დღეს, 31 მაისს სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
სულთმოფენობას მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.
სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.