გურიაში „კულტურის დღეების" აღნიშნვნა დაიწყო. პირველი გასვლითი ღონისძიება სოფელ მთისპირში ჩატარდა. კონცერტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე დაესწრო.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გასვლითი ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით დაიწყო.
„კულტურის დღეების" ფარგლებში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა", ხალხურ საკრავთა ანსამბლი „ედელვაისი", ინდივიდუალური შემსრულებლები და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთისპირი".
„მოხარული ვარ, რომ მსგავსი პროექტი დაიწყო. მიუხედავად სოფლებში არსებული პრობლემებისა, მძიმე სოციალური ფონისა, სასიამოვნოა, როცა ადგილობრივი ანსამბლები არსებობას არ წყვეტენ და არასათანადო პირობებშიც კი აგრძელებენ მუშაობას. ჩვენი მიზანია სოფლების გამოცოცხლება, ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება და კულტურის დარგების განვითარება", - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
კულტურული და სპორტული ღონისძიებები სოფლებში 28 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით გაიმართება.