ძალიან ველოდებოდი იმ დროს, როცა ევროპაში ვიზის გარეშე გამგზავრების შესაძლებლობა მომეცემოდა. თითქმის დავიჯერე, რომ ამ დღეს ამ წელიწადში მოვესწრებოდი. არა, ისე არავინ გაიგოს, რომ ევროპაში ნამყოფი არ ვარ - ახლებური გეოგრაფიული მონაცემებით, ჩვენ ხომ ევროპაში დავიბადეთ, მაგრამ არ ვიცოდით, თუ ევროპა ვიყავით... ევროპამაც არ იცოდა... ახლა გავარკვიეთ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ევროპა და ევროპელები, მაგრამ ეგაა, რომ პარიზსა და ბერლინში, რომსა და ბრიუსელში გასეირნება მთავარი, დედა-ევროპის მიერ ნებართვების გაცემის გარეშე მაინც გვეკრძალება. ისე, უვიზო რეჟიმი ხომ უფრო მეტად მოგზაურობას, გასეირნებას და ტურისტულ კრუიზებს ითვალისწინებს. ანუ თვალისთვის წყალდალევინებას, მოკლედ და ხალხურად რომ ვთქვათ.
როდის დაიწყო ე.წ. რეალურ „ვიზა-ლიბერალიზაციაზე" საუბარი (მაგარი ტერმინია, ენას მოიტეხს კაცი!)? მგონი, შარშან, როცა ევროკავშირის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესრულების მეორე ეტაპზე გადავედით (ოჰ, ეს ეტაპები... ნატო-ში - ეტაპი, ევროკავშირში - ეტაპი...). სწორედ მაშინ არ გამოგვიცხადეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა, ქართველი ხალხის დღევანდელი თაობა უვიზო რეჟიმით იცხოვრებს, ევროკავშირში ისე შევა და გამოვა, როგორც საკუთარ ბაღ-ბოსტანშიო? ჰო, ასე იყო, მაგრამ... მაგრამ იქ, ზემოთ, გადაწყვიტეს, რომ საქართველო ჯერ კონდიციური არ არისო, ანუ თურმე რაღაც-რაღაცა პირობები და მოთხოვნები არ შეგვისრულებია.
იცით, რას გეტყვი, ევროპავ? ქალი უნდა გერქვას შენ?
ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა გვპირდებოდე - მოგცემ-მოგცემ და როდემდე არ უნდა ასრულებდე სიტყვას? გუშინ, დღეს, ხვალ... თუ გვაძლევ, მოგვეცი, თუ არა და, გავძლებთ თქვენთან ვიზიტის გარეშე. ამდენი უნდა გვალოდინო და ლამის გვახვეწნინო? თქვენ ხომ უვიზოდ ჩამოდიხართ? რა მაგალითს აძლევთ ჩვენს და თქვენს არაკეთილმოსურნეებს? დაიწყებენ ახლა ლაპარაკს - აი, ხომ ხედავთ, საქართველო ევროკავშირმა „გადააგდო", ჯერ იმედებს აძლევს, შემდეგ კი ატყუებს, ქართველები ძალიან მიამიტები არიანო.
ისე, პირველად ჯერ ბუქარესტმა დაგვარიგა, თუ კარგად მოიქცევით, ოდესმე ნატო-სთან ჩაგახუტებთო. მაგრამ ნატო-ს ჩახუტებას ვინ ჩივის, ევროპასთან უნებართვოდ პაემანიც გვერდზე გვრჩება.
საერთოდ კი, ჩემი აზრით, მოგვცემს თუ არ მოგვცემს ევროპა მასთან პაემნის უფლებას, დიდი მნიშვნელობა მაინცდამაინც არ აქვს: აბა, წარმოიდგინეთ, რა უნდა გააკეთოს შუაგულ ევროპაში ქართველმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ, რომელსაც ფული არ აქვს და ჯიბეგაფხეკილია? მე შენ გეტყვი და, იქ საჩუქრებს დაგვირიგებენ ან კმაყოფაზე აგვიყვანენ, როგორც გეოპოლიტიკურად სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყნის შვილებს...
ამასწინათ ერთ-ერთი უცხოური გაზეთის სტატია წავიკითხე, ასოცირების შეთანხმების გაფორმება გასაგებია, მაგრამ ქართველებს რაღაც ისეთი უნდა მივცეთ, რომ ჩვეულებრივმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს ევროპასთან (თუ ევროპაში) ყოფნის ამაღელვებელი წუთებიო.
რასაკვირველია, მინდა ლუვრის ნახვა, მინდა ლაჟვარდოვან ნაპირზე გასეირნება, რომში და ათენში ჩასვლა, მაგრამ სანამ ჩვენთან ადამიანს ნორმალური შემოსავალი არ ექნება, ევროპა უფულოდ არ მიგვიკარებს. უვიზო რეჟიმი დასაქმებასა და სამსახურის შემოთავაზებას არ გულისხმობს, უვიზო რეჟიმსაც თავისი შეზღუდვები აქვს: თუ ქალბატონ ევროპასთან ზედმეტად ყოფნას მოვისურვებთ, მას ჩვენი დასჯაც შეუძლია...
ჰოდა, უმჯობესია, ჩვენმა მთავრობამ ჯერ აქ, საქართველოში შეგვიქმნას ევროპასთან ვიზიტის ფინანსურ-მატერიალური შესაძლებლობა....
მე ერთი რამ შევამჩნიე: დიდი პრემიების შემდეგ სოციალურ ქსელებში ჩვენი საშუალო და დაბალი რანგის სახელმწიფო მოსამსახურეების ევროპაში ყოფნის ამსახველი ფოტოსურათები გამრავლდა - ზოგი პარიზში, ზოგიც რომსა და ბერლინში, დუნაისა თუ რაინის ნაპირებზე... რად უნდათ მათ „ვიზა-ლიბერალიზაცია"? უიმისოდაც კარგად ივლიან. ჩვენ კი, რიგითი მოქალაქეები, 21-ე საუკუნეში ხომ ვცხოვრობთ, ინტერნეტით ვირტუალურადაც შეგვიძლია ევროპის ქვეყნების დათვალიერება.
ასე რომ, დროებით, ძვირფასო ევროპავ, იმედია, ჩვენ მაინც შევხვდებით ერთმანეთს. თუ არა და, ქართველებს უარს სხვაგან არ გვეტყვიან - უკიდურეს შემთხვევაში, ალტერნატივა, მართალია, ცოტა უარესი, მაგრამ მაინც არსებობს.