30-31 მაისს სპორტკომპლექს „სპორტ თაიმსზე" ზურაბ სახელაშვილის სახელობის რიგით მეცხრე ტურნირი მინი-წყალბურთში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi"-ში პრესკონფერენცია გაიმართა.
როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ორდღიანი ტურნირი შერეული სისტემით, მინი-წყალბურთის წესებით ტარდება. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ დედაქალაქის წყალთა სახეობის სპორტული სკოლების, ოლიმპიური მზადების ცენტრისა და მათი ფილიალების აღსაზრდელებს, ასევე ვეტერან სპორტსმენებს (ჯამში 65 წყალბურთელი).
ტურნირი საერთაშორისოა და წელს „ზუკას თასში" მონაწილეობას გერმანელი წყალბურთელები იღებენ.
შეჯიბრებას ხელმძღვანელობს წყალბურთის ფედერაცია, ტურნირის უშუალო მიმდინარეობას კი განაგებს და ემსახურება ფედერაციის მიერ დამტკიცებული მსაჯთა კოლეგია. გამარჯვებულს გამოავლენენ შეჯიბრების მსვლელობისას გუნდის მიერ მოპოვებული ქულების მიხედვით. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება გარდამავალი თასით, ხოლო გუნდის წევრები - სიგელებით. თასები ასევე გადაეცემათ ტურნირში მონაწილე საუკეთესო ბომბარდირს, მოთამაშესა და მეკარეს. საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის სიგელებით.