ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ბავშთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთა.
გამგებლის ინიციატივით, სპეციალურად ამ დღისთვის, ოზურგეთის ბავშვთა დღის ცენტრების - „იმედის სხივის," „ცისკრის ვარსკვლავის" და საქველმოქმედო ორგანიზაცია „გურიას" ბენეფიციარებისთვის პარკ „ციცინათელაში" ატრაქციონები უფასოდ ჩაირთო.
"გადავწყვიტეთ ეს დღე ბავშვებისთვის მიგვეძღვნა. ეს პატარები ჩვენგან განსაკუთრებულ მზრუნველობას და ყურადღებას საჭიროებენ. მათი ღიმილი და სიხარული ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ემოციაც დაუვიწყარი და სასიამოვნო იყო", - აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სპექტაკლსაც დაესწრო. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი ზღაპრის კვირეულის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
ზღაპრის კვირეულის საუკეთესო მონაწილეების გამოსავლენად მინი სპექტაკლების კონკურსი, ნახატების გამოფენა, „მღერის ზღაპრის პერსონაჟი", ინტელექტუალური თამაში „ვინ მეტი იცის ზღაპრის შესახებ'' ჩატარდა. პროექტში მონაწილეობა ორივე მუნიციპალიტეტის, ქალაქის და თემის 16 სკოლის 250 მოსწავლემ მიიღო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ზღაპრის კვირეულის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)