„ბარსელონას" ვიცე-კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალური მატჩი გამოტოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა AS ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ბილბაოს „ატლეტიკთან" (3:1) მატჩში ინიესტამ მარჯვენა ფეხის კუნთი საკმაოდ სერიოზულად დაიზიანა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია. მის შემცვლელად თამაშში ხავი ჩაერთო.
„გამარჯვების შემდეგ, იგი თანაგუნდელებთან ერთად ხტოდა. იმედი მაქვს, რომ იგი სერიოზულად არ დაზიანდა", - განაცხადა მატჩის შემდეგ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ.
კლუბმა მატჩის მეორე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინიესტას ტრავმა მნიშვნელოვანი არაა და იგი ლიგის ფინალისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს. მიუხედავად ამისა, AS საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ესპანელმა სრულად გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს, ხოლო ლუის ენრიკემ მისი სასტარტო შემადგენლობაში გაყვანა ვერ გარისკოს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2014/2015 წლების გათამაშების ფინალური დაპირისპირება ხვალ, 6 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.