გუნდს 21 წლამდე ნაკრებიდან ლაშა დვალი („ქასიმფაშა") და გიორგი პაპუნაშვილი („დინამო" თბილისი) დღეს შეურთდნენ. ავსტრიაში დღის მეორე ნახევარში ჩავიდა „ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია,თუმცა ჰოლანდიური კლუბის წევრს დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. საღამოს ვარჯიში გამოტოვა ასევე ლევან მჭედლიძემ. მათე ვაწაძე კი ავსტრიაში სავარაუდოდ დანიის პირველ ლიგაში, 6 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ ჩავა.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ოთხი წლის შემდეგ დავბრუნდი ნაკრებში. მადლობა კახა ცხადაძეს, რომ მომცა შესძლებლობა, კვალვ გუნდთან ერთად ვყოფილიყავი. ნაკრებში საკმაოდ კარგი მდგომარეობა, ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ გუნდი უახლოესი ორი მატჩისთვის კარგად მოემზადოს", - განაცხადა გოგიტა გოგუამ.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თამაში დავალაგოთ. რაც შეეხება ფეხბურთელებს, არის მცირე პრობლემები და იმედია, ეს ყველაფერი მომზადებაში ხელს არ შეგვიშლის, რადგან უახლოესი ორი მატჩისთვის სეზონის დასრულების შემდეგ სრულყოფილი სავარჯიშო პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ავსტრიაში არაჩვეულებრივი პირობებია, მინდორი საკმაოდ მაღალი ხარისხის არის და გუნდს ყველანაირი საშუალება აქვს, რომ შეხვედრებისთვის კარგად მოემზადოს. სრულყოფილი ტაქტიკური ვარჯიშებისთვის აუცილებელია, რომ გუნდში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელად იყოს და სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესი წარიმართოს. უახლოეს მატჩებისთვის ვინც ყველაზე კარგ მდგომარეობაში იქნება ფუნქციონალურად, მოედანზე სწორედ ის ითამაშებს", - განაცხადა კახა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, 9 ივნისს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს, ხოლო 13 ივნისს, ევროპის შესარჩევ ეტაპის შეხვედრას ვარშავაში, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.