პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ქრისტეფორე (წამალაიძე) ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სულიერი მოძღვარი იყო... მეუფე ქრისტეფორე, რომელიც ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებას ეხმაურება, დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ხუნტის მაშინდელი ლიდერის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით მოკლეს! უფრო მეტიც, მიტროპოლიტის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილსა და ზვიად გამსახურდიას მეუღლეს მანანა არჩვაძე-გამსახურდიას შორის არებობს წერილობითი თუ სიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის მკვლელობა არ უნდა გამოიძიონ!
- მეუფე ქრისტეფორე, თქვენ არაერთხელ გიზიარებიათ ზვიად გამსახურდია და არაერთგზის ჩაგიბარებიათ მისგან აღსარება; შეიძლება თუ არა, ზვიადი ყოფილიყო თვითმკვლელი?
- 1980 წლიდან 1989 წლამდე ვიყავი ბატონი ზვიადის სულიერი მოძღვარი, ჩემი ხელით მიზიარებია, ჩამიბარებია მისგან აღსარება და ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით - ზვიად გამსახურდია არავითარ შემთხვევაში თავს არ მოიკლავდა და ზვიადი არის მოკლული! მართალია, მისი მოძღვარი ვიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზვიადზე ან მერაბზე მეტი ვიცოდი. პირიქით, ისეთი განათლებული და ისეთ ოჯახში გაზრდილი ხალხი იყო, მათგან ვსწავლობდი ბევრ რამეს, თვით სარწმუნოებასაც კი...
- 1989 წლის შემდეგ რატომ არ იყავით ზვიად გამსახურდიას სულიერი მოძღვარი?
- არის საკითხები, რომელთა გამჟღავნების უფლება არ მაქვს და ამ ყველაფერს სამარეში ჩავიტან!
- თუ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს, მაშინ პირველი პრეზიდენტის მკვლელი ვინ არის?
- ჩვენ ხშირად მკვლელობის შემსრულებლებს - ქილერებს ვეძებთ, არადა, ამ დროს ყველაზე საინტერესოა დამკვეთის ვინაობის დადგენა. ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დამკვეთი ცნობილია და ეს კაცი გახლავთ ედუარდ შევარდნაძე! სწორედ შევარდნაძეს უკარგავდა მოსვენებას ცოცხალი ზვიადი და ამიტომაც მოაკვლევინა იგი. ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებისას ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს უნდა მიექცეს ყურადღება და, ბოლოს და ბოლოს, გაირკვეს, რა წერილობითი ან სიტყვიერი შეთანხმება არსებობს მანანა არჩვაძესა და ბესარიონ გუგუშვილს შორის. კი მაგრამ, რაშია საქმე და რატომ დაიდო ბესარიონ გუგუშვილსა და მანანა არჩვაძეს შორის ხელშეკრულება, რომ პრეზიდენის მკვლელობა არ გაიხსნას? ეს უკვე ბადებს ძალიან დიდ ეჭვებს და აშკარაა, რომ საქმე ახლართულ-ჩახლართულია.
- მეუფეო, რა იყო იმის მიზეზი, რომ საქართველოს ეკლესიამ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების გადასარჩენად, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთა და პირიქით, ეკლესიის გავლენიანმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს პუტჩს?
- ვადასტურებ, რომ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა პუტჩისტებს, ბანდიტებს და თბილისიდან ზვიად გამსახურდიას განდევნიდან მეორე დღესვე, 1992 წლის 7 იანვარს, საპატრიარქში გაიმართა დიდი ნადიმი, სადაც ერთმანეთს მიულოცეს საქართველოდან სატანის, ანუ, მათი აზრით, ზვიადის განდევნა! ცხადია, საპატრიარქოში გამართულ ნადიმზე ისეთ ღვთისმოსავ და პატრიოტ კაცს, როგორიც ზვიადი იყო, სატანას რომ უწოდებ, ე.ი. შენ მაშინ ხარ მხარე, მონაწილეობ პუტჩში და დგახარ ბანდიტების გვერდით! ლაპარაკი არ უნდა იმას, რომ ეკლესიასა და ზვიადს შორის დაპირისპირება არსებობდა!
