„თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ლარის კურსის გაუფასურების პროცესში მთავრობისა და ეროვნული ბანკის თანაბარ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ კუთხით ორივე ერთნაირად დამნაშავეა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის დევალვაცია ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროიდან დაიწყო.
„რეალურად, ლარის კურსი გარბის, უფასურდება, ვერც ვერაფერს შველიან და ყველაფერს ერთმანეთს აბრალებენ. ეროვნული ბანკიც და მთავრობაც, ორივე დამნაშავეა, ეს ერთიანი გუნდია მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას ატარებს. მოდით, განვიხილოთ, რამ განაპირობა ლარის ასეთი დასუსტება? მცდარია აზრი, თითქოს, ეს ბოლო ორი წლის მანძილზე მოხდა. ლარი მანამდეც დაავადებული იყო. 9 წლის მანძილზე სააკაშვილის მთავრობა ისეთ პოლიტიკას ატარებდა, რომელიც ფულადი მასის შეზღუდვისკენ იყო მიმართული. ანუ, ზედმეტ ფულად მასას მიმოქცევაში არ უშვებდნენ, არც საინვესტიციო კლიმატის ჩამოყალიბებაზე ზრუნავდნენ. ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების შემოდინებას მართვა სჭირდება, რისი კომპეტენციაც არ ჰყოფნიდათ. ეს „ნაცმოძრაობის" თავის ტკივილი იყო. ამიტომ, მათ მარტივი პოლიტიკა არჩიეს - შეზღუდული ფულადი მასა და უმუშევრობა. ამიტომაც არ უზრუნიათ დიდად უმუშევრობის დაძლევაზე, რადგან ამ დროს სავალუტო კურსის დაჭერა და რეგულირება მარტივია. ახალი მთავრობის დროს დაიწყო სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში", რაშიც დიდი თანხები ჩაიდო, რომელიც ჯერ დასაქონლებული არაა. ანუ, პროექტებმა მომგებიან წერტილზე გასვლა ვერ მოასწრო, რამაც აღნიშნულ პროცესზე იმოქმედა. ზოგი ლარის გაუფასურებას გარეფაქტორებს აბრალებს. გარკვეულწილად, ასეცაა - საქართველოდან, სხვადასხვა მიზეზების გამო, ვალუტის გადინების შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღევანდელი მთავრობის სისუსტე ისაა, რომ ვერ შექმნა წინაპირობა, რათა საინვესტიციო კაპიტალი მოზიდულიყო, ანუ, გრძელვადიანი, იაფი კაპიტალის მოზიდვის და დაბანდების ხელსაყრელი პირობები", - განაცხადა ვახტანგ ხომიზურაშვილმა.
წყარო: გაზეთი „საერთო გაზეთი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)