გუშინ, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოსაძიებელ კომისიასთან" დაკავშირებით გამოეხმაურნენ არჩილ კბილაშვილი,ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი. თითოეული მათგანი თვლის, რომ „ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოსაძიებელი კომისია" ვერ შეძლებს ლაფანყურის საქმის გამოძიებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას, რამეთუ აღნიშნულ კომისიას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ძალა. „რეპორტიორი"უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდა.
„მე ვეთანხმები კბილაშვილს, ღარიბაშვილს და სუბარს, რასაც „ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოსაძიებელი კომისია" მოიპოვებს არ იქნება სავალდებულო ჩვენს მიერ მოპოვებული ფაქტებით იხელმძღვანელონ. ეს არის ერთადერთი მიზნით შექმნილი კომისია, რომ მოხდეს ლაფანყურის საქმეზე ინფორმაციების და ფაქტების დოკუმენტირება და გამოძიებისთვის გადაცემა ეგრეთწოდებული ხელისშეწყობის მიზნით, ეს ასევე შეუწყობს ხელს ერთგვარი დასკვნის გამოტანასაც. თუმცა კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტები არ იქნება სავალდებულო და სამართლებრივი ძალის მქონე არავისთვის, მითუმეტეს პროკურატურისთვის, უბრალოდ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რათა მოხდეს დოკუმენტირება ყველა იმ მითითების, ფაქტის თუ დარღვევის, რომელსაც ადგილი ჰქონდა.ეს არ არის არანაირი ძალის მქონე თუმცა მაინც ხელისშემწყობია გამოძიებისთვის და არა ჩანაცვლება იმ გამოძიების რასაც აწარმოებენ."- განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში უჩა ნანუაშვილმა.