reportiori.ge - ელისო ჩაფიძე: უკრაინელი ხალხი და ხელისუფლება ძალიან მალე გაარკვევენ, ვისთან აქვთ საქმე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:26
ინტერვიუ
ელისო ჩაფიძე: უკრაინელი ხალხი და ხელისუფლება ძალიან მალე გაარკვევენ, ვისთან აქვთ საქმე!
ავტორი:
03 ივნისი, 2015. 17:05


ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ესაუბრა.


- მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გუშინ საქართველოს ხუთ ქალაქში აქცია გაიმართა. ასევე პარლამენტში გოგა ხაჩიძის პროექტის განხილვა უკვე დაიწყო, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. რას ფიქრობს ხელისუფლება ამ საკითხზე და იგეგმება თუ არა აღნიშნული მიმართულებით ბრალის შემსუბუქება?


- ზოგადად ვფიქრობ, რომ მარიხუანა ძალიან ცუდია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს არ აისახება კარგად არც ერის გენოფონდზე და არც ადამიანის ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ხელისუფლება საკმაოდ სერიოზულად მუშაობს. ჩვენ უკვე განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც გარკვეულწილად, მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის ნარკოტიკული ნივთიერების ქონის შემთხვევაში ბრალის შემსუბუქებას ეხება. ზოგადად, დეკრინიმალიზაციისა და კანონის შემსუბუქებისკენ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მაგრამ ეს იქნება ამ ეტაპზე თუ მოგვიანებით, საკმაოდ რთული თემაა. ჩვენ უნდა გავიაროთ კონსულტაციები ყველა იმ პიროვნებასთან, რომელიც დაკავშირებულია ამ თემასთან, კარგად იცნობს და ჩახედულია აღნიშნულ სფეროში. ჩვენ გვჭირდება გარკვეული რეკომენდაციები ამ კუთხით. ვფიქრობ, არავის უხარია, როდესაც ადამიანები ციხეში იტანჯებიან, მაგრამ რა არის უკეთესი გზა ამ ადამიანების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და მათი ჯანმრთელობისთვის, სწორედ ამაზე უნდა იფიქროს სახელმწიფომ. ეს შეიძლება იყოს უფრო მეტი ნარკოლოგიური ცენტრის არსებობა, განათლების და ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლება ახალგაზრდა თაობაში და ა.შ. ალბათ დამეთანხმებით, რომ დიდი სიამოვნებით არავინ ისურვებს, რომ მსგავს შემთხვევებთან ჰქონდეს საქმე.

 

- საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე დაიწყო. უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ამ საკითხის ირგვლივ გუნდში ერთიანი პოზიციები არ არსებობს და რადიკალური მოსაზრებები იკვეთება. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა არის ის მნიშვნელოვანი პუნქტები, რაზეც მმართველი გუნდი ვერ თანხმდება?


- ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მაჟორიტარული სისტემის დღეს არსებული წესი საკმაოდ ბევრ ხარვეზს მოიცავს. ხარვეზებია არა მხოლოდ იმის გამო, რომ მაჟორიტარები სხვადასხვა პროპორციით არიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ასევე, თავად მაჟორიტარის უფლებები და მოვალეობები საკმაოდ შეზღუდული და არაადეკვატურია იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რასაც მოსახლეობა გვიყენებს. მაჟორიტარების მხრიდან მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე მუშაობა ადამიანებს არ აკმაყოფილებთ. მე ხშირად ვხვდები ადამიანებს და ვუხსნი, რა დადგენილებაზე, ბრძანებულებაზე ვმუშაობთ და როგორ შეცვლის ეს მათ ცხოვრებას, მაგრამ ნამდვილად არ არის ეს საკმარისი. ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს ისეთი პრობლემების წინაშე დგომა, როგორიც არის სოციალური დახმარებები, მოსახლეობის დასაქმება და ა.შ. თუკი ამ კუთხით მაჟორიტარის უფლებამოსილება არ გაფართოვდა, თუნდაც რეკომენდაციების დაკმაყოფილების შესაძლებლობა მან ვერ მიიღო, ვფიქრობ, რომ ეს ინსტიტუტი ნამდვილად რჩება მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანების პრეროგატივად, რომელთაც უბრალოდ შეუძლიათ, რომ ისხდნენ პარლამენტში და ამით დაიცვან საკუთარი ბიზნესი და შეიძინონ გარკვეული იმუნიტეტი. მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც არ გვაქვს საკუთარი ბიზნესი და ამ კუთხით ვერ ვეხმარებით მოსახლეობას, ნამდვილად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ და საოცარი ილეთების გამოყენება გვჭირდება იმისათვის, რომ ადამიანს რაღაც პრაქტიკულ საკითხებში დავეხმაროთ. მე ჩემთან მოსულ ადამიანებს ვერ ვეუბნები იმას, რომ არ მაინტერსებს, თქვენ დასაქმდებით თუ არა, არ მაინტერესებს, გექნებათ თუ არა წამლის ფული, არ მაინტერესებს, თქვენ სოციალური დახმარება დაგენიშნებათ თუ არა. კი ეს არსად არ წერია მაჟორიტარის უფლება-მოვალეობებში, მეტსაც გეტყვით, ძალიან იშვიათად ითვალისწინებენ, სამწუხაროდ, ამ კუთხით ჩვენს რეკომენდაციებს. გაცილებით უფრო მეტად ეყრდნობიან იმ სოციალური სააგენტოს მუშაკებს, რომელთა საქმიანობაც წლების მანძილზე ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილებები აუცილებელია.  ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევთანხმდებით მოსახლეობისათვის მისაღებ ვერსიაზე. თუმცა, უმრავლესობა არ შედგება მხოლოდ „ქართული ოცნების", „რესპუბლიკელების", „კონსერვატორებისგან", იგი შედგება იმ  მაჟორიტარებისგან, რომლებიც შემოგვიერთდნენ და ჩამოაყალიბეს ფრაქცია და რამდენადაც მე ვიცი, ამ ადამიანებს პრინციპულად განსხვავენული პოზიცია აქვთ. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და შეუძლებელია, არ შევასრულოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში.


 

- საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თქვენი პოზიცია როგორია აღნიშნულთან მიმართებაში და როგორ გესახებათ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ამის შემდეგ?


- მინდა, გულწრფელად გამოვთქვა გულისტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ეს ადამიანი ორი ვადით გვყავდა არჩეული პრეზიდენტად და აღმოჩნდა, რომ მან ოდესის გუბერნატორობაზე გაცვალა საქართველოს მოქალაქეობა. მე ეჭვი მეპარება, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭონ, რადგან საქართველოში მის წინააღმდეგ დაწყებულია გარკვეული სისხლის სამართლის პროცედურები და უკრაინის მოქალაქეობა არ ათავისუფლებს სააკაშვილს იმ პასუხისმგებლობისგან და კითხვებისგან, რომელიც საქართველოში გაჩნდა მის საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ამის გამო ჩვენ უკრაინასთან ურთიერთობები უნდა გავიფუჭოთ, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი და ხელისუფლება ძალიან მალე გაარკვევენ, ვისთან აქვთ საქმე და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016