reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან გააძევებენ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:44
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან გააძევებენ?
ავტორი:
20 მაისი, 2015. 16:50


უკრაინის მთავრობაში მიწვეული უცხოელი სპეციალისტები, ე.წ. „ვარიაგები",  ქვეყნიდან სკანდალურად გარბიან. შეიძლება ითქვას, „პირველი მერცხლები" ალექსანდრ (საშა) ბოროვიკი (გერმანიის ყოფილი მოქალაქე, წარმოშობით უკრაინელი) და საქართველოს ყოფილი მოქალაქე ჯამბულ ებანოიძე არიან: პირველმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა მიატოვა („მე არავინ არაფერს მეკითხებოდა, უჩემოდ წყვეტდნენ საკითხებსო!"), მეორე კი ჯერ იუსტიციის სამინისტროში მიიწვიეს, აღუთქვეს სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა, უთხრეს, რეფორმა გაატარეო, შემდეგ ეს სტრუქტურა საერთოდ გააუქმეს და ებანოიძეც ზედ მიაყოლეს.


უკრაინული მასმედია ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში წერდა ჯანდაცვის მინისტრის, წარმოშობით ქართველის და საქართველოს ექს-მოქალაქის ალექსანდრე კვიტაშვილის არადამაკმაყოფილებელი მუშაობის თაობაზეც, თითქოსდა მისი გათავისუფლებისთვის ყველაფერი მზადაა და უბრალოდ, მომენტს ელოდებიან.


როგორც ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციებიდან ჩანს, კიევში მყოფ სხვა უკრაინელ-ქართველ „ვარიაგებსაც" შეუდგათ წყალი - დაიწუწუნ-დაიჩივლეს: უკრაინის ხელისუფლება რეფორმების გატარებას აჭიანურებს, ხელშეწყობა არ გვაქვს, პრობლემებს ვაწყდებითო. ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ მათ რიცხვში უკრაინის გენპროკურორის მოადგილე, წარმოშობით ქართველი და საქართველოს ექს-მოქალაქე დავით საყვარელიძე მოხვდებოდა? ის დავით საყვარელიძე, რომელიც ადრე ოპტიმისტურ ინტერვიუებს  მარცხნივ და მარჯვნივ არიგებდა, ომახიანად გამოდიოდა შეხვედრებზე, პირდაპირ ეთერშიც დაიწყო დაჭერა-დაპატიმრებები, ახლა კი „ნიუ-იორკ თაიმსის" კორესპონდენტთან საუბარში განუცხადებია, ხელშეწყობა არ მაქვსო სხვა სტრუქტურებიდან, პარლამენტი კანონს არ იღებს, პროკურორებმა არ იციან, რა აკეთონო.


თბილისიდან ძნელია განსაჯო, თუ რამდენად მართალია დავით საყვარელიძე, მაგრამ კიევში რომ უფრო კარგად ხედავენ მის „საქმე-საგმირონს", ეს ბუნებრივია: უკრაინის გაზეთი „დელოვაია სტოლიცა" პირდაპირ წერს, გაუგებარია, რით არის დაკავებული გენერალური პროკურორის მოადგილეო.


ამგვარი განწყობების გაჟღერების კულმინაცია გახდა ორი დღის წინ უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების განხორციელების საბჭოს ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან ორიოდე დღის წინ ერთ-ერთი დისკუსიის დროს გააკეთა: „მე ვფიქრობ, რომ ცვლილებები მხოლოდ [ქვემოდან], საზოგადოების ზეწოლის გზით თუ მოხდება, თორემ ზემოდან მე პოლიტიკური ნების გამომჟღავნებას ვერ ვხედავ. თვით უკრაინის ხელისუფლების სტრუქტურა არ იძლევა ამის საშუალებას, რადგან ნებაც რომ გქონდეს, რეფორმას სწრაფად მაინც ვერ განახორციელებ... ხელისუფლებას რეფორმების გატარება და თანამოქალაქეთა კეთილდღეობა არ სურს".


რა მოხდა, რამ აიძულა ქართველი „დემოკრატიის შუქურა" და უკრაინელი „მთავარი რეფორმატორი" ასეთი განცხადება გაეკეთებინა? გამოდის, რომ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თავისი მრჩეველი აკრიტიკებს? „და შენც, მიხეილ?"


მიშიკოს კრიტიკული განცხადება პირველად უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმის" ვებ--გვერდზე გამოქვეყნდა, რომელმაც სოციალურ ქსელებში დიდი სკანდალი და აჟიოტაჟი გამოიწვია. რეფორმათა განხორციელების საბჭო იძულებული გახდა უარეყო ფაქტი და განემარტა, მიხეილ სააკაშვილის განცხადება გაყალბებულია და მას ასეთი რამ არ უთქვამსო. ამის საპასუხოდ „უკრინფორმმა" დისკუსიის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადება სავსებით დასტურდება. ახლა მიშა მოკეტილშია და დუმს.


არ გაუმართლათ ბიჭებს.


ხომ ამბობდა ლეონიდ კუჩმა თავის დროზე, უკრაინა საქართველო არ არის, ქართული მეთოდებით ჩვენთან მუშაობა ძნელი იქნებაო. მართლაცდა, სად პატარა 4-მილიონიანი საქართველო და სად 45-მილიონიანი უკრაინა, რომლის ტერიტორიიდან ათზე მეტი საქართველო გამოიჭრება,  თან სადაც გაგანია ომი მიდის...


მიხეილ სააკაშვილის სიტყვები თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ: თუ ქართველ „ვარიაგებს" რომელიმე უკრაინელი პოლიტიკოსი „მიაწვება" და არაეფექტურ მუშაობას უსაყვედურებს, იტყვის, რომ აი, მე ხომ გეუბნებოდით, გაფრთხილებდით და არ მიჯერებდითო.


საინტერესოა ერთი გარემოებაც: ქართველების საქმიანობას ყურადღებით აკვირდებიან არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოშიც. გაუკრაინელებულ „ნაციონალ-რეფორმისტებს" ხომ ისევ გაქართველება და საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ. ცხადია, დღეს მიხეილ სააკაშვილი კიევის კარს ჯერ ვერ გამოიჯახუნებს და უკრაინიდან თავისი რაზმით ვერ გამოიქცევა, მაგრამ თუ შედეგები არ იქნება, როგორც ასეთი სიტუაციის დროს იტყვიან ხოლმე, „უმჯობესია დროულად წახვიდე, სანამ შენი არაეფექტური მუშაობის გამო გისაყვედურებენ და ფეხისკვრით გამოგისტუმრებენ".


ვთქვათ და მართლაც ასე მოხდა - უკრაინელებმა მიშა და მისი რაზმი გამოაძევეს. დღეს თუ არა, ხვალ ან ზეგ... ან წლის ბოლომდე (თუმცა ეჭვი მაქვს, ასე თუ გაგრძელდება, ამ ზაფხულს ვერ გაატანენ!). ჯერ-ჯერობით საქართველოში ექს-პრეზიდენტი ვერ ჩამობედავს, თუმცა მან და მისმა თანამზრახველებმა გაქცევისა სარეზერვო გეგმა უკვე შეიმუშავეს - კიშინიოვის მიმართულებით, მოლდოვაში, სადაც ქართველი „ნაციონალების" გამოცდილების გაზიარებას აპირებენ.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016