reportiori.ge - ქართველი გენერლები მეორე მსოფლიო ომში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 18:27
სხვადასხვა
ქართველი გენერლები მეორე მსოფლიო ომში
ავტორი:
08 მაისი, 2015. 19:16



როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველოში არ არსებობს ოჯახი, ვისაც მეორე მსოფლიო ომში ვინმე არ ჰყავდეს დაკარგული. ამ ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა ჩვენს ქვეყნას. მარტო საქართველოდან სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან 200 ათასი დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა, ასი ათასზე მეტი ხეიბარი დაბრუნდა.



ომის პერიოდში შეიქმნა რამდენიმე ქართული დივიზია. 224-ე ქართული დივიზია მონაწილეობდა ბრძოლებში ქერჩთან, რომელიც მთლიანად განადგურდა. 242-ე, 392-ე და 414-ე დივიზიები კი კავკასიის დასაცავად იბრძოდნენ. ქართველები ასევე აქტიურად იბრძოდნენ პარტიზანულ ომებშიც.



დღევანდელ სტატიაში საქართველოს ამ უახლესი ისტორიის გასახსენებლად ახალს ვერაფერს დავუმატებთ, რადგან მეორე მსოფლიო ომზე და მასში ქართველების მონაწილეობაზე მრავალი წიგნი და სტატია დაიწერა 70 წლის განმავლობაში. მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ამბავს შევთავაზებთ ომის ქრონიკებიდან ჩვენს მკითხველს. ასეთი კი უამრვი ფაქტია შემონახული, იმ გმირებზე, რიგით ჯარისკაცებზე, თუ სარდლებზე, რომლებმაც სამხედრო საქმეს მოახმარეს მთელი თავიანთი ნიჭი და უნარი. ხოლო როცა საჭირო იყო, უანგაროდ შესწირეს სიცოცხლე.



მეორე მსოფლიო ომის ერთი ასეთი მეომართაგანი იყო საბჭოთა კავშირის გმირი, გენერალ-ლეიტენანტი კონსტანტინე ლესელიძე. მისი საბრძოლო ბიოგრაფიის ფურცლებში სამუდამო ჩაიწერა მტერთან შერკინება ბრესტის მიდამოებთან, მინსკთან, ბერეზინასა და დნეპრზე. ბრძოლები მოსკოვის მახლობლად. ტულის დაცვა, ბრძოლა კავკასიისთავის, ნოვოროსიისკის შტურმი, ტამანის ნახევარკუნძულისა და მარჯვენა ნაპირის უკრაინის განთავისუფლება.



კონსტანტინე ლესელიძე ომის დაწყების პირველივე დღეებს საბჭოთა კავშირ-გერმანიის საზღვართან ბრესტში შეხვდა (იქ მდგომი კორპუსის არტილერიის უფროსი იყო) სადაც 1941 წლის 22 ივნისის დილის 4 საათზე, გამთენებისას ცაში აიჭრა ჰიტლერელთა პირველი ჭურვები.



როგორც მისი თანამედროვენი წერდნენ, ომის პირველივე დღეებში, გამარჯვების იოლად მოყვარული ჰიტლერის გენერალიტეტმა სწორედ ბრესტში იგემა საბჭოთა არტილერიის უდრეკი ძალა და აზრადაც არ მოუვიდოდათ, თუ რა შავი დღე ელოდათ მოსკოვთან, სტალინგრადთან, კურსკთან და რომ საერთოდ ომი ფაშისტური გერმანიის განადგურებით დამთავრდებოდა.



თუ, როგორ დაიწყო ბრძოლა ლენინგრადისათვის და რა წვლილი მიუძღვის მის განთავისუფლებაში ჩვენს თანამემამულეს, გენერალ-ლეიტენანტ ვასილ მჟავანაძეს, მისი ქალიშვილი ნინა მჟავანაძე "რესზონანსთან" რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს იხსენებს.



