარცხვინო გარიგება ჰიტლერთან, პოლონეთის ბანდიტურად შუაზე  გაყოფა, აგრესია ფინეთის წინააღმდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაცია  და ანექსია, იმავდროულად ნაცისტების მიერ ევროპის სახელმწიფოების ოკუპაცია ათასწლოვანი რაიხის შექმნის მიზნით და საბოლოო ჯამში ამ ორი მონსტრის  შეჯახება  ათეულ მილიონობით ადამიანის მსხვერპლითა და მიწასთან გასწორებული ევროპის  შედეგით!    დღეს კი, როცა პუტინის  რუსეთი  კვლავ  განადიდებს ,,ხალხთა  ბელადს", ავიწყდებათ, უფრო სწორად, არ სურთ გახსენება ისტორიული ფაქტებისა, რომელთაც ვერსად დავემალებით. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბანკეტზე  სტალინმა სიტყვასიტყვით ბრძანა  შემდეგი: ,, მე ვიცი, როგორ უყვარს გერმანელ ხალხს თავისი ბელადი, ამიტომ მსურს შევსვა სადღეგრძელო ბატონ ჰიტლერის!" ბერლინში დაბრუნებული რიბენტროპი კი, აცხადებდა, რომ სტალინთან და მოლოტოვთან თავს გრძნობდა  როგორც  საკუთარ  თანაპარტიელებთან(!!!). ცნობილია  ისიც, რომ საბჭოთა ხელმძღვანელები მილოცვას მილოცვაზე უგზავნიდნენ ჰიტლერს ვერმახტის ყოველი ახალი გამარჯვებისა და   ახალი ქვეყნის ოკუპაციის აღსანიშნავად. ანუ, ეს ორი ტოტალიტარული სახელმწიფო მოკავშირეები იყვნენ 1941  წლის 22 ივნისამდე!   ხოლო ლაპარაკი იმაზე, რომ  პაქტს ამოფარებული სტალინი თვითონ ამზადებდა გამანადგურებელ დარტყმას გერმანიის წინააღმდეგ, მაგრამ ჰიტლერმა დაასწროო(როგორც ამას ამტკიცებს თავის წიგნებში ვიქტორ  სუვოროვი),  ვერაფერი შვებაა ისტორიისთვის  და მის მსხვერპლთათვის...

 

 

 9 მაისის  დღესასწაულის წინაპერიოდში  რუსეთში აგორებული აღვირახსნილი პროპაგანდისტული კამპანიით (ინტერნეტით ვადევნებდი  თვალს), რომლის აპოგეაც სამხედრო აღლუმი გახდა, ე.წ. გიორგისეული ბაფთებით მორთული კრემლის ბინადარნი (და  სრულიად რუსეთიც) ცდილობდნენ, მსოფლიოს წინაშე  წარმდგარიყვნენ როგორც იმ გარდასული  ომის ერთგვარი გმირები და რუსული იარაღის  დიდების მემკვიდრეობის გამგრძელებლები, ეს მაშინ, როცა  სინამდვილეში,  არც იმ ომთან და ფართო გაგებით, არც გამარჯვებულ ანტიჰიტლერულ კოალიციასთან, რომელშიც შეერთებული  შტატები  და დიდი ბრიტანეთი შედიოდნენ საბჭოთა კავშირთან ერთად, ამ თვითმარქვიებს არანაირი  შეხება  არ ჰქონიათ (ვერც ექნებოდათ)! სწორედ  ამ არამზადების დამსახურებაა, რომ მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოებრიობა, თითოეული ჩვენგანი პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა  ხსოვნას, ჰაერში  კვლავ დენთის სუნი  ტრიალებს, რომ კვლავ ომის მიჯნაზე ვიმყოფებით  და ვმკითხაობთ,- ღმერთმა  ნუ  ქნას, მაგრამ, მაინც,- როგორი  ომი იქნება? მესამე მსოფლიო ომი? ცივილიზაციათა ომი  თუ ე.წ. ჰიბრიდული ომი?  მისასალმებელია, რომ წითელ მოედანზე პუტინის გვერდით დგომაზე უარი თქვეს დასავლელმა ლიდერებმა, მაგრამ ეს არასაკმარისია, მით უფრო, რომ დღეს  შექმნილი  ვითარება შედეგია  სწორედ ევროპულ-ამერიკული ცივილიზაციის  სიბრმავისა და შემგუებლობისა, რომელიც დასავლეთმა დაუშვა თავისი ძლიერების ზენიტში, როცა რუსეთი, რუსებისავე გამოთქმით, ჩოქბჯენში იყო ჩამჯდარი,  არ მინდა, სხვა უფრო, პოპულარული ტერმინი გამოვიყენო! ახლა კი, სულ უფრო რთულია  და პრობლემატური რუსეთისთვის იმ ,,ადგილის" მიჩენა, რასაც ის დიდი ხანია იმსახურებს...  

