თბილისს, მის ისტორიულ ნაწილს უდავოდ რაღაც ანდამატი აქვს. მისი ძალით იზიდავდა და იზიდავს ძველი თბილისი მტერსა თუ მოყვარეს. დაპყრობა-აოხრების ფაქტებით კი მსოფლიოში მხოლოდ იერუსალიმს თუ ჩამოუვარდება - 627 წლიდან 1795 წლის ჩათვლით თბილისი 26-ჯერ დაანგრიეს, გადაწვეს, მაგრამ ის მაინც აღდგა.
ზოგს შენების ჟინი ეძალებოდა ხოლმე და ეს ჟინი, არცთუ იშვიათად, ნგრევაზე უარესი იყო.
ნგრევა-შენების ამბების მოყოლას სულ თავიდან არ დავიწყებ.
ამჯერად მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მივყვები ქრონოლოგიურად და ფაქტებს გაგაცნობთ.
როგორც ვიცით, აღმოსავლეთ საქართველოს ანექსიის შემდეგ თბილისში შემოსულ რუსულ იმპერიულ მმართველობას ქალაქი აღა-მაჰმად-ხანის მიერ ნანგრევებად ქცეული დახვდა. ამის გამო და, სავარაუდოდ, იმის გამოც, რომ ველებზე გაზრდილ რუსებს ძველი (როგორც თავად უწოდებდნენ - აზიური) თბილისი მეტისმეტად ევიწროვათ, ახალ ტერიტორიებზე დაიწყეს ქალაქის განაშენიანება. ძველმა, რუსების თქმით, აზიურმა თბილისმა კი ნელ-ნელა აღიდგინა თავი და საკუთარი უნიკალურობა.
შემდეგ ბოლშევიკები მიიზიდა ძველმა თბილისმა. მართალია, ლავრენტი ბერიას ურბანული ძალისხმევა, ძირითადად, ახალი, სოციალისტური თბილისის უბნების განაშენიანებისკენ იყო მიმართული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან თბილისის საკულტო ნაგებობების თითქმის ნახევარი გაანადგურა. ბერიას ანტისაკულტო საქმის ტემპი მნიშვნელოვნად დააგდო ახალგაზრდა და ენერგიულმა ლიდერმა კანდიდ ჩარკვიანმა, მაგრამ მის პირად აკვიატებას შეეწირა ისტორიული თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და სრულიად უნიკალური განაშენიანება: შაითან ბაზარი, ბერძენხანა, მეტეხისა და ავლაბრის ხიდები ცისფერი მეჩეთით. ზოგადად, რბილი და ჰუმანური ვასილ მჟავანაძე ძველ თბილისსაც ჰუმანურად მოექცა, ედუარდ შევარდნაძემ კი ძველ თბილისს გვერდი ნამდვილად ვერ აუარა. 1972 წელს, მორიგი დატბორვის შემდეგ, მტკვრის დონის რეგულირების ნაცვლად, ხელის ერთი დაკვრით გააქრო თბილისის უაღრესად საინტერესო უბანი - რიყე. ყოფილი საცხოვრებელ-საქმიანი უბნის ნაცვლად, შუაგულ ქალაქში გაჩნდა უცნაური, „სათბილისობე" არეალი, რომელიც 90-იან წლებში „პურისჭამის" ადგილებად გადაიქცა, შემდეგ კი, სააკაშვილის წყალობით, არანაკლებ უცნაურ პარკად გადაკეთდა. თუმცა ისევ შევარდნაძეს დავუბრუნდეთ - შევარდნაძის დროს, ქალაქის მთავარი არქიტექტორის შოთა ყავლაშვილის თაოსნობით, დაიწყო ისტორიული ქალაქის ე.წ. მოწესრიგების პროცესი, რომელსაც თავისთავად, კეთილშობილებასთან ერთად, ბევრი ხელოვნურობა და ზედაპირულობაც ახლდა. შემდეგ იყო შავ-თეთრი 90-იანი წლები და მერე სააკაშვილი! სააკაშვილი და მისი პირადი აკვიატებები: შუშის ხიდი, რიყის გაუგებარი პარკი, ბრჭყვიალა ქანდაკება თავისუფლების მოედნის შუაგულში, სამორინე „შანგრილა", პრეზიდენტის სასახლე, განადგურებული კორტების ნაცვლად თავისთავად შესანიშნავი, მაგრამ სრულიად შეუსაბამო იუსტიციის სახლი და ძველ თბილისზე არნახული ძალადობის სიმბოლო - ორი გამაოგნებელი მილი რიყეზე!!! თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ლეღვთახევის გახსნისა და კეთილმოწყობის პროექტი იყო და არის ბრწყინვალე რამ. ცუდად, ნაჩქარევად განხორციელებული დიდებული პროექტი, რომელიც თანაბრად ყველა თბილისელის სიამაყეა. და ახლა დადგა ჯერი - ძველ თბილისში ახალი ხელისუფლების ვნების ფრთისგაშლისა. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი პირველი მასშტაბური პროექტი იყო ძველ თბილისში. პირველი შეუსაბამო და უხეში პროექტი. ძალიან მარტივია შეუსაბამობის ახსნა. სოლოლაკის ქედზე დასაბამიდან იყო ერთადერთი არქიტექტურული დომინანტი - კალას ციხე ანუ ნარიყალა. შუშის უზარმაზარი ნაგებობის გაჩენამ კი გააფერმკრთალა ნარიყალა და ჩრდილი მიაყენა ისტორიულ ქალაქს. თუმცა „პანორამა თბილისის" პროექტი უკვე ისტორიული ქალაქის განაჩენია! ისევ სოლოლაკის ქედზე, თავისუფლების მოედანსა და ერეკლეს მოედანზე სამი უზარმაზარი შუშის მოცულობის გაჩენა ერთ დროს უნიკალური ძველი თბილისის რექვიემი იქნება. არადა, ხომ შეიძლება, საქართველოს მმართველებმა საკუთარ არქიტექტურულ ვნებებს ძველი თბილისის საზღვრებს მიღმა, ნებისმიერ სხვა არეალში მისცენ გასაქანი?! ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ - რატომ არ შეიძლება, „პანორამა თბილისი" ქალაქის სხვა უბანში განვახორციელოთ? რატომ მაინცდამაინც ძველ თბილისში? ხომ შეიძლება, ისტორიულ ქალაქში უკვე არსებულის, უკვე აგებულისა და განადგურების პირას მყოფის შენარჩუნება-მოვლა-განვითარებაზე ვიზრუნოთ?
სამწუხაროდ, ღრმად ვარ დარწმუნებული, „პანორამა თბილისი" ისევე გვექნება სანანებელი, როგორც საქართველოს ზემოჩამოთვლილ ლიდერთა ძველთბილისური არქიტექტურული ვნებები!
წყარო - rubrika.ge