ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 9-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა.
აღნიშნული გზის 4,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. დანარჩენ 4,5 კილომეტრზე დაგებულია ასფალტის ქვედა ფენა და მიმდინარეობს ზედა ფენის დაგების სამუშაოები. ასევე, პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნულ ობიექტზე საგზაო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწევს კოორდინირებას, ხოლო სამუშაოებს შპს „შარა-გზამშენი პირველი" ასრულებს. პროექტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3 267 000 ლარია.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შიდასახელმწიფოებრივი გზის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ.მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც წლების განმავლობაში ამ სოფლებში გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ აქ მაცხოვრებელ ადამიანებს ეს პრობლემა მოუგვარდებათ". - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მინისტრის განცხადებით, მომდევნო წელს დაგეგმილია აღნიშნული გზის შემდგომი მონაკვეთის რეაბილიტაციაც. „დარჩენილ მონაკვეთს მომდევნო წელს გავაგრძელებთ, რომ ჩხოროწყუმდე გზა მთლიანად მოწესრიგებული იყოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე სამუშაოები ხარისხიანად კეთდება." - განაცხადა მინისტრმა.