- რა იყო ამ დაპირისპირების მიზეზი?
- დაპირისპირების მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ, რამდენიმე ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) და ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე) ვითხოვდით ეკლესიის გაწმენდას გარყვნილი მღვდელმსახურებისგან და „კგბ"-ს აგენტებისგან! ამასვე ითხოვდა ზვიად გამსახურდიაც, რომელმაც პირდაპირ დაიწყო მამათმავალი, გარყვნილი სასულიერო პირებისა და „კგბ"-ს აგენტების მხილება. ცხადია, ამას მოჰყვა დაპირისპირება. უშიშროების სამსახურებმა ისე გაამწვავეს კონფლიქტი, რომ ზვიადსა და საპატრიარქოს იმ ნაწილს შორის, რომელსაც ამხელდა, დაიწყო აშკარა მტრობა. საბოლოდ ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ პატრიარქი და ზვიადი გადაემტერნენ ერთმანეთს. შემიძლია, გავიხსენო ასეთი ფაქტი - 1983 წელს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა და მიტროპოლიტმა დავითმა (ჭკადუამ) კატეგორიულად ამიკრძალეს ზვიად გამსახურდიასთან მეგობრობა და ურთიერთობა!
ამ აკრძალვის მიუხედავად, ზვიადთან მე, რა თქმა უნდა, კავშირს არ ვწყვეტდი, რადგან, როგორც მოგახსენეთ, 1989 წლის ბოლომდე მისი მოძღვარი გახლდით.
- მეუფე ქრისტეფორე, პატრიარქსა და ზვიადს შორის მაინც რა ტიპის დაპირისპირება მოხდა - ისინი შელაპარაკდნენ თუ რა იყო?
- იცით, რა არის? არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს - ზვიად გამსახურდიას საპატრიარქოში არ უშვებდნენ! ზვიადისთვის საპატრიარქოში მისასვლელი გზა ჩაკეტილი იყო და მას იქ სასაუბროდ არ იღებდნენ.
- რა შეცდომა დაუშვა ზვიად გამსახურდიამ პატრიარქთან და საპატრიარქოსთან ურთიერთობისას ისეთი, რომ მათ შორის ურთიერთობა ასე დაიძაბა? ზვიადმა იცრუა და ვინმეს ცილი დასწამა თუ...
- ზვიადს ცილი არავისთვის დაუწამებია და არც ტყუილი უკადრებია! საქართველოს ეკლესიაში რა ხდებოდა, ზვიადზე უკეთ არავინ იცოდა და, თუ ვინმეს შეუძლია, ამაში ეჭვი შეიტანოს, მაშინ წაიკითხოს ზვიადის მიერ 1976 წელს გამოცემული „საქართველოს მოამბე", სადაც მან დეტალურად მიმოიხილა ეკლესიაში შექმნილი ვითარება. ზვიადმა ისიც იცოდა, რომ დაპირისპირება მამათმავალ და „კგბ"-ს აგენტ სამღვდელოებასთან, ფაქტობრივად, ნიშნავდა დაპირისპირებას უზარმაზარ ძალასთან, რომელსაც სპეცსამსახურები უმაგრებდნენ ზურგს. ზვიადის შეცდომა ის იყო, რომ იგი ხმაურით, პირდაპირ დაეტაკა მამათმავლებსა და „კგბ"-ს აგენტებს... საჭირო იყო უფრო დიპლომატიური მოქმედება. პატრიარქსა და ზვიადს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა 1983 წელს, სულთმოფენობის შემდეგ, როცა ზვიად გამსახურდიამ უწმინდესს დეპეშა გაუგზავნა და საშინელი რისხვა დაატეხა თავს - სულთმოფენობის დღესასწაული წაბილწე და წარწყმიდე, რადგან დღესასწაულზე მამათმავალი სასულიერო პირები გყავდა მოწვეულიო!