 

 

 70  წელი გვაშორებს კაცობრიობის ყველაზე საშინელი ომის დასრულების თარიღს და ალბათ, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ანტიჰიტლერული კოალიციის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს დედაქალაქიდან უკვე  21-ე საუკუნეში გამოითქმებოდა მუქარა, რომ შეერთებულ შტატებს( რომლის მიერ ლენდ-ლიზით გაწეულ ფანტასტიკური მოცულობის დახმარებას  ასე უნამუსოდ უგულებელყოფენ რუსი იდეოლოგები და ისტორიკოსები), ,,რადიოაქტიურ მტვრად და ფერფლად " გადააქცევენ. ამის მთქმელს იმ წლებში  ანარანორმალურად  შერაცხდნენ და მეტიც, ალბათ ცხვირ-პირსაც დაუმტვრევდნენ. დღეს კი, კრემლიდან მიწოდებული ამ მუქარის გამჟღერებელი ,,ჟურნალისტი"(რომელსაც საკუთრივ რუსმა დემოკრატებმა უწოდეს, მაპატიეთ  და ,,პროპაგანდონი") მოსკოვში დააბოტებს და  ,,მამულის წინაშე დამსახურებისთვის" მედალიც უმშვენებს მკერდს, რომელიც საკუთრივ პუტინმა ჩამოჰკიდა!

 

 

 მართლაც, საოცარი ისტორიული პარალელების მოწმენი ვართ. გახსოვთ, ალბათ, ლენინის მაქსიმა: ,,კაპიტალისტები არა მხოლოდ მოგვყიდიან იმ თოკს, რომელზეც შემდეგ მათვე ჩამოვახრჩობთ, არამედ ისინი ამ თოკს გვასესხებენ კიდეც..." როგორ პარადოქსალურადაც  უნდა გვეჩვენებოდეს, ეს გამოთქმა, თავისი არსით, აქტუალურია დღესაც.  ლენინისეული  ,,სასარგებლო იდიოტები", როგორც ის უწოდებდა ევროპელ კაპიტალისტებს, რომლებიც საბჭოთა წარმოებისა და ინდუსტრიის განვითარებაში  კაპიტალს აბანდებდნენ, ხოლო ამ კაპიტალის ნაწილით ბოლშევიკები იმავე  ევროპის ქვეყნებში კომუნისტურ პარტიებს აფინანსებდნენ ადგილობრივი ბურჟუაზიული ხელისუფლებების დასამხობად, როგორც  ჩანს,  მსგავსი  ,,იდიოტები" არ გამქრალან დღევანდელ დასავლეთშიც. მოგებას დახარბებული ევროპული და ამერიკული ფირმები და კომპანიები, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა, მაინც აგრძელებენ  პუტინის რუსეთთან თანამშრომლობას. თუმცა რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ამასწინათ ლიუბეკში გამართულ ,,დიდი  შვიდეულის" საგარეო  საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, გერმანიის საგარეო უწყების  შეფმა შტაინმაიერმა, აშკარად  ფრაუ მერკელთან შეთანხმებით თუ მისი უშუალო მითითებით, გამოთქვა სურვილი, არც მეტი არც ნაკლები, „დიდი შვიდეულის" კვლავ  ,,დიდ რვიანად" გარდაქმნისა  და და ამ კლუბში რუსეთის მიწვევის შესახებ, შემდეგ კი უტიფრად დასძინა: ,,არც ჩემი და არც ნებისმიერი სხვა ადამიანის მხრიდან, ვისაც კი ვიცნობ, არა გვაქვს არანაირი ინტერესი, იზოლაციაში ვამყოფოთ რუსეთი  და გავაგრძელოთ მის მიმართ შეკავების პოლიტიკა". რა თქმა უნდა, მსგავსი დითირამბების შემდეგ, პუტინი არ დაიხევს უკან და არ შეცვლის აგრესიულ პოლიტიკას. მეტიც, დასავლეთის სანქციების საპირწონედ ანტისანქციების  შემოღებით, რის შედეგადაც ბევრ იმპორტულ პროდუქციასა და  პროდუქტს  მოსწყვიტა საკუთარი მოსახლეობა, და ამით დარტყმაც მიაყენა დასავლელ მწარმოებლებს ერთადერთი მიზნით -  მათ საკუთარ მთავრობებზე ზეწოლით აიძულონ ლიდერები,  მოუხსნან რუსეთს სანქციები! არ ვიცი, რას იტყვის გაზულუქებული ბიურგერი შტაინმაიერი, როცა პუტინი უკრაინის  შემდეგ უკვე მიხრწნილი ნაზარბაევის ყაზახეთსაც მიადგება (სულ უფო ხშირად ვრცელდება ,,ცნობები"  ყაზახეთში რუსული მოსახლეობის ,,ჩაგვრის" შესახებ), მაგრამ მისი აზრი აღარავისთვის იქნება საინტერესო და მისაღები, ისევე როგორც  ჩემბერლენის  ვაი-ვიში  ჰიტლერის მიერ ჩეხოსლოვაკიის ანექსიის შემდეგ...

