ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წართალაში, 24 მაისს, 13:00 საათზე, ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პოეტი და მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი საკუთარ „facebook”-გვერდზე ავრცელებს.
ღანიშაშვილი ფესტივალის შესახებ ინფორმაციას დეტალურად აღწერს და ყველას მასზე დასწრებისკენ მოუწოდებს. როგორც მწერალი განმარტავს, ფესტივალზე დასწრების მსურველთა რაოდენობა შეუზღუდავია.
“ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი
2015 წელი 24 მაისი, კვირა, 13. 00 სთ.
ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭართალა, ილტოს ხეობა
მწერალთა დამოუკიდებელ გაერთიანება კავშირ პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" პროექტი "მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარები" და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა (კულტურის სამსახური) გთავაზობთ ახალ, ყოველწლიურ, რეგიონალურ პროექტს - „პოეზიის ფესტივალი: ლექსობა-კაფიაობა ილტოს პირას“.
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ლექსობა-კაფიაობის ნიჭით დაჯილდოებულ ყველა მსურველს.
ფესტივალის მონაწილეები წაიკითხავენ თავიანთ ურთიერთმილექსებებს, ექსპრომტად იკაფიავებენ ცოცხალ გარემოში.
ფესტივალზე არ განაწილდება ადგილები, არ გაიცემა პრიზები და ჯილდოები. ერთადერთი ჯილდო, რაც მონაწილემ აქედან შეიძლება წამოიღოს, იქნება ფესტივალის მონაწილის სამახსოვრო სიგელი, მსმენელის ტაში და ნახულ-მოსმენილით გამოწვეული დაუვიწყარი შთაბეჭილება.
ფესტივალზე მოწვეული იქნებიან ქართული ხალხური ესტრადის ცნობილი შემსრულებლები.
პოეტებსა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, წაიკითხონ თითო ლექსი, წარმოთქვან მოკლე სიტყვა, გამოავლინონ თავიანთი შემოქმედება და პიროვნული დამოკიდებულება ფესტივალისადმი.
ფესტივალის ვიზუალური მხარე და სასცენო გარემო გაფორმებული იქნება მთისთვის დამახასიათებელი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული აქსესუარებითა და ელემენტებით, გამოიფინება ახმეტის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ისტორიულ-კულტურული ექსპონატები.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ შუასაკუნეების ციხე-ქალაქი კვეტერა, კოპალის სალოცავის ნიში, ილტოს კავკასიონის ეგზოტიკური ხედები და დატკბნენ მისი განუმეორებელი სილამაზით.
ფესტივალზე დასწრების მსურველთა რაოდენობა შეუზღუდავია.
ფესტივალის მონაწილეთა ტრანსპორტირება მოხდება უფასოდ.
თბილისიდან გასვლა: დილის 8.00 სთ-ზე, უკან მობრუნება - 19.00 სთ-ზე.
შეკრების ადგილი: ვარდების მოედანი, სასტუმრო „რედისონის“ (ყოფილი „ივერიის“) შენობის წინ.
გთხოვთ, გვეწვიოთ!
იდეის ავტორი და ორგანიზატორი: მიხეილ ღანიშაშვილი.
P.S. თუ ფესტივალის სპონსორობით დაინტერესდება ან ორგანიზაციულ საქმეებში დახმარების სურვილი გაუჩნდება ვინმეს, შეუძლია, მომწეროს პირადში ან დამირეკოს ტელეფონზე: 599 56 17 90“, - წერს ღანიშაშვილი.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)