„ჟილინას" ოფიციალური ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთის კლუბის საფეხბურთო სკოლის 14-წლამდელთა გუნდი სოხუმს ესტუმრა და ახრიკ ცვეიბას სახელობის V საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ტურნირში მოსკოვის „დინამოს", ნალჩიკის „სპარტაკისა" და მახაჩყალის „ანჟის" ასაკობრივი გუნდებიც ასპარეზობდნენ.
ტურნირი 29 მაისს დასრულდა და გამარჯვება „ჟილინამ" მოიპოვა. სლოვაკმა ფეხბურთელებმა ოქროს მედლები და თასი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ გუბაზმა გადასცა. ვერცხლის მედლები მოსკოვის „დინამოს" ერგო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი აქამდეც ბევრი იყო. გასულ წელს, ახრიკ ცვეიბას სახელობის ტურნირში რამდენიმე რუსულ კლუბთან ერთად, დონეცკის „შახტარი" და სტამბოლის „ბეშიქთაში" იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოს ამ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს - თურქეთი და უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებია, სლოვაკეთი კი ევროკავშირის წევრია. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც განაგრძობენ საკუთარი კლუბების აფხაზეთში გაშვებას, საქართველოს მთავრობა და ფეხბურთის ფედერაცია კი ამაზე დუმს.