ფრანგულმა გაზეთმა „ლემონდმა" ვრცელი სტატია მიუძღვნა მის ქვეყანაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის კეზერაშვილის დაკავების ფაქტს. წერილში ნათქვამია, რომ იგი ლონდონიდან საფრანგეთის გავლით ალბანეთში, ტირანაში მიემგზავრებოდა. გაზეთი ხაზს უსვამს ფრანგი და ქართველი სამართალდამცავების ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას - განსაკუთრებით ამ ქვეყნების პოლიციელთა ინტერპოლის ეროვნული ბიუროებისას. სტატიაში გაანალიზებულია ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაზეც ექს-მინისტრს ქართველი სამართალდამცავები უყენებენ ბრალს.
რაც ფრანგულ პრესას გამორჩა
ექსპერტები გაოცებას ვერ მალავენ, თუ როგორ შესძლო წაგებულ ომში სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრმა ერთ წელიწადში ქვეყანაში უმდიდრესი ადამიანი გამხდარიყო. იგი გახდა მონოპოლისტი ლატარიისა და ნავთობის ბიზნესში. თუ რა გზებით ხდებოდა ეს, ერთი მაგალითიც ბევრის მთქმელი იქნება.
2010 წელს კეზერაშვილმა ძალის გამოყენებით, ფოთის პორტის ტერმინალის მფლობელი, ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე უკანონო პატიმრობაში აიყვანა და 4-დღიანი არაადამიანური მოქცევის შემდეგ აიძულა გემმისადგომი უკვე ექს-მინისტრის სახელზე გადაეფორმებინა. თანაც, ისე რომ, მფლობელისათვის ერთი თეთრიც არ გადაუხდია„
მაშინ ვინ გაუბედავდა კეზერაშვილს ჩივილს, მაგრამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხალხმა შვებით ამოისუნთქა და პროკურატურა აივსო ქონებაჩამორთმეულთა საჩივრებით - ამბობს ნიჟარაძის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. დაიწყო გამოძიება. მაგრამ საერთო კოჰაბიტაციის ფონზე საქმე გაიყინა და ადგილიდან არ იძვრის. ბიზნესმენის უფლებების დამცველი აკონკრეტებს, რომ ამ საქმეში ფიგურირებენ სააკაშვილის დროინდელი შსს-ს მაღალჩინოსნები, რომელთა უმეტესობა დღესაც თანამდებობაზეა. ადვოკატი თვლის, რომ დღეს ფოთის პორტი მთლიანად კეზერაშვილის გავლენის სფეროა.
ექსმინისტრი მიხვდა, რომ მის თავზე შავი ღრუბელი იკრიბებოდა. მანაც მთელი თავისი ბიზნესი ვინმე იაკობაშვილის სახელზე გადაიტანა: როგორ აღომჩნდა მთელი ბიზნესი იაკობაშვილის ხელში? - კითხულობს ხაჭაპურიძე და თავადვე პასუხობს! დგას თუ არა ამის უკან დღევანდელი ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან ვინმე, ძნელი სათქმელია, ამას დრო გამოაჩენს.
კეზერაშვილმა კონტრნაბიჯი გადადგა. მის მიერვე ქონებაწართმეულ ბიზესმენ ნიჟარაძეზე და ადვოკატ ხაჭაპურიძეზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა, იგი მილიონ-მილიონ დოლარს ითხოვს თითოეულისგან - მათ ჩემი, როგორც ბიზნესმენის სახელი შებღალეს და საქმიანობაში ხელი შემიშალესო.
ხაჭაპურიძემ გაარკვია, რომ ექსმინისტრს ამ საქმეში 2 ადვოკატი ჰყავს. ერთი მინდობილობა გამოწერილია ისრაელში, მეორე - ლონდონში. გამოდის, რომ იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა მთელ ევროპაში.
პირველად ინსტანციაში ნიჟარაძე-ხაჭაპურიძის წყვილმა სასამართლო მოიგო. კეზერაშვილის მთლიან ქონებას ყადაღა დაედო. ბუნებრივია, კეზერაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ მოსამართლეებზე დიდი ზეწოლაა, რათა კეზერაშვილის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანონ. ადვოკატი ხაზს უსვამს სასამართლოს გადაწყვეტილების უდიდეს მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისათვის. მოსამართლეთა ვერდიქტს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ შევიწროებული და დაჩაგრული ბიზნესმენებიც. რადგანაც ახლად მიღებული კანონი -„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ", შეიძლება პირველად ამოქმედდეს.
თუმცა, კეზერაშვილის ფრანგული ინტერპოლის მიერ დაკავებამ, გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააგდო სამართალდამცავი სტრუქტურები.
ზაზა ბილიხოძე
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"