„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით'" საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება."- ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „მოქალაქე" ავრცელებს.
ლონდონის ცნობილ „ქრისტის" აუქციონზე ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით" გაიყიდა.
1907-1908 წლებში შექმნილი ნახატი რვაასი ათასიდან მილიონ ორასი ათას გირვანქა სტერლინგამდე იყო შეფასებული.
ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით" აუქციონზე 800 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. აუქციონზე 43-ე ლოტად წარმოდგენილი ქართველი მხატვრის ნამუშევარი შუამავლის საშუალებით, ტელეფონით უცნობმა პირმა შეიძინა.
როგორც გავარკვიეთ, ნახატის ახალი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.
„გუშინ შევიძინეთ ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით" ლონდონის აუქციონზე და მალე დაბრუნდება საქართველოში", - წერს „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე.
1957 წელს, „არსენალის მთა ღამით" 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგ პოეტ ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ის ჯერ 2007 წელს „სოთბის", ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა.
ბიძინა ივანიშვილმა „არსენალის მთა ღამით" მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)