გუშინ, 4 ივნისს, უკრაინის თასის ფინალში კიევის „დინამო" დონეცკის „შახტარს" დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თუმცა სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ვერც ძირითად დროში იხილა გატანილი გოლი და ვერც დამატებით ტაიმებში. შედეგად, ფეხბურთელები 11-მეტრიანის ნიშნულთან პენალტების დასარტყმელად გაეშურნენ.
პენალტების სერია საოცრად დრამატული გამოდგა. კიეველებმა პირველი სამი ცდიდან მხოლოდ ერთის რეალიზება შეძლეს, ხოლო სრნას, ადრიანოსა და კოსტას დარტყმები ზუსტი გამოდგა. ამის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა და დედაქალაქელთა მორიგ ზუსტად შესრულებულ სამ პენალტს, დონეცკელებმა მხოლოდ ერთი გატანილი დაუპირისპირეს.
„დინამოელებმა" მეშვიდე პენალტის გატანაც მოახერხეს, რის შემდეგაც „შახტარის" ბანაკიდან ბურთთან ოლექსანდ გლადკი მივიდა. ამ უკანასკნელმა პენალტის გოლად ქცევა ვერ მოახერხა და უკრაინის თასს კიევის „დინამო" დაეუფლა.
გამარჯვების შემდეგ, „დინამოელთა" ტრიბუნა პიროტექნიკის ალში გაეხვა, რასაც მალე მოედანზე გულშემატკივართა დიდი ნაკადის შეჭრა მოჰყვა. კიეველებმა კარებებიც კი ჩამოანგრიეს და სამახსოვროდ შინ ბადის ნაფლეთები წაიღეს.