გამოცემა "ქართულმა სიტყვამ" პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ახალი ლექსი დაბეჭდა.
"ცისკრით მინთია სანთელი
და გულის გულში მეგულვი,
ღმერთო, გევედრი ქართველი,
შენი დღე-ღამის ერთგული.
არ გამიუქმო მკა-თესვა,
ზამთარში მომე ზამთარი,
ღვთისშვილად მიხმე ნათესავს,
აფთარს დაარქვი აფთარი.
სიცხეც მომეცი, - ყინვაცა,
სვანიც მიცოცხლე, მარგალიც,
ვილოცებ, თან ჩაგიმარცვლავ
ქართული სიტყვის მარგალიტს.
გამიზიარე ძმის ხვედრი,
შენგნით შექმნილის ყოვლისა,
უფალო, რწმენას მიხედე
გელათს, მცხეთას და ბოლნისსა!
ეშმაკი ცხრამხრივ ტიალობს,
ცხრა მხრიდან გვინთებს ხანძრებსა,
მიხედე საქრისტიანოს
ხატებანთებულ ტაძრებსა!
სთქვი, კურთხევაი ჭურისა,
ხელისა გამმართავისა,
თანახმად ჩვენი რჯულისა,
თანახმად სამართალისა.
მიხარე, ყველა მიხარე,
ჩრდილიც მიხარე ყველა ხის,
ღმერთო, მიხარე მზის მხარე,
მისი ბაღი და ვენახი.
ქართლ-კახეთიც და იმერიც,
გურულიცა და ხევსურიც,
რუსთველის თვალით მზირველი
მესხი მზისქება-შესხმული.
ჩემი აჭარის ლურჯი ცა,
აფხაზთა სისხლი კოლხური,
სხვაგან მლოცველი გურჯიცა,
მიწა, იმ სხვაგან მოხნული.
სული უბერე ჯავახეთს,
შენ გამიხარე ფშაველი,
ოქრო-ნაქარგი მანახე
რაჭა-ლეჩხუმის მთა-ველი.
თუშს, მოხევეს და მთიულსა
ანდე ვარსკვლავი ცისკრისა,
ვენაცვალე შენს ფირუზსა,
ჭირიმე შენი ცისფრისა!
სუყველა შენთან მარხია,
ვისაც სიცოცხლეს ანიჭებ,
ეს ცა ხომ შენი სახლია,
ეს ცა - იბერთა კარიბჭე.
შთამომავლობით აკურთხე
ვინც უნდა გაჩნდეს ხვალეო,
ცხრა მთა, ცხრა ზღვა და ცხრა კუთხე,
აკურთხე ივერთ მხარეო.
აქ ქვაც არ გდია უბრალოდ,
შენია ნაამაგარი,
ამ სიტყვებს ვამბობ, უფალო,
ლაშარის გორზე შამდგარი."