„ეროვნული ბანკი ზის ნულზე", - ამის შესახებ „ალიას" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ლია ელიავამ განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი და მსოფლიო ბანკი არიან ბიზნესპარტნიორები. „ეს გამოიხატება იმაში, რომ გიორგი ქადაგიძემ მთელი ჩვენი სავალუტო რეზერვები გადასცა მსოფლიო ბანკს მართვისთვის, რომელიც ამ რეზერვებს ათავსებს ზოგს მყარ და ზოგს საეჭვო წარმომავლობის ფასიან ქაღალდებში, ასევე ფირმებში და აქედან იღებს გარკვეულ შემოსავალს. მცირე ნაწილს აძლევს ეროვნულ ბანკს, დანარჩენს კი იტოვებს თვითონ", - განაცხადა ელიავამ.
მისი თქმით, ამჟამად მსოფლიო ბანკი პრაქტიკულად ფლობს საქართველოს მთელ სავალუტო რეზერვებს.
„ეროვნული ბანკი ზის ნულზე. ქადაგიძემ თქვა, ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს მომავალ თაობებს არ გავუყიდითო. ჰოდა, მომავალი თაობების კუთვნილი სიმდიდრე მიბარებული აქვს მსოფლიო ბანკს, რომელიც გახლავთ კომერციული დაწესებულება, თავისი საქმიანობიდან იღებს მოგებას. ამიტომ ის არის დაინტერესებული, ხელთ ჰქონდეს ჩვენი 2 მილიარდ 400 მილიონი დოლარი და აქედან მიიღოს შემოსავალი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც მისი კანტორაა, სხვადასხვა კორპორაციებთან ერთად. ამ ყველაფერს მართავს ერთი ჯგუფი. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ცრუობს, როცა აცხადებს, სავალუტო რეზერვებს არ დავხარჯავთ, ვუფრთხილდებითო, უბრალოდ, ვერ დახარჯავს, რადგან პრაქტიკულად არ გააჩნია. რაც ჰქონდა, უკვე დახარჯა, ახლაც 40 მილიონი გამოიტანა და მეტი აღარ დარჩა", - განაცხადა ელიავამ.
გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)