დღეს, 6 ივნისს, ბერლინში, თბილისის დროით 22:45 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 2014/2015 წლების გათამაშების ფინალური დაპირისპირება გაიმართება, რომელშიც ტურინის „იუვენტუსი" კატალონიის „ბარსელონას" შეერკინება. შეხვედრას თურქი არბიტრი ჯიუნეთ ჩაკირი განსჯის.
ფავორიტებად, რა თქმა უნდა, კატალონიელები სახელდებიან. მათ საოცარი სეზონი ჩაატარეს და შექმნეს შთაბეჭდილება, რომ ამ გუნდის დამარცხება - შეუძლებელია! თუმცა, ეს ფინალია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ „ბარსელონას" გამანადგურებელი თავდასხმის შეჩერება, თეორიულად, მხოლოდ იტალიურ, ყრუ დაცვას თუ შეუძლია. ამასთანავე, „ბებერი ქალბატონი" თანამედროვე ფეხბურთში კონტრშეტევებზე თამაშის მოყვარულთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა. წინასწარ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, ფაქტი კი ერთია - ფინალში ღირსეულები ითამაშებენ.
„ბარსელონამ" მიმდინარე სეზონში პრიმერადივიზიონში გამარჯვებას Copa del Ray-ს თასის მოპოვებაც მიამატა. თავის მხრივ, „იუვენტუსმა" მორიგი საოცარი სეზონი ჩაატარა სერია A-ში და 38 ტურის შემდეგ, პირველი ადგილი მეორეადგილოსანთან 17-ქულიანი სხვაობით დაიკავა. დღევანდელი ფინალი არა მხოლოდ ამ ორი კლუბის, არამედ იტალიური და ესპანური ფეხბურთის თამაშის სტილთა დაპირისპირება იქნება.
ლუის ენრიკეს შეგირდები სრულ მზად ყოფნაში არიან. კატალონიელთა რიგებში ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, რასაც ვერ ვიტყვით ტურინელებზე. მათ უდაოდ გუნდის საკმაოდ დიდი ძალა - ჯორჯო კიელინი და მარტინ კასერესი ტრავმების გამო დააკლდებიან. ამ ფეხბურთელებს „ბებერი ქალბატონის" საამაყო, გაუვალი დაცვის ხაზის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით და ორივე მათგანი შეტევასა და სტანდარტულ მდგომარეობებში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. მათი დანაკლისი მასიმილიანო ალეგრისთვის განუზომელია.
უდაოა, რომ „ბარსელონა" დღევანდელ შეხვედრასაც 4-3-3 ფორმაციით ჩაატარებ და სრულად შეტევაზე მოახდენს კონცენტრაციას. ალეგრის წინაშე კი საკმაოდ რთული ამოცანა დგას - გაუხსნას თამაში მეტოქეს თუ მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდეს. ფაქტია, რომ ორივე ვარიანტი საკმაოდ სარისკოა. კიელინის თამაში რომ შეეძლოს, „იუვე" ალბათ მის საყვარელ 3-5-2 ფორმაციას ამჯობინებდა და კონტრშეტევებზე ითამაშებდა, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ გამორიცხული არაა, ტურინელთა თავკაცმა ფორმაცია „დაიმონდს" (4-1-2-1-2) მიანიჭოს უპირატესობა. ეს ტაქტიკა საკმაოდ მიმზიდველია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ნახევარდაცვაში პირლო და პოგბა გყავს.
გთავაზობთ, დღევანდელ შეხვედრაში გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს:
„იუვენტუსი" (4-1-2-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, ევრა - პირლო - მარკიზიო, პოგბა, ვიდალი - მორატა, ტევესი.
„ბარსელონა" (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა - მესი, სუარესი, ნეიმარი.
ტრავმირებულები: კიელინი, კასერესი (ორივე - „იუვენტუსი")
გუშინ გუნდებმა მატჩის წინა, უკანასკნელი ვარჯიშები გამართეს, რომლის დასრულების შემდეგაც ჟურნალისტებს მწვრთნელები და ფეხბურთელები შეხვდნენ.
„ჩვენ ვთამაშობთ გუნდთან, რომლის მოთამაშეებიც ბრწყინვალედ თამაშობენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, მაგრამ როგორც ყველა გუნდს, „ბარსელონასაც" თავისი სუსტი მხარეები გააჩნია. არის მოსაზრება, რომ მესი შეუჩერებელია. იმედს ვიქონიებ, რომ მის შეკავებას მოვახერხებთ", - განაცხადა ტურინელთა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ.
„ჩვენ ბევრი გოლი გავიტანეთ ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ყველა ხვდება, რომ ფინალი სხვა ტიპის მატჩია. აქ დიდი წნეხის წინააღმდეგ გიწევს გამკლავება. ვხვდებით, რომ „იუვე" მატჩის სრული მიმდინარეობის მანძილზე ბურთის ჩაგდებასა და პრესინგის განხორციელებას შეეცდება. ის გაიმარჯვებს, ვინც ამ პირობებთან ადაპტირებას უკეთ მოახერხებს", - აღნიშნა კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ.
„ჩვენ გვყავს ლიონელ მესი, ნეიმარი, სუარესი და ანდრეს ინიესტა. ჩვენ ბრწყინვალე გუნდი ვართ - კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. შესაძლოა, სეზონის საწყის ნაწილში საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით, მაგრამ ამის შეცვლა მოვახერხეთ. შანსი გვაქვს, რომ მთელს მსოფლიოს ვუჩვენოთ, რამდენად კარგები ვართ", - განაცხადა „ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ.
„ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთსო გუნდია და ჩვენს წინააღმდეგ სამი საოცარი თავდამსხმელი ითამაშებს. ძალიან კარგი სამუშაოს შესრულება მოგვიწევს. იდეალურზე უკეთ უნდა ვითამაშოთ", - აღნიშნა „ბებერი ქალბატონის" არგენტინელმა ფორვარდმა კარლოს ტევესმა.