ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „facebook"-გვერდის მეშვეობით მადლობას უხდის ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს ეკა ხვედელიძეს ფიროსმანის ნახატის „არსენალის მთა ღამით" შეძენისთვის.
„ძალიან გამახარა ამ შენაძენმა! ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე შევძელი ამ სიხარულის მინიჭება ქართველებისთვის! უღრმესი მადლობა, ბატონო ბიძინა! უღრმესი მადლობა, ქალბატონო ეკა! უღრმესი მადლობა ამ შედევრის დაბრუნებისთვის და ამ შეგრძნებისთვის!" - წერს მძინარაშვილი.
ლონდონის ცნობილ „ქრისტის"აუქციონზე ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით"გაიყიდა. 1907-1908 წლებში შექმნილი ნახატი რვაასი ათასიდან მილიონ ორასი ათას ფუნტამდე იყო შეფასებული. ნახატი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.
„გუშინ შევიძინეთ ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით" ლონდონის აუქციონზე და მალე დაბრუნდება საქართველოში," - წერს „facebook"-ის საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე.
1957 წელს, „არსენალის მთა ღამით" 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგ პოეტ ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ის ჯერ 2007 წელს სოტბის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა.