reportiori.ge - ბოსტონური მარათონიდან -- ბოსტონურ ვერდიქტამდე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბოსტონური მარათონიდან -- ბოსტონურ ვერდიქტამდე
ავტორი:
16 მაისი, 2015. 11:17


„მე მშურს ჩემი ძმისა, რომელმაც ჩემზე ადრე მიიღო ჯილდოდ სამოთხის ბაღები. მე არ ვგლოვობ, რადგან სული მისი ცოცხლობს. ალაჰს ყოველი ადამიანისთვის აქვს გეგმა. ჩემთვის კი, გახლდათ ის, რომ დავმალულიყავი ამ კატარღაში და ნათელი მომეფინა ჩვენი ქმედებისთვის. მე შევთხოვ ალაჰს, რომ გარდამქმნას შაჰიდად, მომცეს უფლება, დავუბრუნდე მას და ვიყო სამოთხეში უმაღლესი დონის წმინდანთა შორის. ის, ვისაც წარმართავს ალაჰი, არ გადაუხვევს ჭეშმარიტების გზიდან. ალაჰ აკბარ!"



ეს ჩანაწერი იპოვეს პოლიციელებმა კატარღაში 2013 წლის 19 აპრილს, სადაც მიმალული ჯოჰარ ცარნაევი აღმოაჩინეს და დააპატიმრეს! მანამდე კი, მისი უფროსი ძმა ტამერლან ცარნაევი მოკლეს დევნისას...



კარგად მახსოვს 2013 წლის 15 აპრილი. იმ დღეს ბოსტონის ტრადიციულ მარათონში ორი ჩემი ნიუ-იორკელი მეგობარი მონაწილეობდა. საბედნიეროდ, არ დაშავებულან, რადგან ფინიშამდე საკმაო მანძილი აშორებდათ, როცა ძმებმა ცარნაევებმა სწორედ ფინიშთან ორი ბომბი ააფეთქეს, მოკლეს სამი ადამიანი, მათ შორის რვა წლის ბიჭუნა, 264 კი დაჭრეს და დაასახიჩრეს! როგორც კი გავრცელდა ცნობა ტერაქტის შესახებ, ვეცი ტელეფონს და მეგობრებთან დავიწყე რეკვა, რომლებიც არა და არ მპასუხობდნენ. ან როგორ მიპასუხებდნენ, როცა სირბილისას ტელეფონი არ ჰქონდათ თან. მაგრამ მღელვარებისგან ეს მაშინ ვერ გავიაზრე... მოკლედ, ის სასაკლაო გარკვეულწილად მეც შემეხო, თუმცა, ვფიქრობ, არ ვიქნები ტენდენციური, თუ ვიტყვი, რომ 21 წლის ჯოჰარ ცარნაევისთვის გამოტანილი სასიკვდილო ვერდიქტი აბსოლუტურად სამართლიანია და წმინდა მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისითაც „გასაჩივრებას არ ექვემდებარება"!



დიახ, გუშინ, პარასკევს, 14-საათიანი ბჭობის შემდეგ 12 ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად დაადგინა, რომ ჯოჰარ ცარნაევი იმსახურებს სიკვდილით დასჯას! სამი კვირით ადრე კი, ამავე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ბრალდებული მის მიმართ წაყენებულ ყველა 30 პუნქტში, რომელთაგან 17 ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას! არადა, საკმარისი იყო, 12 ნაფიცი მსაჯულიდან თუნდაც ერთი წასულიყო წინააღმდეგი, რომ ტერორისტს სამუდამო პატიმრობის სასჯელის ზომას შეუფარდებდნენ, რასაც ასე თავგამოდებით ცდილობდნენ ცარნაევის ადვოკატები! არ შევუდგები მთელი სასამართლო პროცესის მიმოხილვას, რასაც შეძლებისდაგვარად ვადევნებდი თვალს, მხოლოდ რამდენიმე საგულისხმო ფაქტზე შევჩერდები: პირველი, რამაც გამაოცა და არა მარტო მე, გახლდათ, ტერაქტისას დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების პიკეტი სასამართლოსთან, რომლებიც მოითხოვდნენ, არც მეტი, არც ნაკლები, - არ გამოეტანათ ცარნაევისთვის სასიკვდილო განაჩენი! მიზეზი? მათი თქმით, სასიკვდილო ვერდიქტის შემთხვევაში, ადვოკატები გამუდმებული აპელაციებით (რაც აქ არა მხოლოდ წლობით, არამედ ათწლეულობითაც კი გრძელდება ხოლმე) გააჭიანურებდნენ საქმეს და ეს გაურკვევლობა დამთრგუნველად იმოქმედებდა დაღუპულთა ახლობლებზე, მათ ფსიქიკასა და ნერვებზე (!!!) მაგრამ, რომ იტყვიან, სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი თხოვნა....