"1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას, ფაშისტური არმიის დაჯგუფება "ჩრდილოეთი" ლენინგრადისა და კრონშტადტის ასაღებად ბალტიისპირეთისაკენ დაიძრა. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ქალაქ ლენინგრადსა და ლენინგრადის ოლქში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. 25 ივნისს ფინეთმა ხელახლა გამოუცხადა ომი საბჭოთა კავშირს. მამა ამ დროს ფინეთის საზღვარზე განლაგებული მე-8 არმიის შტაბის კომისარი იყო. ფინელები შეტევაზე გადმოვიდნენ, მაგრამ ოთხი დღის სასტიკი, სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს. 29 ივნისს კი ლენინგრადში პირველი ევაკუაცია გამოცხადდა.



"გერმანელებს სტრატეგიული პოზიციის დაკავება ესაჭიროებოდათ, რათა ლენინგრადისაკენ დაძრულიყვნენ, მაგრამ მე-8 არმიამ ჰიტლერელთა მთავრსარდლობა აიძულა შეეჩერებინა ლენინგრადის ასაღებად გამომგზავნილი დამრტყმელი არმია. ფაშისტების გეგმა- სწრაფად აეღოთ ლენინგრადი, ჩაიშალა.



"ლენინგრადის ფრონტის მთავარსარდლობის ბრძანებით, 1941 წლის სექტემბერის ბოლოს მე-8 არმია ორად გაიყო. ნაწილი ზღვის მისადგომებს იცავდა, ნაწილი კი ლენინგრადის მიმართულებით დაიძრა, რათა ქალაქი ორანიენბაუმი დაეცვა.



"მამა ფეხოსანთა სახმელეთო ოპერატიული ჯგუფის 118-ე მსროლელი დივიზიის კომისრად დაინიშნა, რომელსაც ფაშისტების ალყა უნდა გაერღვია. ქალაქ ორანიენბაუმთან (ლომონოსოვო) 118-ე მსროლელმა დივიზიამ სისხლიანი შეტაკებით აიღო ფაშისტების გამაგრებული პოზიციები, გაარღვია ალყა და ქალაქის გარშემო განლაგდა.



"28 ოქტომბერს ლენინგრადის სამხედრო საბჭომ ზღვისპირა ოპერატიული ჯგუფი დააკომლექტა. სარდლად გენერალ-მაიორი ასატინი დაინიშნა, მოადგილედ - ბრიგადის კომისარი ვასილ მჟავანაძე. მამას ლენინგრადისა და მისი მიმდებარე ზღვისპირა ტერიტორიის კონტროლი და დაცვა ევალებოდა" - ისენებს ნინა მჟავანაძე.



დიდი ფეხბურთი ბლოკადის დროს



"უმძიმეს მდგომარეობაში იყო ლენინგრადი. 1941 წლის სექტემბრის ბოლოს 280-მა ფაშისტურმა თვითმფრინავმა ქალაქში 520 ფუგასური ბომბი ჩამოაგდო. ეს იყო ყველაზე მასშტაბური დაბომბვა დიდი სამამულო ომის განმავლობაში. ჰიტლერი ჩქარობდა, მას სწრაფად, ზამთრის დადგომამდე უნდა აეღო ლენინგრადი, შემდეგ მოსკოვი. ამიტომ უტევდნენ ლენიგრადს ყველაზე ძლიერი არმიები. მარშალი ჟუკოვი წერდა: "ფიურერის უპირველესი ამოცანა მოსკოვისა და ლენინგრადის მიწასთან გასწორება იყო. ეს ორი ქალაქი ავიაციას უნდა გაენადგურებინა.



"1941 წლის 20 ნოემბრიდან ლენიგრადელებს მეხუთედ შეუმცირეს სასურსათო ნორმა - მუშებს დღეში 250 გრ. პური ეკუთვნოდათ, დანარჩენებს 125 გრამი. ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს დღეში 500 გრ. პური ეძლეოდათ. ზურგში მყოფ ჯარისკაცებს - 300 გარმი. ეს იყო და ეს...



