საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „FitchRatings"-ის მისიის წევრებს - საქართველოზე მომუშავე ანალიტიკოსებს: ჩარლზ სევილს და ვინსენტ ფორესტს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებული საკითხები, ქვეყნის სამომავლო ფისკალური პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში, 2013-2014 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი, საგადასახადო პოლიტიკა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები და დაგეგმილი ხარჯები, სახელმწიფო საგარეო და საშინაო ვალის საკითხები და სხვა.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, 2014 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები, აგრეთვე ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული მიმართულებები, რომელთა ძირითადი მიზანი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობაა.
ფინანსთა მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებელი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს. მან იმედი გამოთქვა, რომ კომპანია სარეიტინგო დასკვნაში ქვეყანაში მიმდინარე დადებით პროცესებს აუცილებლად გაითვალისწინებს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მისიის წევრები შეხვედრებს გამართავენ როგორც საჯარო, ისე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
ამჟამად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „FitchRatings"-ის რეიტინგში საქართველოს „BB-" აქვს მინიჭებული.