„ახალი მემარჯვენეების" ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე „რეპორტიორთან" ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებს აფასებს:
- „ქართული ოცნების" დაპირება იყო სწორედ საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელება. ჩვენ ველოდებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისათვის საჭირო და აუცილებელი 76 ხმა ამ დღეებში შეგროვდება და პარლამენტში დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება. ხელმოწერის პროცედურები ალბათ დღეს დაიწყება და ვფიქრობ, მოხდება ყველას ლუსტრაცია, როგორც პარტიული ისე პერსონალური. ადამიანები ამ მოთხოვნების გამო სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებს მართავდნენ, წერდნენ საპროტესტო წერილებს, აწყობდნენ შიმშილობას, იყო მასობრივი პროტესტებიც და ვფიქრობ, ეს ყველაფერი დღეს შესაძლებელია, რომ ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. ვნახოთ, ვინ როგორ მოიქცევა. ამის მიხედვით იქნება ჩვენი შეფასებებიც. ეს ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს დღეებში. საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას სჭირდება როგორც ხელმოწერები ინიცირებისთვის, ისე გარკვეული დრო, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი კანონი, რომელიც მიჯრით შეიძლება იყოს განხილული. დღეს ბურთი არის პარლამენტის, განსაკუთრებით სახელისუფლებო უმრავლესობის მოედანზე და ჩვენ მათგან შემდგომ ნაბიჯებს ველით. არა მგონია, მათ მარტივად მოახერხონ თავის დაძვრენა ამ სიტუაციიდან.
პრეზიდენტის მიდგომა აღნიშნულ საკითხზე ძალიან საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც გიორგი მარგველაშვილი ერთი წლის შედეგების ანგარიშით წარსდგა პარლამენტის წინაშე, მაშინაც საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით, კონკრეტულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის პოზიცია იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ფორმულა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, უკვე აღარ არის მორგებული ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესზე და ეს ფორმულა ემსახურება იმას, რომ ზოგადად, სამართლიანი გარემო შეიქმნას და თამაშის სამართლიანი წესები იყოს. საარჩევნო კანონმდებლობა უნდა გაუმჯობესდეს იმ თვალსაზრისით, რომ კანონმდებლობა კი არ აძლევდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას გამარჯვების შესაძლებლობას, არამედ ამას უნდა აკეთებდეს ამომრჩევლის მხარდაჭერა. ეს არის ფორმულა, რომელიც 75 პროპორციულად არჩეულ მანდატს ითვალისწინებს და ითვალისწინებს დანარჩენ 75-ს რეგიონულ-პროპორციული სიით არჩეულს. ასეთი წესით არჩეულ პარლამენტს ეყოლება როგორც წმინდა პარტიული წარმომადგენლობა, ასევე რეგიონული წარმომადგენლობაც, როგორც პოლიტიკური მდგენელი. დღეს ვერც მოსახლეობა არკვევს მაჟორიტარების ფუნქციას და ვერც თავად მაჟორიტარები. ეს არის კასტა, რომელიც მუდმივად არის ხელისუფლების უმრავლესობაში და არის კლანური სისტემის ნაწილი. ასეთ ვითარებაში არც თვითმმართველობას აქვს რეალური ფუნქცია და არც არჩეულ მერსა და გამგებელს. ეს მახინჯი სისტემა აუცილებლად უნდა დაიშალოს და დაირღვეს.
- საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თქვენი პოზიცია როგორია აღნიშნულთან მიმართებაში და როგორ გესახებათ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ამის შემდეგ?
- ამ მხრივ ძალიან არაორდინარული სიტუაცია შეიქმნა როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში. მიხეილ სააკაშვილი მოგვწონს თუ არა, აქტიური ფიგურაა, მისი პოლიტიკური კარიერა ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო იმ თვალსაზრისით შეიძლება იყოს, რომ ჩვენ ვართ უკრიანის გულშემატკივრები და ძალიან გვინდა, რომ უკრაინაში პროცესი წავიდეს ისე, რომ ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნოს და ევროპის ნაწილიც გახდეს. მე ვურჩევდი ჩვენს ხელისუფლებას, რომ ასეთ ვითარებაში ვიწრო პოლიტიკური ხედვიდან ნუ ამოვლენ. მე თავისთავად არ მომწონს ის ფაქტი, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან, იმიტომ, რომ მოქალაქეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ვფიქრობ, როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ხელისუფალი ამას ყოველთვის გამორჩეულად უნდა სცემდეს პატივს. მითუმეტეს, რომ სააკაშვილი თავად აყენებდა ასე საკითხს რამდენიმე თვის წინ, როდესაც ამბობდა, რომ არანაირ თანამდებობრივ შეთავაზებას არ იღებდა, რადგან საქართველოს მოქალაქეობის დათმობას არ აპირებდა. ახლა კი თავად შეცვალა ეს დამოკიდებულება, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გადაწყვეტილებების მიღებას არ ვურჩევ დღეს ჩვენს ხელისუფლებას. ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში ჯობია, კანონის მოცემულობით ვიხელმძღვანელოთ და ის გავაკეთოთ, რასაც კონსტიტუცია გვავალდებულებს.
დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, როდესაც სააკაშვილსა თუ ნებისმიერ სხვას სთავაზობს თანამდებობას. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის წარმოდგენა, რომ სააკაშვილს რაც მოუნდება, იმას გააკეთებს უკრაინის სახელმწიფოში. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და თავად სააკაშვილის მხრიდანაც. მოცემულობა საკმაოდ რთული და არაორდინარულია, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონის მხრიდან.