მეორე სურპრიზი კი, პირადად ჩემთვის (რომელიც არ ვიცნობ ამერიკულ მართლმსაჯულებას კარგად), გახლდათ ცარნაევის ადვოკატთა კატეგორიული პროტესტი ბრალდების მხარისადმი (ცარნაევს სახელმწიფოს ხარჯზე გამოყოფილი ოთხი ადვოკატი იცავდა), იმასთან დაკავშირებით, რომ ცარნაევი დაკავებისას მძიმედ იყო დაჭრილი და რეანიმაციაში გადაყვანისთანავე, ყელში ტრაქეოტომური მილით მსუნთქავს, უმალ „ეძგერნენ" გამოძიების ფედერალური ბიუროს გამომძიებლები და დაჰკითხეს! არადა, ცარნაევი სრულ გონებაზე იყო, კითხვებზე პასუხებს წერილობით აძლევდა. ამასთან, გამომძიებლები მას ხელით არ შეხებიან, მხოლოდ გვერდს უცვლიდნენ და ბალიშს უსწორებდნენ, რათა კომფორტულად ეგრძნო თავი. ხოლო, როცა ცარნაევმა განუცხადა, რომ ბოსტონის შემდეგ ის ძმასთან ერთად ნიუ-იორკშიც, კერძოდ, ტაიმ-სკვერზე აპირებდნენ ტერაქტის მოწყობას, ბუნებრივია, გამომძიებლებს ეჭვი გაუჩნდათ სხვა თანამზრახველთა შესახებაც და უმალ აუწყეს ნიუ-იორკის პოლიციას, სასწრაფო ზომები მიეღოთ მეგაპოლისის უსაფრთხოებისთვის!



ასეთ შემთხვევაში, ლაპარაკი დაკავებულის უფლებებზე და რაღაც პროცედურებზე, ალბათ, სიგიჟე იქნებოდა, მით უფრო, 11 სექტემბრის ტერაქტების მოწმე სამართალდამცველების მხრიდან! ამასთან, ამერიკაში დიდი ხანია მოქმედებს ცნობილი კანონი, ე.წ. მირანდას გაფრთხილება, რომლის თანახმადაც პოლიცია ვალდებულია, დაპატიმრებულს დაუყოვნებლივ აცნობოს, რომ მას აქვს უფლება, არ უპასუხოს კითხვებზე და მოითხოვოს სახელმწიფო (ანუ უფასო) ადვოკატი! პროკურატურას კი, არ შეუძლია სასამართლო პროცესზე გამოიყენოს ბრალდებულის ესა თუ ის ჩვენება, თუ მას დაპატიმრებისას არ გააცნეს ეს ყბადაღებული „მირანდას გაფრთხილება". ერთი სიტყვით, ამის გამოც პროცესზე ბევრი „ფარ-შუბი" დაილეწა დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის, თუმცა პროკურორებმა ოსტატურად მოახერხეს „თავის დაძვრენა" იმ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით, რომ საქმე ეხებოდა ექსტრემალურ ვითარებას და ადამიანთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას (წარმომიდგენია, რა სეირი, უფრო სწორად, რა ამზრზენი სანახაობა იქნებოდა, უსამა ბენ ლადენი რომ ჩაეგდოთ ხელში ცოცხლად, „მირანდას" გარეშე დაეკითხათ, შემდეგ კი გაესამართლებინათ აქაურ სასამართლოში)...



მოკლედ, პროკურორებმა 92 დაზარალებული მოწმე წარუდგინეს ნაფიც მსაჯულებს, ამ მოწმეთა დასახიჩრებული ნაწილი პროტეზებით და ყავარჯნებით იდგა ან იჯდა ინვალიდის სავარძელში და იძლეოდა ჩვენებას, რასაც ბრალდებული აბსოლუტური გულგრილობით უსმენდა. უარესიც, ხასგასმით გამოხატავდა, რომ ეს მას არ აინტერესებდა, არ განიცდიდა სინდისი ქენჯნას, არ ინანიებდა და ხან ქოჩორს ისწორებდა, ცხვირს იფხანდა, ხან კიდევ წვერზე ისვამდა ხელს. სასამართლო პროცესზე მომუშავე რეპორტიორები, რომ იტყვიან, დაიღალნენ ცარნაევის ამ ქმედებებისა და მისი ჩაცმულობის აღწერით, რასაც ყოვედღიურად გვაცნობდნენ პრესითა თუ ტელევიზიით. ბრალდებულის მსგავსი ქმედებები კი, ამერიკული მართლმსაჯულების კანონის თანახმად, განეკუთვნება დამამძიმებელ გარემოებას, რაც მოიმკო კიდეც ამ ფანატიკოსმა იდიოტმა! დაცვის მხარე კი, გამუდმებით აქცენტს აკეთებდა მის უფროს ძმაზე, ტამერლან ცარნაევზე, „რომლის გავლენის ქვეშაც იმყოფებოდა ბრალდებული, რომელმაც აურია გონება, დააყენა ტერორიზმის გზაზე, თორემ სინამდვილეში ჯოჰარი ერთი უწყინარი ახალგაზრდა იყო, რომელსაც „ფეისბუქი" უფრო იტაცებდა და გოგონები, ვიდრე ალ-ქაიდას საიტი და შავთვალწარბა შაჰიდი ქალები"... „რომ ჯოჰარს მძიმე ბავშვობა ჰქონდა ყირგიზეთსა და დაღესტანში, რომ მშობლები ენატრებოდა..." - ეს გახლავთ ნაწყვეტები ადვოკატების „მჭევრმეტყველებიდან"... არც არის გასაკვირი, ცარნაევის ადვოკატები სახელმწიფოსგან იღებენ ხელფასს, - საათში 181 (ას ოთხმოცდა ერთ) დოლარს....