 

 

და კიდევ;  მეორე  მსოფლიო ომმა და იალტისა და პოტსდამის კონფერენციების შედეგებმა  სერიოზულად შეცვალა მსოფლიო რუკა  და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები. დღემდე არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები  და ინსტიტუტებიც  მეორე მსოფლიო ომის შედეგების მემკვიდრეობაა, თუმცა გასული  70  წლის მანძილზე  საერთაშორისო  თანამეგობრობამ მაინც  ვერ შეძლო ომებისა  და კონფლიქტების  თავიდან აცილება - კორეაში, ვიეტნამში, ახლო  და  შუა აღმოსავლეთში, აფრიკასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, პოსტსაბჭოთა  სივრცეში. უარესიც, ომის შემდგომ   ასპარეზზე გამოსული ორი სუპერსახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატები  და საბჭოთა კავშირი უშუალოდ მონაწილეობდნენ ომებსა  და კონფლიქტებში. განსხვავება მათ  შორის ის იყო, რომ საბჭოთა კავშირი კომუნიზმის გავრცელებას ცდილობდა, მაშინ როცა შეერთებული შტატები  თავისუფლებისა და დემოკრატიის დამცველად გვევლინებოდა. შედეგებიც სახეზეა: აყვავებული და ეკონომიკურ ვეფხვად წოდებული სამხრეთ კორეა და უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკი - კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა; ჩაოხრებული ვიეტნამი, კუბა და ნიკარაგუა და აღორძინებული, წარმატებული ჩილე  და ა.შ. აღარაფერს ვამბობ დასავლეთ ევროპაზე, რომელიც მარშალის გეგმის წყალობით დადგა ფეხზე და მოვიდა დღემდე, მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპას კიდევ დიდხანს მოუწია რუსული ჩექმის ქვეშ ყოფნა. სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად საბჭოთა ხალხების მიერ ამ ომში გაღებული უზარმაზარი მსხვერპლისა, კრემლის პოლიტიკის ,,წყალობით" საბჭოთა ჯარისკაცებს მაინც ოკუპანტებად მოიხსენიებდნენ, მაშინ როცა მსგავსი არაფერი ყოფილა ამერიკელების მიმართ დასავლეთ ევროპაში!  ქედს ვიხრი  რა  ამ ომში დაცემული საბჭოთა ჯარისკაცების და მათ შორის, პაპაჩემის ხსოვნის წინაშე, რომლის სახელსაც ვატარებ, მინდა, ვთქვა ამერიკელი ჯარისკაცების შესახებაც: არასოდეს მსოფლიო ისტორიაში სხვა ქვეყნებისა  და ხალხების ჭეშმარიტი თავისუფლებისათვის არავის გაუკეთებია იმდენი და გაუღია მსხვერპლი, რამდენიც ამერიკელ ჯარისკაცს. ეს მან დადო თავი ორ მსოფლიო ომში ევროპის კონტინენტზე, რათა გამარჯვება დაეჩქარებინა და მშვიდობა და თავისუფლება დაემკვიდრებინა. ასე მოვიდა დღემდე  და მსოფლიოს ცხელ წერტილებში, ახლო და შუა აღმოსავლეთში, ცუდად თუ კარგად, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად კვლავ ამერიკელი ჯარისკაცი  რჩება.  მოვა დრო და ის იტყვის თავის სიტყვას პოსტსაბჭოთა სივრცეშიც... 