- კი მაგრამ, დეპეშის გაგზავნა რა საჭირო იყო, წერილი ვერ გაუგზავნა პატრიარქს?
- ხომ გითხარით, ზვიად გამსახურდიასთვის საპატრიარქოს კარი ჩაკეტილი იყო, მას იქ არ უშვებდნენ და მის წერილებსაც არ იღებდნენ! ერთადერთი გამოსავალი იყო დეპეშის გაგზავნა პატრიარქის სახელზე, რაც ზვიადმა გააკეთა კიდეც.
- პატრიარქის მხრიდან რა რეაქცია მოჰყვა ამ დეპეშას?
- პატრიარქმა რელიგიის საქმეთა რწმუნებულს გაუგზავნა წერილი და ზვიადს მთავრობაში უჩივლა, - ამ კაცის ბოროტმოქმედება ალაგმეთო! ამ წერილიდან აშკარად ჩანს, რომ ზვიადსა და უწმინდესს შორის ძალიან დიდი დაპირისპირება იყო.
- მეუფე ქრისტეფორე, ხშირად გაიგონებთ, - ზვიად გამსახურდიას პატრიარქობა უნდოდაო!.. მსგავსი რამ გახსოვთ?
- ასეთი რამ მე არ მახსოვს, ეგ არის ტყუილი და მონაჭორი! პატრიარქს ახლაც დიდი ავტორიტეტი აქვს და უწმინდესის ავტორიტეტი მაშინაც დიდი იყო. ამას იგონებდნენ და თხზავდნენ სპეცსამსახურები, რათა, როგორც კი დიდი კაცი გამოჩნდებოდა, მაშინვე დაეპირისპირებინათ პატრიარქისთვის.
- თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ეროვნულ მოძრაობაში ჩანერგილი ხალხის მიერ აგორებული დაპირისპირება და ლიდერებს შორის ატეხილი ომი განგემუხტათ და ხალხი შეგერიგებინათ?
- მერაბ კოსტავა უკვე ცოცხალი აღარ იყო, როცა უწმინდესთან შევედი და ვუთხარი - ეროვნულ მოძრაობაში დიდი დაპირისპირებაა, მოდით, ლიდერები ერთმანეთს შევარიგოთ-მეთქი! - ვცადე ეს, მაგრამ არაფერი გამომივიდაო! - მიპასუხა პატრიარქმა. კიდევ ვცადოთ-მეთქი! - არა, არაფერი გამოვიდაო! - დაუზავებელი და შეურიგებელი რა არის? მარტო მე რომ დავიწყო, შევძლებ და თქვენ ამოდენა ავტორიტეტი გაქვთ, ვინ დაგიდგებათ წინ-მეთქი?! უწმინდესმა მაგიდაზე ხელი დაარტყა და ხმამაღლა მითხრა - მაგ თემაზე ნუღარ მესაუბრებიო! აღარც კი დავემშვიდობე, გამოვიჯახუნე კარი და ყაზბეგში წავედი.
- დღევანდელ წმინდა სინოდში არიან თუ არა მეუფეები, რომლებსაც იარაღი ეჭირათ ხელში და ზვიად გამსახურდიას ებრძოდნენ?
- ჩემს დროს სულ თორმეტი მღვდელმთავარი ვიყავით და იარაღი ხელში არავის სჭერია, მაგრამ „კგბ"-ს აგენტები ჩვენს შორის ნამდვილად იყვნენ.
- მივუბრუნდეთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობას! რა მოხდა, როგორ მოკლეს ზვიადი?