და კიდევ: როცა ნაფიცი მსაჯულნი ვერდიქტის გამოსატანად ჩაიკეტნენ და ჯოჰარ ცარნაევის სიკვდილ-სიცოცხლის ბედი უკვე ალაჰის კი არა, რიგითი ამერიკელი მოქალაქების ხელთ აღმოჩნდა, უმალ დაიწყო მკითხაობა, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდნენ ოთახიდან! საქმე ის არის, რომ ცარნაევი ფედერალური კანონმდებლობით გაასამართლეს, რომლის საფუძველზეც სასიკვდილო განაჩენი ერთხმად უნდა მიიღონ ნაფიცმა მსაჯულებმა. საკმარისია, როგორც დასაწყისშივე ვთქვი, თუნდაც ერთი მოწინააღმდეგე, რომ სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით იცვლება. ხოლო, ცარნაევი ადგილობრივი, ანუ მასაჩუსეტსის შტატის კანონმდებლობით რომ გაესამართლებინათ, იქ სამკითხაოც აღარაფერი იქნებოდა, რადგან დემოკრატთა ამ საბუდარში და პროგრესულ შტატში, სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ „უხსოვარ" 1984 წელს გააუქმეს!



მას შემდეგ რაც 1988 წელს შეერთებულ შტატებში მიიღეს დღემდე მოქმედი კანონები სიკვდილით დასჯის შესახებ, ფედერალურმა ხელისუფლებებმა სიკვდილით დასაჯეს მხოლოდ სამი მკვლელი. კიდევ 59 სიკვდილმისჯილი დამნაშავის საქმე კი, დღემდე იმყოფება სახადასხვა სააპელაციო უწყებებში. სიკვდილმისჯილთა ნაწილი თავისი სიკვდილით მოკვდა საპატიმროში. ასევე, 1988 წლიდან დღემდე, ფედერალური პროკურორები ითხოვდნენ 495 დამნაშავის სიკვდილით დასჯას, მაგრამ 231-მა მოახერხა, აეცდინა თავიდან ეს განაჩენი, ზოგმა აღიარებით და მონანიებით, პროკურატურასთან თანამშრომლობით, ზოგის მიმართ შეაჩერეს საკუთრივ პროცესზე სასიკვდილო განაჩენის მოთხოვნა, ზოგს კი საკუთრივ მოსამართლემ ააცილა ეს სასჯელი! საერთოდ კი, როცა მოაწყვეს ნაფიც მსაჯულთა სოციოლოგიური გამოკითხვები, აღმოჩნდა, რომ, როცა დამნაშავის სიკვდილ-სიცოცხლის ბედი წყდებოდა, ნაფიც მსაჯულთა 66% ხმას აძლევდა სამუდამო პატიმრობას და 34% სიკვდილით დასჯას!



ცარნაევის მოსამართლე ჯორჯ ო'ტულს ჯერ არ დაუდგენია დღე, როცა ბრალდებულს ოფიციალურად გამოუცხადებს განაჩენს, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ტერორისტს შხამიანი ინიექციით გაისტუმრებენ საიქიოს. თუმცა, მანამდეც ბევრი წყალი ჩაივლის ალბათ, თუ ადვოკატები (რომლებმაც უკომენტაროდ დატოვეს სასამართლო დარბაზი) აპელაციას შეიტანენ და დაიწყება გაუთავებელი გარჩევ-გამორჩევები და შეიძლება ისეც მოხდეს რომ ცარნაევი 10-20-30 წლის შემდეგ დასაჯონ, რისი პრეცედენტებიც ყოფილა შეერთებულ შტატებში!



სასამართლო პროცესზე არ ჩამოვიდნენ ჯოჰარ ცარნაევის მშობლები. მამა ანზორი, როგორც ამბობენ, ავადმყოფობის გამო. დედა ზუბეიდატი კი ვერც ჩამოვიდოდა დიდი სურვილის მიუხედავად, რადგან აეროპორტშივე გაქაჩავდნენ. წლების წინ, როცა ცარნაევების მთელი ოჯახი ამერიკაში ცხოვრობდა, იგი მაღაზიაში ქურდობისთვის დაიჭირეს, შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მან კი უმალ დატოვა ქვეყანა, ანუ გაიქცა რუსეთში. ინტერნეტის წყალობით, პროცესზე გაჟღერდა ზუბეიდატის პოსტი თუ განცხადება - „ჩემი ბიჭი საუკეთესოთა შორის საუკეთესოა... ტერორისტები, ეს ამერიკაა და ამის შესახებ ყველამ იცის!"








სპეციალურად „რეპორტიორისთვის"


ზურაბ მჭედლიშვილი ნიუ-იორკიდან


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016