საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2014/2015 წლების გათამაშების ფინალში „სამტრედია" თბილისის „დინამოსთან" სამარცხვინო ანგარიშით - 0:5 განადგურდა. შეხვედრის შემდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა იმერული კლუბის გულშემატკივრებმა საკუთარი კლუბის მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ლანძღვა-გინება არ დააკლეს, რის გამოც სპეცრაზმის ჩარევა გახდა საჭირო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გავრცელებული ინფორმაციით, კლუბს მწვრთნელები და ფეხბურთელთა ნაწილი დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ფეხბურთელები დაემშვიდობებიან „სამტრედიას", ერთი კი ცხადია, რომ მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე, სპორტული დირექტორი დავით მუჯირი და მწვრთნელთა შტაბი გუნდს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ „სამტრედიამ" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2014/2015 წლების სეზონი 45 ქულით მეექვსე ადგილზე დაასრულა, ხოლო თასის ფინალში დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმერული კლუბი მიმდინარე ზაფხულში ნანატრი ევროსაგზურის გარეშე დარჩა.