- ვერსიები უამრავია, მაგრამ ფაქტი ერთია - პრეზიდენტს ჰყავდა დაცვა და პრეზიდენტის გვერდით ბოლო წუთებში იყვნენ: ბესარიონ გუგუშვილი, ბაჩუკი გვანცელაძე და რობიზონ მარგველანი. აი, ამ სამმა კაცმა იცის ყველაფერი, რა მოხდა, როგორ მოხდა და როგორ მოკლეს პრეზიდენტი! სხვაგან სად მივდივართ ან რას ვეძებთ? კაცი ორი ტყვიით არის მოკლული, სამი პიროვნება იქ იყო და ამ საქმის გახსნას არაფერი უნდა! ოთხ კაცში უნდა გაირკვეს ზვიადის მკვლელობის საქმე - ერთია გუგუშვილი, მეორე - მარგველანი, მესამე - ბაჩუკი გვანცელაძე და მეოთხე - მანანა არჩვაძე! დამკვეთები ძალიან კარგად არიან ცნობილნი და ამას აღარ უნდა კვლევა-ძიება, მკვლელობის დამკვეთი იყო შევარდნაძე, რომელმაც გადაატრიალა და დაამხო ქვეყანა!
- მეუფეო, შევარდნაძე ხომ გარდაიცვალა და ახლა მაინც რა უდგას წინ ზვიადის მკვლელობის გამოძიებას? ყველაფერი გამოკვლეულია, დალაგებულია, რამდენიმე საგამოძიებო პროცედურაა დარჩენილი და, როგორც ფიქრობთ, ვინ ბლოკავს და ამუხრუჭებს ამ საქმეს?
- მართალია, შევარდნაძე ცოცხალი აღარ არის, მაგრამ შევარდნაძე მარტო არ ყოფილა და ზვიადის მკვლელობის საქმეში ძალიან დიდი საზოგადოებაა გარეული. ეს ადამიანები დღესაც სერიოზულ გავლენებსა და ბერკეტებს ფლობენ... ყველაზე მთავარი კი, რის გამოც ზვიად გამსახურდიას მკვლელობას არ იძიებენ, გახლავთ ის, რომ როცა ერის გენოციდი მიმდინარეობს, არავის არ აწყობს ეროვნული მოძრაობის ლიდერებისა და ქვეყნის პატრიოტების მკვლელობების გამოძიება! საქართველო რომ თავის თავს ეკუთვნოდეს, ზვიადის მკვლელობა გახსნილი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავს არ ვმართავთ, ჩვენ გვმართავენ სხვები! აი, იმ სხვების ინტერესში კი არც საქართველოს აყვავება შედის და არც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გახსნა!
- 2016 წელს მსოფლიოს მერვე საეკლესიო კრების მოწვევას ფიქრობენ კონსტანტინოპოლში, სტამბოლში. ამბობენ, თითქოს მრთლმადიდებელთა და კათოლიკეთა საეკლესიო კალენდარი უნდა გაერთიანდეს და ახალ სტილზე უნდა გადავიდეთო... თქვენ რა იცით ამის შესახებ?
- იცით, რა არის? ეკლესიაში ეშმაკმა უკვე შეაღწია და ვფიქრობ, იმ დროს, როცა თითქმის ყველა ქვეყნის ეკლესია აგენტურითა და მამათმავლებით გაივსო, ამ ახალი საეკლესიო კრებისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ! გააჩნია, ვის წარგზავნიან ამ კრებაზე ჩვენგან, რუსეთიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ათონის მთიდან... კალენდარი არ არის პანაცეა, მე ძველმესტილე ვარ და ასე მოვკვდები, მაგრამ ის არის საინტერესო, კიდევ რა საკითხების განხილვას აპირებენ კრებაზე? უფრო ზნეობრივი საკითხები მაინტერესებს, ეგ არის მთავარი! ერთი კია - თუ მსოფლიომ ასე გააგრძელა, თუ ყველა სახელმწიფოში, ყველა ტელევიზიაში ცხოვრების წესად იქცა სოდომურ ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანების პოპულარიზაცია და ფერება, კაცობრიობა გაიზიარებს სოდომ-გომორის ბედს! სოდომსა და გომორში, დღეს რომ „ლგბტ"-ს ეძახიან, სწორედ ისეთი ხალხი იყო უმრავლესობაში. საინტერესოა, ნორმალურ კაცებსა და ქალებს რა ეშველებათ თანამედროვე მსოფლიოში და ვინ იქნება ჩვენი დამცველი? - აი, ამ საკითხებზე მინდა პასუხი მსოფლიოს მერვე საეკლესიო კრებისგან
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"