პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის, 13 ივნისს გასამართ შეხვედრაში საქართველოს წინააღმდეგ რთული მატჩი ელის.
„საქართველოს ნაკრებთან თამაშის მთავარი ვარიანტი ბურთის დაჭერა და შეტევების დასრულება იქნება. ამას ვარჯიშებზე დიდ ყურადღებას დავუთმობთ. ჩვენ საქართველოსთან მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადება ევრო-2016-ის ფინალური ეტაპისკენ წინსვლის კონტექსტში დავიწყეთ. მოთამაშეებს ინდივიდუალურად ვესაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ასეთი მომზადება აუცილებელია.
უახლოეს მატჩისთვის ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად უნდა მოვემზადოთ. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მოთამაშეებს ამ შეხვედრის მნიშვნელობა კარგად ესმით. ვფიქრობ, ნებისმიერი მათგანი მობილიზებული იქნება. რთული მატჩი გველის, რადგან მოწინააღმდეგე გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და თამაშის ორგანიზება სულ სხვაგვარი იქნება. ამჟამად, საქართველო უფრო დაცვით ფეხბურთს თამაშობს.
ის ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოსთან მატჩისთვის გამოვიძახეთ, ჩვენს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ. გუნდს მიხალ პაზდანი დაემატა, რომელიც კარგ ფორმაშია. რაც შეეხება ვასილევსკის, ჩვენს სათამაშო კონცეფციაში ის არ ჯდება", - აცხადებს ნავალკა polskieradio.pl-სთან საუბრისას.
საქართველოს წინააღმდეგ მოთამაშე პოლონეთის 23-კაციანი სია, კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: არტურ ბორუცი ("ბორნმუთი", ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი ("სუონსი", ინგლისი), ვოიცეხ შჩესნი ("არსენალი", ინგლისი), პრჟემისლავ ტიტონი ("ელჩე", ესპანეთი)
მცველები: ტიაგო ციონეკი ("მოდენა", იტალია), კამილ გლიკი ("ტორინო", იტალია), მარცინ კომოროვსკი ("ტერეკი", რუსეთი), ლუკაშ პიშჩეკი ("ბორუსია", გერმანია), ლუკაშ შუკალა ("ალ-იტიჰადი", არაბეთის გაერთიანებული საემიროები), ლუკაშ ბროჟი ("ლეგია"), რაფალ იანჩიკი ("ლეხია", გდანსკი), ტომაშ კეძიორა ("ლეხი", პოზნანი), მიხალ პაზდანი ("იაგიელონია", ბიალისტოკი)
ნახევარმცველები: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ("დორტმუნდი", გერმანია), კამილ გროსიცკი ("რენი", საფრანგეთი), სლავომირ პეშკო ("კიოლნი", გერმანია), მაცეი რიბუსი ("ტერეკი", რუსეთი), გჟეგოჟ კრუშოვიაკი ("სევილია", ესპანეთი), კრჟიშტოვ მაჩინსკი ("გუიჩჟოუ", ჩინეთი), პიოტრ ზელინსკი ("ემპოლი", იტალია), არიელ ბორუსიუკი , სებასტიან მილა (ორივე "ლეხია", გდანსკი), კაროლ ლინეტი, დავიდ კოვნაცკი (ორივე "ლეხი", პოზნანი), ტომაში იოდლოვეცი, მიხალ კუხარჩიკი (ორივე "ლეგია")
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი", გერმანია), არკადიუშ მილიკი ("აიაქსი", ჰოლანდია), პატრიკ ტუჩინსკი ("იაგიელონია")