"როგორც აღვნიშნე, მამაჩემი ვასილ მჟავანაძე 1941 წლის 28 ოქტომბერს ზღვისპირა ოპერატიული ჯგუფის კომისრად დაინიშნა. ამ ჯგუფის შემადგენლობაში საზღვაო ფეხოსანთა რამდენიმე დივიზია და რამდენიმე ბრიგადა შედიოდა. მის დაქვემდებარებაში დაახლოებით 50 ათასი ოფიცერი და ჯარისკაცი იმყოფებოდა. ეს ჯგუფი საბრძოლ მოქმედებებს ქალაქის საზღვრების გასწვრივ აწარმოებდა. 1942 წლის იანვარში ლენინგრადის ფრონტის პოლიტსამმართველოს გადაწყვეტილებით მამა ლენინგრადის ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრად წარადგინეს" - იხსენებს ნინა მჟავნაძე და მოჰყავს ნაწყვეტი ლენიგრადელი კორესპოდენტის წერილიდან:



"დიდი სამამულო ომის წლებში ლენინრადის დამცველთა რიგებში იდგა გენერალი ვასილ მჟავანაძე. ზღვისპირა ოპერატიულმა ჯგუფმა, რომლის სამხედრო საბჭოს წევრიც იგი გახლდათ, შეუძლებელი შეძლო, რათა ქალაქი ლომონოსოვი - ორანიენბაუმი მტერს ხელთ არ ჩაეგდო.



"ეს ის ქალაქი გახლდათ, რომელშიც დღემდე შემონახულია მსოფლიოს არქიტექტურის შედევრები, დიდებულად ნაგები სასახლეები და თვალწარმტაცი პარკები. ამ ქარცეცხლიან დღეებში ყოველი კულტურული აქცია ხალხის გამძლეობის შანრჩუნებას ემსახურებოდა და სწორედ მჟავანაძემ აიღო თავის თავზე ინიციატივა, ჩაეტარებინა ფეხბურთის მატჩი, რომელმაც განაცვიფრა მტერი და ლენიგრადელთა თავგანწირვისა და სიმამაცის კიდევ ერთ დადასტურებად მოგვევლინა. ფეხბურთი ფაშიზმის წინააღმდეგ, საბრძოლველად მძლავრი იარაღიაო" - ამბობდა ვასილ მჟავანაძე.



"ორმოცდაორის ალყაშემორტყმული ლენინგრადი - დიდი და პატარა ააღელვა ცნობამ, რომ სტადიონზე ფეხბურთის მატჩი შედგებოდა. წარმოიდგინეთ, შიმშილისაგან დაძაბუნებული მშვიდობიანი მოსახლეობა დღეში 150 გრამი პურით რომ სულდგმულობს. მტერი გააფთრებით გიტევს, ჯარისკაცები უკანასკნელ ძალას ზოგავენ გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ფაშისტები 4 კმ-ით არიან დაშორებული ქალაქიდან. გებელსი ლენინგრადს მკვდართა ქალაქს ეძახის. გერმანული პრესა გაჰყვირის, რომ რამდენიმე დღეც და ჩრდილოეთის პალმირა ჩვენი იქნებაო... და უცებ- საომარი ვითარებისათვის სრულიად მოულოდნელი, მშვიდობიანი ცხოვრების დამახასიათებელი აქტი- ფეხბურთის მატჩი...



"1942 წლის 6 მაისი, ლენინგრადის "დინამოს" სტადიონზე ერთმანეთს ხვდებიან ქალაქის გარნიზონისა და "დინამოს" ფეხბურთელები. იწყება უსასტიკესი საარტილერიო დაბომბვა. ყუმბარები "დინამოს" სათადარიგო მოედანზე ცვივა. სტადიონზე კი მაინც მოსულა მაყურებელი.



"მატჩი შედგა - ყველა ფეხბურთელისათვის მეტად საპატიო მატჩი. "დინამომ" 6:1 მოუგო ჯარისკაცთა გუნდს, მაგრამ ანგარიში რა მოსატანია, ყოველმა მათგანმა სული და გული ჩადო ამ თამაშში. თითქოს მტერს უმტკიცებდა - "ჩვენ არ გვეშინა თქვენი, ფეხბურთიც კი ვითამაშეთო." მართალი გამოდგა, ვასილ მჟავანაძე როცა ამბობდა: "ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოწინააღმდეგე, რომ ლენინგრადი გამარჯვების რწმენით ცხოვრობს, რომ ვერც შიმშილი, ვერც სიცივე, ვერც ტყვიების განუწყვეტელი ზუზუნი ვერ გაგვტეხს და გამარჯვების რწმენას ვერ შეგვირყევს".



"დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გმირმა ქალაქმა გმირული მატჩი ჩაატარა, მაგრამ პეტერბურგელებს დღემდე კარგად ახსოვთ, ის სულიერი აღტყინება, სიცოცხლის ჟინი და შეუპოვრობა, ამ თითქოსდა უმნიშვნელო ეპიზოდმა რომ მოუტანა ლენინგრადელებს".



"მამას არ უყვარდა თავის თავზე ლაპარაკი და არც ხაზს უსვამდა, თუ რაოდენ დიდი როლი შეასრულა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისათვის მზადებაში. ამაზე სხვები ლაპარაკობდნენ. მე მხოლოდ ერთს აღვნიშნავ - იგი ერთ-ერთი პირველი დახვდა მტერს ფინეთის ყურესთან, როდესაც მე-8 არმიის შტაბის კომისარი იყო. ხოლო როდესაც 42-ე არმიის სამხედრო საბჭოს წევრად დანიშნეს, სწორედ ამ არმიამ გაარღვია პირველად ბლოკადის ნაწილი.



"ამის შემდეგ დაიწყო აქტიური საბრძოლო მოქმედებები ბლოკადის მთლიანი რკალის გასარღვევად. ხშირად მიფიქრია, რა ძალა და რწმენა ჰქონდათ ასეთი, რომ იმ უმძიმეს დროს, უმძიმეს მდგომარეობაში სულით არ დაეცნენ, ფარ-ხმალი არ დაყარეს, ბედს არ დანებდნენ.



"1943 წელი არა მარტო ბლოკადური ლენინგრადისათვის, არამედ მთლიანად მეორე მსოფლიო ომისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. ლენინგრადის ბლოკადის გარღვევამ მთლიანად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკის მესვეურთა დამოკიდებულება ომის მსვლელობისადმი. თვით ჩერჩილმა და რუზველტმა სტალინთან დესპანები გააგზავნეს, რათა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე დაეწყოთ მოლაპარაკება" - იხსენებს "რეზონანსთან" ნინა მჟავანაძე.



თეირანის კონფერენცია



თეირანის კონფერენცია 1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე მიმდინარეობდა, მასში სამი დიდი ქვეყნის მეთაურები - სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი მონაწილეობდნენ. სწორედ აქ გადაწყდა საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომის ბედი და ამ კონფერენციაზე მოაწერეს ხელი მეორე ფრონტის გახსნის დოკუმენტს.



მკითხველს თავს არ შევაწყენთ, კონფერენციის პოლიტიკური და სტრატეგიული საკითხების შეფასებით, მხოლოდ ორ ქართველზე შევჩერდებით, რომლებიც თეირანის კონფერენციის მომზადებაში მონაწილეობდნენ.



სტალინის ბრძანებით, თეირანში მაღალი დონის შეხვედრის სამეურნეო საკითხების მომზადება დაევალა ალექსანდრე ეგნატაშვილს. იგი კრემლის კომენდანტის მოადგილედ მუშაობდა და ახლო ურთიერთობა ჰქონდა სტალინთან.



მეორე ქართველი, რომელსაც თეირანის კონფერენციაზე სტალინის უსაფრთხო ჩაყვანა ევალებოდა, გრიგოლ ქადაგიძე იყო. პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ომის დაწყების წინ მოსკოვი-კურსკის სარკინიგზო სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა. 1943-1946 წლებში კი ხელმძღვანელობდა მოსკოვი-რიაზანის რკინიგზის მაგისტრალს, რომელიც ფრონტს ურალთან აკავშირებდა. სწორედ მან უზრუნველყო სტალინის უსაფრთხო მგზავრობა მატარებლით თეირანამდე, სადაც პირადად ახლდა.




წყარო: http://www.resonancedaily.com/






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016