„მე არ ვიცოდი, რომ ომი იწყებოდა, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, ჩემთვის ეთქვათ," - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.
"ომი რომ დაიწყო, მე არ ვიცოდი, რომ იწყებოდა ომი, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ. ქვეყანაში იწყება ომი და პატრიარქმა არ იცის. მაინც გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი. ვნახეთ, მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. იმდენად საშიში იყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ჩვენს მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ სხვა მანქანები ახლდა, რომ ჩვენთვის სნაიპერს არ ესროლა. გორი მკვდარი ქალაქი იყო. ქუჩაში ადამიანს ვერ დაინახავდა კაცი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ წამოსულები იყვნენ. ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში", - გაიხსენა უწმინდესმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მალე დადგება ისეთი დრო, როცა ოსები და აფხაზები მიხვდებიან ამას და ისევ დაბრუნდებიან საქართველოს ფარგლებში", - აღნიშნა ილია მეორემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რომელი ადგილი ენატრება ყველაზე მეტად აფხაზეთში, უწმინდესმა უპასუხა, რომ სოხუმი და გულრიფში ენატრება.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)