reportiori.ge - რა იმალება თურქეთის ანტირუსული დემარშის უკან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:36
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა იმალება თურქეთის ანტირუსული დემარშის უკან?
14 მაისი, 2015. 14:16


ანკარა-მოსკოვის ურთიერთობებში რეგიონული მასშტაბის სენსაცია მოხდა: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ 12 მაისს, ანტალიაში ყოფნისას, რუსეთის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა. ჩვენაო, - განაცხადა მინისტრმა, - მზად ვართ კონსტრუქციული როლი შევასრულოთ რუსეთისა და დასავლეთის უთანხმოების მოგვარებაშიო, მაგრამ რუსეთიც მაგარი ხვითოა - ძალიან ცუდს უკეთებს თავის მეზობლებსო. მინისტრმა დაასახელა კიდეც რუსების მიერ დაჩაგრული მეზობლები: საქართველო და უკრაინა.


მევლუდმა არც ყირიმელი თათრები დაივიწყა (თურქეთს მათ მიმართ ნოსტალგიური გრძნობები აქვთ, ისტორიით განპირობებული - ყირიმი „დიდებული საუკუნის" პერიოდში და იმის შემდგომაც, 1783 წლამდე ოსმალეთის ვასალი იყო) და მოურიდებლად თქვა, რუსეთის ხელისუფლება მათ მიმართ რეპრესიებს ახორციელებსო.


მოულოდნელი ისაა, რომ თურქეთმა ნეგატიური ეპითეტებით შეამკო სახელმწიფო, რომელთანაც სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს - ტურიზმიო, ენერგოპროექტებიო, „თურქული ნაკადიო"..


კარგია, რომ ანკარამ საქართველოსადმი სოლიდარობა გამოხატა და რუსეთის მიერ დაჩაგრულ ქვეყნად გვთვლის. რასაკვირველია, დაჩაგრულის როლში ყოფნა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში თურქეთის ეს განცხადება ჩვენთვის მხარდაჭერას ნიშნავს.


მაგრამ რატომ გააკეთა რუსეთისათვის ესოდენ არასასიამოვნო განცხადება მევლუდ ჩავუშოღლუმ? განა იგი არ აცნობიერებდა, თუ რა სავარაუდო შედეგი მოჰყვებოდა მის კრიტიკულ გამონათქვამს? რით შეიძლება აიხსნას თურქი მინისტრის ანტირუსული დემარში?


ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ, თუმცა შევეცდებით, რომ ეს ვარაუდები შიშველი და უსაფუძვლო კი არ იყოს, არამედ მეტ-ნაკლებად არგუმენტირებული.


მაშ, ასე, არგუმენტი პირველი:


ივნისის თვეში, თურქეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, ხელისუფლების წინაშე ელექტორატის მობილიზების ამოცანა დგას. თურქეთში ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც რუსეთის მოწინააღმდეგეები არიან. მათი ნაწილის გადაბირებასა და „მოთაფვლას" ასეთი განცხადებები ხელს შეუწყობს.


არგუმენტი მეორე:


ანტალიაში, სადაც თურქეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი იმყოფება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი მიმდინარეობს.  შეხვედრაზე რუსეთის პოლიტიკის საკითხებიც განიხილება. გასაგებია, თუ რატომ ისროლა მევლუდ ჩავუშოღლუმ ანტალიიდან „ქვა რუსულ ბოსტანში" - ნატოელი კოლეგების გულის მოსაგებად. ეტყობა, მინისტრს მეგობრობისა და ჭეშმარიტების მნიშვნელობა გაახსენდა და თავის ქვეყანას მიუსადაგა: თურქეთი რუსეთის მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია.


არგუმენტი მესამე:


ნათქვამია, იქით გააკრიტიკე და აქეთ შეგრჩებაო. გავიხსენოთ, რომ ანკარა-მოსკოვს შორის გაზსადენის პროექტის რეალიზებასთან მიმართებით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს, განსაკუთრებით გაზის ფასთან დაკავშირებით: თურქული კომპანია „ბოტაში" რუსულ „გაზპრომს" შეღავათებს სთხოვს, „გაზპრომი" კი უარზეა. როგორც ჩანს, თურქეთი რუსეთს მიანიშნებს - თუ დამთმობი არ იქნები „თურქულ ნაკადთან" მიმართებაში, შემიძლია გაწყენინოო.


ჰო, წყენასთან დაკავშირებით...


არგუმენტი მეოთხე:


და თუ მევლუდს ის წყენაც ჰქონდა გულში ჩამარხული, რომელიც ამ სამიოდე კვირის წინ მომხდარმა ფაქტმა განაპირობა, მაშინ გასაგებია მისი საყვედურები... მაინც რომელ წყენაზეა ლაპარაკი? იმ წყენაზე, ვლადიმირ პუტინი ერევანში რომ ჩავიდა და სიტყვით გამოსვლაში თურქების მიერ მოწყობილი სომეხთა გენოციდი ახსენა...


როგორც ჩანს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტირუსულ განცხადებას საფუძველი მართლაც ჰქონდა, მაგრამ ზემოთ ჩამოყალიბებული არგუმენტების მიხედვით, მასში პოლიტიკური კონიუნქტურა აშკარად ჩანს. და რადგან კონიუნქტურას პოლიტიკა განსაზღვრავს, რომელიც ცვალებადია და ბრუნვადი (გუშინ კარგი იყო, დღეს ცუდია, ხვალ კი შეიძლება ისევ კარგი გახდეს), მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ანკარა-მოსკოვის ურთიერთობას ამ განცხადებით მაინცდამაინც ცუდი არაფერი ემუქრება. რუსეთსაც უთქვამს ხოლმე არასასიამოვნო რაღაც-რაღაცეები თურქეთის შესახებ, მაგრამ არა უშავს, ასეთები ხდება ხოლმე. აბა, თურქეთი უარს იტყვის მილიონზე მეტ რუს ტურისტზე, რომელიც ხაზინას ფულით ავსებს? უფრო მეტიც - ანკარა სერიოზულად ფიქრობს, რომ  რუსებს თურქეთში შესასვლელად საზღვარგარეთული პასპორტებიც კი არ დასჭირდეთ, ანუ ისეთივე რეჟიმს უქმნის, როგორიც ჩვენთან, საქართველსოთან  აქვს.


ასეთია თურქეთის აღმოსავლური დიპლომატია, ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიიდან დაწყებული: ასე თქვი, მაგრამ ისე გააკეთე.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016