დღეს, თბილისის დროით გამთენიისას, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური შეხვედრის პირველი მატჩი გაიმართა - „გოლდენ სტეიტი" საკუთარ დარბაზში „კლივლენდ კავალიერს" დაუხვდა და ოვერტაიმში - 108:100 მოუგო.
შეხვედრის პირველი პერიოდი „კავალიერსმა" 19:29 მოიგო. სტუმრებს, როგორც წესია, ლებრონმა ულიდერა. „კავალიერსის" შეტევები მისით იწყებოდა და მთავრდებოდა. განსხვავებით ჯეიმსისგან, „ოქროს ბიჭების" ლიდერ - სტეფ კარის თამაში არ წაუვიდა და ვერც მისი ნასროლები ვარდებოდა კალათაში. აქედან მოყოლებული „სტეიტმა" თამაშს უმატა და სხვაობაც აღმოფხვრეს. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე ანგარიში - 98:98 იყო, როცა „მეფემ" მორიგი სამქულიანი გაუშვა, მაგრამ ბურთი კალათაში არ ჩავიდა - თამაში ოვერტაიმში გადავიდა. დამატებითში „კავალერიამ" კაირი ირვინგი დაკარგა, რომელიც მუხლის ტრავმის გამო მოედნიდან გაიყვანეს. ოკლენდელთა უპირობო ლიდერმა - სტეფ კარიმ თამაშს კიდევ უფრო მოუმატა და ოვერტაიმი - 10:2 მოიგეს, საბოლოოდ კი ანგარიში - 108:100 დამთავრდა. შეხვედრაში შეუჩერებელი იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც 44 ქულას, 8 მოხსნას და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ოკლენდელთა რიგებში კი კარი 26 ქულით გამოირჩა.
სერიის მეორე შეხვედრა 8 ივნისს, კვლავ ოკლენდში გაიმართება.
„გოლდენ სტეიტ უორიორსი" - „კლივლენდ კავალიერსი" 108:100 (19:29, 29:22, 25:22, 25:25 ო.ტ. 10:2)
„გოლდენ სტეიტი": კარი (26 ქ. 8 პ. 4 მ.), ტომპსონი (21 ქ. 6 მ.), იგუადალა (15 ქ.), გრინი (12 ქ. 6 მ.), ბარნსი (11 ქ. 6 მ.), სფეიტსი (8 ქ.), ეზელი (5 ქ.), ლივინგსტონი (5 ქმ.), ბოგუტი (4 ქ. 7 მ.), ბარბოსა (2 ქ.)
„კლივლენდი": ჯეიმსი (44 ქ. 8 მ. 6 პ.), ირვინგი (23 ქ. 7 მ. 6 პ. 4 პ.), მოზგოვი (16 ქ. 7 მ.), სმიტი (9 ქ.), შამპერტი (6 ქ.), ტომპსონი (2 ქ. 15 მ.)