20 მაისს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, დები იშხნელების შთამომავლის - მანანა მენაბდის კონცერტი-მარათონი.
სპეციალურად კონცერტისთვის თბილისში ჩამოვა მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი - ნიკა ნიკვაშვილი. მომღერლის თხოვნით, გაყიდული ბილეთების სრული თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში გადაირიცხება.
პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "ART&SOCIETY". პროექტი ხორციელდება: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს კულტურის სამინისტროს და თბილისი საკრებულოს მხარდაჭერით.
მანანა მენაბდე - ცნობილი ორკესტრის „რერო" სოლისტი, მართავდა და ახლაც აგრძელებს კონცერტებს გერმანიის, საფრანგეთის, მოსკოვის, ინგლისის, უკრაინის,საუკეთესო სცენებზე.
ჩაწერილი აქვს ათეულობით ალბომი, მუშაობდა, როგორც კომპოზიტორი რამდენიმე ფილმზე. ერთ-ერთმა ფილმმა „დღეს ღამე უთენებია" ( რეჟისორი ლანა ღოღობერიძე) კანის ფესტივალზე მაყურებელთა სიმპათიის პრიზი დაიმსახურა. დაწერილი აქვს სიმღერები ცნობილი ქართველი პოეტების ტექსტებზე. უკვე 30 წელია, მანანა მენაბდე საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს. მომღერლის რეპერტუარი განახლდა, მოხდა ძველი სიმღერების ახლებური არანჟირება. კონცერტში მონაწილეობას იღებს კამერული ორკესტრი „კამერატა ჯორჯია" და მოწვეული მუსიკოსები.
კონცერტის პარტნიორები არიან: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებულო.
კონცერტის მხარდამჭერები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო „შოკოლადი", კომპანია „DHL".