reportiori.ge - დავით ბერძენიშვილი: სააკაშვილი სახალისო სამუზეუმო ექსპონატი გახდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 08:34
ინტერვიუ
დავით ბერძენიშვილი: სააკაშვილი სახალისო სამუზეუმო ექსპონატი გახდა!
ავტორი: ანა ნოდია
05 ივნისი, 2015. 12:19


რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი კოალიციაში ახალ სახეებზე, მომავალ არჩევნებსა და ხალხის ნდობაზე, სამართლიანობის აღდგენაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, სააკაშვილზე, გამოწვევებზე „რეპორტიორს" ესაუბრება:


- მოარული ხმების მიხედვით, კოალიცია „ქართული ოცნება" ახალ სახეებს ეძებს. რა იცით ამის შესახებ?

 

- კოალიციაში შემავალი თითოეული პარტია ალბათ ზრუნავს ამაზე. რესპუბლიკურ პარტიაშიც იქნებიან სამომავლოდ დიდი გამოცდილების მქონე ახალი სახეები. ბუნებრივი პროცესია, თუ იქაც მიმდინარეობს გადახალისება. შეიძლება, ეს განიხილებოდეს სამომავლო საპარლამენტო არჩევნების პროცესში, რომელი პარტია რა დოზით დააპირებს საკუთარი შემადგენლობის განახლებას.


-  ხომ არ ფიქრობთ, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი გეგმავს ახალი გუნდის შეკრებას?

 

- ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" არ დარჩება მისი დამფუძნებლის მხრიდან უყურადღებოდ. შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არ არის, მაგრამ არის მის საზოგადოებრივ ფლანგზე, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ ტელევიზიაში, ვიხილოთ ახალ გუნდში. თუმცა, ამის თაობაზე კონსულტაციები ჩვენთან არ მიმდინარეობს. ისევე, როგორც „რესპუბლიკელები" არავისთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს, ჩვენს პარტიაში რა სიახლეები შეიძლება იყოს.


- საუბარია, რომ 2016 წელს კოალიცია „ქართულ ოცნებას" არ ექნება ის ნდობა, რაც ჰქონდა 2012 წელს, თუ თავად ივანიშვილი არ მობრუნდება პოლიტიკაში. ფიქრობთ რომ ასეა?

 

- მანამდე წელიწადნახევარია. დღევანდელი ყველა მონაცემი ადასტურებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება" ინარჩუნებს გამოკვეთილ პირველ ადგილს. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კოალიციამ გაიმარჯვოს არჩევნებში. თუმცა, კონკურენცია არსებობს.


ოპოზიციური პარტიები ვერ ჯგუფდებიან ერთად, ბურჯანაძის პარტია და ნაციონალები ვერ ერთიანდებიან, ვერც არჩევნებამდე და ვერც არჩევნების შემდეგ. ნაციონალებიდან 4 დეპუტატი წავიდა, იქით სააკაშვილმა გუნდი მიატოვა და ქვეყანას ზურგი აქცია. ჩინოვნიკობა მოუნდა და უხარია. მოკლედ, სამუზეუმო ექსპონატი გახდა. როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხდება სხვა ქვეყნის ჩინოვნიკი, ის არის კარგი და სახალისო სამუზეუმო ექსპონატი, სხვა არაფერი! მაგრამ ეს ვითარება „ნაციონალურ მოძრაობაზე" მძიმედ აისახება. „თავისუფალი დემოკრატები" ამბობენ, რომ არ აპირებენ თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან". არის „პატრიოტთა ალიანსი"... და ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკის მუდმივი შემადგენელი ლეობორისტული პარტია და შალვა ნათელაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად „გვამკობს" „რესპუბლიკელებს". მე მადლიერი ვარ ყველა იმ საინფორმაციო საშუალების, ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის, ვინც ასულდგულებს ჩვენს პარტიას მუდმივად რესპუბლიკურ პარტიაზე საუბრით. მივესალმები შალვა ნათელაშვილის გააქტიურებას ამ ფლანგზე.


- თქვენ, როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, მიგაჩნიათ, რომ აუცილებელია ივანიშვილი ყოფნა პოლიტიკაში?

 

- ბიძინა ივანიშვილმა რომ დატოვა პოსტი, ჩვენ ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებოდით ამ გადაწყვეტილებას. ეს პოზიცია გვქონდა და პერსონალურადაც ეს პოზიცია მაქვს. ასევეა დავით უსუფაშვილიც. არსად დაგვიმალავს ეს ფაქტი. დღემდე ვთვლი, რომ ის ნაადრევად წავიდა პრემიერობიდან. თუმცა, ეს არის მისი გადაწყვეტილება. ჩვენ არასდროს გვიჭირდა მასთან თანამშრომლობა. ბუნებრივია, მას აქვს გარკვეული და დიდი პასუხისმგებლობები. მან შექმნა ეს კოალიცია, რომელმაც დაამარცხა სააკაშვილი. ბუნებრივია მოწადინებულია, რომ ეს კოალიცია და ხელისუფლება წარმატებული იყოს.


- ტრიალებს აზრი, რომ თავსმოხვეული პარტია ხართ, რომ ხალხი თქვენ მხარს არ გიჭერდათ, ნდობას არ გიცხადებდათ, დღეს კი ხელისუფლების სათავეებში იმყოფებით. რას უპასუხებთ ბრალმდებლებს?

