ჯემალ სეფიაშვილი:
შეუძლებელია, სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია და მღელვარება, ამ სიმღერაზე მუშაობის დროს რომ დამეუფლა. პაატა ნაცვლიშვილის მიერ ვეფხისტყაოსნიდან ასეთი რუდუნებით გამოკრებილმა სიტყვებმა თავისთავად დაბადეს მელოდია, რომელიც ადამიანურ სათნოებათა სადიდებელ ჰიმნად იქცა. კარგად მესმის ის პასუხისმგებლობა, რაც ამ გენიალური სტრიქონების თანამედროვე მუსიკაში გადატანას ახლავს. ყოველგვარი ცრუ თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ეს სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ჩემს შემოქმედებაში.
პაატა ნაცვლიშვილი:
კარგა ხანია მაწვალებდა ფიქრი, თუ რატომ არ არსებობდა სიმღერა შოთა რუსთაველის ტექსტზე. სხვადასხვა დროს ვეფხისტყაოსნიდან განსხვავებული ხასიათის სტრიქონები გამოვკრიბე კიდეც და სასიმღერო ლექსებად ვაქციე. ბოლოს მათგან ერთ-ერთი, აფორიზმებით გაჯერებული ტექსტი შევარჩიე და ჯემალ სეფიაშვილს გავუგზავნე ელექტრონული ფოსტით. ჯემალი იმ იშვიათ კომპოზიტორთაგანია, რომლებმაც კარგად იციან ლიტერატურული პირველწყაროს უპირატესობა და მნიშვნელობა სიმღერაში... მალე ტელეფონით დამირეკა, აღელვებას და აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. ეს რა სასწაული გამოგიგზავნიაო! სულ მალე კი, შინ მიმიპატიჟა, უნდა მოგასმენინოო. მოვისმინე, მაგრამ რა მოვისმინე! მელოდია, რომელიც ერთნაირად იპყრობს მსმენელის გულსაც და გონებასაც, თითქოს რუსთაველის თითოეულ სიტყვას ეფერება და ეთაყვანება. თანაც ეს მხოლოდ სულ მცირედი იყო სიმღერის საბოლოო სახისა, როგორადაც ჯემალს იგი წარმოედგინა - სამი სოლისტით, დიდი ორკესტრითა და ვეება შერეული გუნდით. როგორ შეიძლება, სიამაყით არ აღივსო იმის გამო, რომ ერთგვარი შუაკაცი აღმოვჩნდი შოთა რუსთაველსა და ჯემალ სეფიაშვილს შორის, რომელმაც, მჯერა, კიდევ ერთი შედევრით გაამდიდრა როგორც საკუთარი, ისე მთლიანად ქართული სასიმღერო შემოქმედება.