reportiori.ge - სტალინი, ორჯონიკიძე და საინგილო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 07:24
სხვადასხვა
სტალინი, ორჯონიკიძე და საინგილო
ავტორი:
03 ივნისი, 2015. 10:12


პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, 1919 წელს, ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების დარად, აზერბაიჯანის მთავრობამაც წარადგინა თავისი მოთხოვნები და საგანგებო მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, თუ რა საზღვრებში ესახებოდათ მუსავატებს მომავალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის არსებობა.


მოხსენების მიხედვით, „აზერბაიჯანის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო საინგილო (ზაქათალა), ბორჩალოს მაზრა, ახალციხის მაზრა, ბათუმის ოლქი. მაშასადამე, უძველესი ქართული ტერიტორიების გარდა, აზერბაიჯანი მოითხოვდა, აგრეთვე, მესხეთს ბათუმითურთ" (ვ. ნოზაძე, საქართფველოს აღდგომისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989, გვ. 13).

ადვილი მისახვედრია აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების გათვლა.

ისინი იმ ქართულ პროვინციებს ადებდნენ ხელს, სადაც მოსახლეობას მუსლიმანი ქართველები წარმოადგენდნენ. ამდენად, მათი მოთხოვნა, უპირველესად,  რელიგიურ პრინციპებს ემყარებოდა. ამასთანავე, ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში აზერბაიჯანს ეძლეოდა ზღვაზე გასასვლელი, რაც ამ რესპუბლიკას ესოდენ ესაჭიროებოდა.


1920 წლის აპრილში აზერბაიჯანში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. 28 აპრილს, აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცკ-ს „თხოვნით", რუსეთის მთავრობამ ბაქოში ჯარი შეიყვანა და თავისი დიქტატურა დაამყარა. ამავე დროს, აზერბაიჯანის რევკომმა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.


1920 წლის 7 მაისს, მოსკოვში ხელი მოეწერა რუსეთსა და საქართველოს შორის საზავო ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა იმ კუთხით, რომ რუსეთმა ოფიციალურად აღიარა ზაქათალას ოლქი საქართველოს შემადგენლობაში.

ხელშეკრულების მე-4 მუხლში ვკითხულობთ: „რუსეთი ვალდებულობს, უეჭველად იცნოს საქართველოს შემადგენლობაში: ზაქათალისა და სოხუმის ოლქები."


ვინაიდან იმ ხანად ბაქოში რუსეთის პროტექტორატის „ქვეშ" მყოფი საბჭოთა მთავრობა იყო მოკალათებული, ამ უკანასკნელებმა, ბუნებრივია, ცნეს ზაქათალის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში. 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ „საქართველოს კონსტიტუციაში" უკვე ცალსახად იყო მითითებული, რომ ზაქათალის ოლქი წარმოადგენდა საქართველოს განუყოფელ ნაწილს და მას ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობის უფლება ენიჭებოდა.


საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აზერბაიჯანს, სომხეთის მსგავსად, არ გამოუჩენია დიდი ენთუზიაზმი სადავო ტერიტორიების შემოსაერთებლად ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის სადავო საზღვრების მოსაწესრიგებლად.


1921 წლის 2 მაისს რკპ(ბ) ცკ კავბიურომ შექმნა საგანგებო, შემათანხმებელი კომისია, რომლის 26 ივნისის სხდომის ოქმში ვკითხულობთ: „კომისია გადადის მორიგი საკითხის - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გავლების საკითხის განხილვაზე." „ზაქათალის ოლქისა და ყარაიაზის უბნის საკითხებზე შემდეგი მოდუსი შეიმუშავეს: პოლიტიკური მოსაზრებით, აზერბაიჯანის  სსრ პრეტენზიას არ აცხადებს, რომ აღნიშნული რაიონები მას შეუერთონ, მაგრამ მოითხოვს, საქართველომ იურიდიულად ცნოს და დაუმტკიცოს თათარ გლეხებს, რომ მათ უდავოდ უფლება აქვთ, ფაქტობრივად, ისარგებლონ იმ მიწებით (საძოვრებითა და სხვა სავარგულებით), რომლებსაც მეფისა და მენშევიკების რეჟიმის დროს ფლობდნენ." (აღნიშნული დოკუმენტი მოიძია ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ლ. თოიძემ და პირველად მან შემოიტანა ქართულ  ისტორიოგრაფიაში. იხ. ლ. თოიძე, საქართველოს პოლიტიკური ისტორია (1921-1923 წწ.) თბ., 1999).


თითქოს ამ ჩანაწერიდან ისე ჩანს, რომ აზერბაიჯანის სსრ-ს ტერიტორიული პრეტენზიები არ ჰქონდა საქართველოსთან, მაგრამ მალე ვითარება კარდინალუად იცვლება.

ისევ და ისევ „ზემოდან დაწოლით" 1921 წლის 5 ივლისს გაირკვა, რომ ზაქათალა და ყარაიაზის უბანი აზერბაიჯანის შემადგენლობაში რჩებოდა.

სხვათა შორის, ამ დროს სტალინი საქართველოშია და ესწრება საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გამიჯვნის სხდომებს.

სტალინი და ორჯონიკიძე პირადად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. ამას ადასტურებს შესაბამისი კომისიების ოქმები.

ამდენად, საინგილოს გასხვისების საკითხი მარტოოდენ ორჯონიკიძის ნება-სურვილით არ მომხდარა და ამ საქმეში იოსებ სტალინიც მონაწილეობდა - ყოველ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ყველაფრის საქმის კურსში იყო. საბოლოოდ, ეს თავსმოხვეული შეთანხმება 1921 წლის 15 ნოემბერს დაამტკიცა ბუდუ მდივანისა და მუხტარ გაჯიევის ხელმოწერამ.


მთლიანობაში, 1921 წელს აზერბაიჯანს გადაეცა 4768 კვ. კმ. ფართობი, აქედან ზაქათალის ოლქი მოიცავდა 3.564 კვ. კმ-ს, გარეჯის ველი და ქვ. ყარაიას სექტორი - 658 კვ. კმ-ს, ელდარის ველი - 546 კვ. კმ-ს.




წყარო: rubrica.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016