 

- ყველაზე ცუდი შედეგი რაც გვქონდა, იყო 4%, მაშინ, როცა, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა გვერჩოდა. პარტიის ყველაზე პოპულარული ფიგურა დათო უსუფაშვილი მუდმივად არის ლიდერებში, მუდმივად არის თინა ხიდაშელი ლიდერებში, ძალიან კარგია ჩემი, ლევან ბერძენიშვილის, ვახტანგ ხმალაძის რეიტინგი. გარდა ამისა, ამ პარტიას 90-იან წლებში ჰქონია ძალიან კარგი შედეგები. 22-კაციანი ფრაქციაც გვქონია. გვქონდა ძალიან მძიმე პერიოდებიც, გაქრობის პირას რომ ვიყავით. მაგრამ ჩვენ გვქონდა იდეა. ეს პარტია გადარჩა იმით, რომ ჰყავდა იდეის მატარებელი ხალხი. როცა განსაკუთრებით გაუჭირდა პარტიას, მათ მიატოვეს კომფორტული, აკადემიური, არასამთავრობო სფეროები და დაუბრუნდნენ პარტიას. ასე დაბრუნდა 2005 წელს დათო უსუფაშვილი და გახდა თავმჯდომარე. ასე წამოვიყვანეთ ხათუნა სამნიძე. ასე გადაწყვიტა თავის დროზე ხიდაშელმა და ისიც არასამთავრობო სექტორიდან დაუბრუნდა პარტიას.


ჩვენ გვაქვს რესურსი. რატომ არის ჩვენზე მოთხოვნილება? იმიტომ, რომ მეტი პასუხისმგებლობა ავიღეთ. ძალიან კომფორტულად ვიყავით პარლამენტში. გიგლაც და თინაც ძალიან მაგარი კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ. არავითარი საფუძველი და საფრთხე იმისა, რომ მომავალ არჩევნებზე კოალიციის შემადგენლობაში რესპუბლიკელებს რამე საფრთხე ემუქრებათ, ჩვენ არ გვქონია. არ ვიღებდით პასუხისმგებლობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ვიღებდით წარმატებულ სფეროებზე - ევროინტეგრაციასა და აგრარულზე. ვიქნებოდით კომფორტულად. ჩვენი ეს ნაბიჯი - პარტიის ორი მნიშვნელოვანი ფიგურა მივავლინეთ ხელისუფლებაში, ძალიან სარისკო პოზიციებზე, ეს არის მეტი რისკი, მეტი პასუხისმგებლობა და მეტი შანსიც. ყველამ იცის, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა - პირველ რიგში რესპუბლიკურ პარტიას ვთავაზობ პარტნიორობასო. ამ სიტყვებით თქვა. ვფიქრობ, ის სწორი აღმოჩნდა. დღეს ვართ მისი დაფუძნებული კოალიციის მნიშვნელოვანი პარტნიორები.


- ხალხი დღემდე ითხოვს სამართალს, რა ხდება ამ მიმართულებით?

 

- საარჩევნო პროგრამაში არ წერია რეჟიმის გასამართლება. იმიტომ, რომ რეჟიმი გაცილებით უფრო დიდი და ფართო რამ არის, ვიდრე იყო სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა. მე მზად ვარ, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დავიწყო ქართული ნიურნბერგის პროცესი. ამიტომ ვამჯობინებ ტერმინს - სამართლიანობის დამკვიდრებას და არა აღდგენას. არ ყოფილა სამართლიანობა შევარდნაძე-აბაშიძის დროს ქვეყანაში.


ვისაც ქონება წაართვეს, ვინც რეპრესირებული იყო, იმათ მიმართ აღსადგენია სამართლიანობა. პროკურატურაში შექმნილია დეპატამენტი და დაწყებულია მუშაობა. ახლა მართლა მუშაობენ.


ხალხი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა ტელეფონით, ახლა ლაპარაკობს. ხალხი ვერ უყურებდა ობიექტურ ტელევიზიას, ესმოდა მხოლოდ პროპაგანდა, ახლა პულტი უჭირავს და აღარ იცის, სად გადართოს. ხალხმა ეს მიიღო, მაგრამ ეს არ არის გარანტია. ჩვენ სულ უნდა ვიყოთ ფორმაში. 


ზოგი თვლის და ამბობს - რა ამბავია ამდენი დაჭერებიო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაჭერილია, შს ყოფილი მინისტრი დაჭერილია, ქალაქის ყოფილი მერი დაკავებულია... ანუ, ხალხის ერთი პარტია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გვსაყვედურობს, რომ ძალიან ბევრი ხელისუფალი დავიჭირეთ. მეორე პარტია გვსაყვედურობს, რომ ძალიან ცოტა დავიჭირეთ, დასაჭერია მეტი! ეს არის სასამართლო. ხელისუფლებას მუდმივად ექნება კრიტიკა ორივე მხრიდან.


- წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიციონერი ხართ - რა რეფორმის გატარებისკენ მოუწოდებდით ხელისუფლებას?

 

- თვითმმართველობის რეფორმა არის გასაგრძელებელი. საშემოსავლო გადასახადი ცენტრსა და რეგიონს შორის გასაყოფია. ეს მნიშვნელოვანია. მე უფრო კვალიფიციური ოპონენტი ვიქნებოდი, ვიდრე დღეს გვყავს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016