მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი 1842 წლის 26 მაისს, საჩხერის რაიონ სოფელ გორისაში, შეძლებული აზნაურისა და სახელმწიფო მოხელის ოჯახში დაიბადა.
დედა ადრე გარდაეცვალა და მამა იძულებული გახდა, გაეძიძებინა. ასე მოხვდა ყმაწვილი სამეგრელოში, სადაც გაატარა ბავშვობა. სწორედ ამან განაპირობა მისი ფსევდონიმი - „მაზაკვალის" (მზაკველი - გამთვალავი) არჩევა.
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1860) სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მეთემატიკის ფაკულტეტზე. სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის 1861 წელს რამდენიმე თვით დააპატიმრეს, ჯერ პეტრე-პავლეს ციხეში, შემდეგ კი კრონშტადტის საპყრობილეში. მას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დართეს სწავლის გაგრძელების ნებართვა.
მონაწილეობდა „მამებისა და შვილების" ბრძოლაში. საქართველოში დაბრუნებისთანავე (1863) გაზეთ „დროების" პირველი რედაქტორი იყო. დიდი ამაგი დასდო ქართულ თეატრს.
60-იან წლებში გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე და გახდა თერგდალეულთა ერთ-რთი ფუძემდებელი. იყო პედაგოგი, პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, ესტეტიკოსი, ფილოლოგი და სხვა. 1893 წელს საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ლიტერატურულ გაზეთ „კვალს".
გიორგი წერეთლის მხატვრულ ნაწარმოებებში აისახა ბატონყმური წყობილების რღვევისა და ბურჟუაზიული საზოგადოების ჩამოყალიბების რთული პროცესი. იგი იმდროინდელი საქართველოს სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების უტყუარი სურათი მოგვცა მწერალმა მოთხრობაში „გულქანი" (1868 - 1897) და რომანში „პირველი ნაბიჯი" (1890 - 1891). „რუხი მგელი" (1892) მწერალმა დაგვიხატა თავად-აზნაურთა ზნეობრივი დაკნინება, გადაგვარება, სისასტიკე და უნდობლობა. იდეალური ცხოვრების სურათი დაგვიხატა მან „ღვთის წყალობაში" (1891).
„ივერიისა" და „კვალის" პოლემიკის დროს, 90-იან წლებში, იგი გაემიჯნა ქართველ სამოციანელთა ძირითად ბირთვს და „შეუფერავი რეალიზმის" მიმდევრად გამოაცხადა თავი, რასაც ქართველ მოღვაწეთა „დასებად" დაყოფა მოჰყვა. გიორგი წერეთელი „მესამე დასს" დაუახლოვდა, მაგრამ, როგორც მწერალი და მოაზროვნე, იგი არსებითად ისევ კრიტიკული რეალიზმის პოზიციებზე რჩებოდა.
მწერალი 1900 წლის 12 იანვარს, 57 წლის ასაკში, თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.