ქართულ პოლიტიკურ სიჭრელეში, არსებულ ვითარებაზე უფრო გასაოცარი და გამაოგნებელი თუ მოხდებოდა რამე, ძნელი წარმოსადგენი იყო... თუმცა აგერ, ბატონო, ცინცხალი ამბავი: - ერთ ხანს ქობულეთური ფიჭვის ძირას ძუძუს გოჭივით გაყურსული კობა ხაბაზის ინიციატივით, დაიწყო ირაკლი წერეთლისა და „ნაციონალური მოძრაობის" დაახლოება; ახლა, თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს პროცესი მართლა კობა ხაბაზის მოფიქრებულია და ამ იდეისთვის ხორცის შესხმაც თავად გადაწყვიტა - ნეტარ იყოს. რა თქმა უნდა, ამ მორიგი ფარსის უკან ნაცების მთავარი იდეოლოგი, ბატონი ბოკერია დგას. აკი განაცხადა კიდეც: - ირაკლი წერეთელი საქართველოს თავისუფლების სიმბოლოაო. ამ ჩვენს სიმბოლოს, ეტყობა, ეამა მოფერება (საერთოდ თუ იყო საქართველოში, ისიც კი ბევრმა არ იცოდა), ტელეეკრანზე გამოჩენაც მოენატრა ალბათ და ომახიანად დასჭექა: ვინც არ ჩაერთვება ატლანტიკური მიმართულების დემონსტრაციაში, ყველას „დეზერტირად" გამოვაცხადებო. ღმერთო! შენ დაგვიფარე და, ამ და სხვა ნებისმიერი იარლიყების მიწებება ვითომ ირაკლი წერეთლის საქმეა? აქ ძაღლის თავი აშკარად სხვაგან არის დამარხული, ცოტა თუ ჩავუფიქრდებით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, სად. „ნაციონალურ მოძრაობაში" ცდილობენ, იპოვონ ახალი სახე. ეს ორგანიზაცია ბევრის თვალში კვლავ ასოცირდება ყველაფერ ეროვნულთან მებრძოლ ძალად, რომელიც ცდილობს ყოველივე ქართულის მოშლას. ამ იარლიყის მოხსნა ნაციონალებმა ადრეც სცადეს, როცა დაუახლოვდნენ გოგი ოჩიაურს, ნუგზარ წიკლაურსა და ეკა ხერხეულიძეს და მათი დახმარებით სცადეს გამსახურდიას მომხრეების გულების მოგება. თუმცა როგორც ჩანს, ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა ნაციონალების იმედები გააცრუა. ამჯერად, მათ კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს ეროვნულ მოძრაობასთან ასოცირება და ამჯერად პარტნიორებად აირჩიეს წერეთელი და სარიშვილი. დიახ, იქნებ გაგიკვირდეთ და, ირინა სარიშვილიც.
ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ეროვნული მოძრაობის უწმინდეს დროშას, თავისი ბინძური ხელებით, ნაციონალები წაეპოტინენ. ის, რომ წერეთელი და სარიშვილი მათ „გაპრავებას" ცდილობენ, ქვეყნისთვის არც ისე დიდი უბედურებაა (როგორც იქნა, ნიღაბი მოიხსნეს). სამწუხარო და სავალალო ის არის, ნაცების სისხლიანი სექტა ამდენს რომ ბედავს და კიდევ უფრო უარესია, ამდენის გაბედვის უფლებას რომ აძლევენ!!! ყოვლად უაზრო კოჰაბიტაციამ, საყოველთაო მიჩუმათებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ბატკნის ტყავში გამოხვეული დამნაშავეები ილიას, აკაკის, ქაქუცას, ზვიადისა და მერაბის დროშას წაეპოტინენ...
დასასრულ, ერთ რჩევას მივცემ ამ წერილში ჩამოთვლილ ბატონებსა და ქალბატონებს: - ხალხის მოთმინების გამოცდა დიდად საფრთხილო საქმეა, რადგან, თუ ფიალა აივსო, უსაზღვროა რისხვა, რომელიც თავს დაგატყდებათ, დაიმახსოვრეთ და ილოცეთ (თუკი რამ წმინდა გაგაჩნიათ), რომ ასე არ მოხდეს...
p.s. გენიალური ქართული ანდაზაა: "მკვდარი მკვდარს აეკიდა, ორივე სამარის კარსო"...