ყველაზე ძველი საერთაშორისო ტურნირი „კოპა ამერიკა" წელს ჩილეში გაიმართება. ტურნირი სტარტს 11 ივნისს აიღებს. გუნდები უკვე შეუდგნენ სამზადისს. „კოპა ამერიკა 2015"-ზე 12 ნაკრები იასპარეზებს და ისინი 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. მედია-ჰოლდინგი „რეპორტიორი" წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს და შევეცდებით, ყველა გუნდის შესახებ საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ჩვენი დღევანდელი სტუმარი C ჯგუფში განთესილი ვენესუელას ნაკრებია, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასაღწევად ბრაზილიის, კოლუმბიისა და პერუს ეროვნულ გუნდებთან მოუწევს დაპირისპირება.
ვენესუელამ ისტორიის მანძილზე მხოლოდ ერთხელ - 2007 წელს უმასპინძლა სამხრეთამერიკულ პირველობას. აღნიშნულ ტურნირზე ნაკრები დიდი წარმატებით ასპარეზობას ვერ დაიკვეხნის. მათ ნახევარფინალშიც კი მხოლოდ გასულ გათამაშებაზე - 2011 წლის „კოპა ამერიკაზე" გააღწიეს, სადაც პერუსთან 1:4 დამარცხდნენ.
ვენესუელას ეროვნულ გუნდს 2014 წლის ივლისიდან 50 წლის ადგილობრივი სპეციალისტი ნოელ სანვისენტე თავკაცობს. ეს მისთვის პირველი სანაკრებო გამოცდილებაა. აქამდე ნოელი ვენესუელურ „კარაკასს", „დეპორტივო ლა გუაირასა" და „ზამორას" წვრთნიდა.
გასულ კვირას სანვისენტემ იმ 23 მოთამაშის გვარები დაასახელა, რომლებიც ქვეყნის ღირსების დასაცავად „კოპა ამერიკა 2015"-ზე ჩილეში იბრძოლებენ:
მეკარეები: ალან ბაროხა („კარაკასი"), ვუილკერ ფარინესი („კარაკასი"), დანი ერნანდესი („ტენერიფე", ესპანეთი);
მცველები: რობერტო როსალესი („მალაგა", ესპანეთი), ვილკერ ანხელი („დეპორტივო ტახირა"), ოსვალდო ვისკარონდო („ნანტი", საფრანგეთი), გრენდი პეროსო („აიაჩო", საფრანგეთი), ანდრეს ტუნესი („ბურირამ იუნაიტედი"), ფერნანდო ამორებიეტა („ფულემი", ინგლისი), გაბრიელ სიჩერო („მინეროსი");
ნახევარმცველები: ტომას რინკონი („ჯენოა", იტალია), ფრანკლინ ლუსენა („დეპორტივო ლა გუაირა"), რაფაელ აკოსტა („მინეროსი"), ლუის მანუელ სეიხასი („სანტა-ფე", კოლუმბია), ალეხანდრო გუერა („ატლეტიკო ნასიონალი", კოლუმბია), სესარ გონსალესი („დეპორტივო ტაჩირა"), რონალდ ვარგასი („ბალიკეშირსპორი", თურქეთი), ხუან არანგო („ტიხუანა", მექსიკა), ჯონ მურილიო („სამორა");
თავდამსხმელები: ნიკოლას ფედორი („რაიო ვალეკანო", ესპანეთი), ალექსანდერ მარტინესი („ტორინო", იტალია), სალომონ რონდონი („ზენიტი", რუსეთი), ხელმინ რივასი („დეპორტივო ტაჩირა").
ვენესუელას საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. შემადგენლობაში საკმაო რაოდენობით არიან ფეხბურთელები, რომლებიც Top-ჩემპიონატების კარგ გუნდებში ასპარეზობენ და თამაშის სადავეების ხელში ჩაგდება კარგად შეუძლიათ. რთული სათქმელია, რამდენად აქვს საპრიზო ადგილების დაკავების შანსები ნოელ სანვისენტეს გუნდს, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ბევრს გააწამებენ.
ვენესუელას ნაკრები, სავარაუდოდ, „კოპა ამერიკა 2015"-ზეც 4-4-2 ფორმაციით იასპარეზებს და ნებისმიერ მეტოქესთან კარის სუფთად შენახვასა და მწვავე კონტრშეტევების განხორციელებას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი სპარინგ-მატჩი ვენესუელამ 1 აპრილს პერუს წინააღმდეგ გამართა და საკმაოდ დამაჯერებელი თამაშით 1:0 გაიმარჯვა.
გთავაზობთ, ჩვენი წარმოდგენით შემდგარი ვენესუელას ნაკრების ძირითად შემადგენლობას „კოპა ამერიკა 2015"-ისთვის:
ვენესუელას ნაკრების კალენდარი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე (თბილისის დროით):
14 ივნისი. 23:00 კოლუმბია : ვენესუელა
19 ივნისი. 03:30 პერუ : ვენესუელა
22 ივნისი. 01:30 ბრაზილია : ვენესუელა