 

 

 და ბოლოს: 1940  წელს ჰარვარდის კოლეჯის  სტუდენტმა ჯონ კენედიმ დამამთავრებელ კურსზე  დაწერა დისერტაცია  სახელწოდებით ,,While England slept" (მაშინ, როცა  ინგლისს ეძინა) , რომელშიც მომავალი პრეზიდენტი წერდა ინგლისის უუნარობაზე, აღეკვეთა მეორე მსოფლიო ომი, თანაუგრძნობდა  პრემიერ-მინისტრ ნევილ ჩემბერლენს და ამტკიცებდა, რომ ადრეული ომი  გერმანიასა და ინგლისს შორის, ამ უკანასკნელის კატასტროფით დასრულდებოდა. ახალგაზრდა კენედი, მამის, ჯოზეფ კენედის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომელიც მაშინ ამერიკის ელჩი გახლდათ დიდ ბრიტანეთში. ის ემხრობოდა ჩემბერლენის ,,სამშვიდობო" პოლიტიკას  და ცდილობდა ჰიტლერთან შეხვედრასაც, რათა ,,გაეუმჯობესებინა ამერიკასა  და გერმანიას შორის ურთიერთობები". მეტიც, ჯოზეფ კენედი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამერიკის მხრიდან ინგლისისთვის დახმარების გაწევისა და გაზეთ ,,ბოსტონ სანდეი გლოუბ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ აცხადებდა: ,, ინგლისი არ იბრძვის დემოკრატიისთვის...დემოკრატია ინგლისში დამთავრებულია. ომი ვერ გადაარჩენს დემოკრატიას ნაციონალ-სოციალიზმისგან". ეს განცხადება ალბათ  საამურად  მიესალბუნებოდა მოლოტოვის ყურს, რომელიც იმავე პერიოდში ამბობდა, რომ ,,შეუძლებელია, ომით გაიმარჯვო ნაციონალ-სოციალიზმის იდეებზეო".  ხოლო, როცა გაჩაღდა ბრძოლა ინგლისისათვის  და ლონდონის დაბომბვებმა სიტემატური ხასიათი მიიღო, ამ  ომახიან და მხნე ამერიკელ ელჩს უმალ მიაწებეს ,,Jittery Joe"-ს (ნერვიული, აკანკალებული ჯო) იარლიყი, -  საჰაერო განგაშის დროს  ჯოზეფ კენედი პირველი გარბოდა ბომბსაფარში, ისე  რომ, საელჩოს თანამშრომელ ქალებსაც კი უსწრებდა წინ...



არ ვიცი, გაასწრებს თუ არა თავშესაფარში  ფრაუ მერკელს  ჰერ შტაინმაიერი, თუ, ღმერთმა დაიფაროს და, რუსეთსა და დასავლეთს  შორის კონფრონტაცია ომში გადაიზარდა, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებულ ეპოპეაში დასავლელ ლიდერთა  კაპიტულანტური პოლიტიკა კვლავაც  სამარცხვინო ლაქად დარჩება  ისტორიაში... 





სპეციალურად „ რეპორტიორისთვის"


ზურაბ მჭედლიშვილი ნიუ-იორკიდან 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016