ყველაზე ძველი საერთაშორისო ტურნირი „კოპა ამერიკა" წელს ჩილეში გაიმართება. ტურნირი სტარტს 11 ივნისს აიღებს. გუნდები უკვე შეუდგნენ სამზადისს. „კოპა ამერიკა 2015"-ზე 12 ნაკრები იასპარეზებს და ისინი 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. მედია-ჰოლდინგი „რეპორტიორი" წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს და შევეცდებით, ყველა გუნდის შესახებ საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ჩვენი დღევანდელი სტუმარი C ჯგუფში განთესილი პერუს ნაკრებია, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასაღწევად ბრაზილიის, კოლუმბიისა და ვენესუელას ეროვნულ გუნდებთან მოუწევს დაპირისპირება.
პერუმ ისტორიის მანძილზე 6-ჯერ, 1927, 1935, 1939, 1953, 1957 და 2004 წლებში უმასპინძლა სამხრეთამერიკულ პირველობას. აღნიშნულ ტურნირზე ნაკრებმა 2-ჯერ მოიპოვა გამარჯვებ ა(1939 და 1975 წლებში), მესამე ადგილი კი 7-ჯერ დაიკავა.
პერუს ეროვნულ გუნდს 2015 წლის თებერვლიდან 57 წლის არგენტინელი სპეციალისტი რიკარდო გარეკა თავკაცობს. ეს მისთვის პირველი სანაკრებო გამოცდილებაა. აქამდე გარეკა არგენტინის, კოლუმბიისა და პერუს სხვადასხვა კლუბებს ედგა სათავეში.
ორი კვირის წინ გარეკამ იმ 23 მოთამაშის გვარები დაასახელა, რომლებიც ქვეყნის ღირსების დასაცავად „კოპა ამერიკა 2015"-ზე ჩილეში იბრძოლებენ:
მეკარეები: პედრო გალიესე („ხუან აურიჩი"), დიეგო პენი („სპორტინგ კრისტალი"), სალომონ ლიბმანი („უნივერსიდად სესარ ვალეხო");
მცველები: ლუის ადვინკულა („ვიქტორია სეტუბალი", პორტუგალია), კარლოს სამბრანო („აინტრახტი", გერმანია), პედრო რეკენა, ანსელ რიოხასი (ორივე - „უნივერსიდად სესარ ვალეხო"), კრისტიან რამოსი, ხაირ სესპედესი (ორივე - „ხუან აურიჩი"), იოსიმ იოტუნი („მალმე", შვეიცარია);
ნახევარმცველები: იოსემ ბალიონი, კარლოს ლობატონი (ორივე - „სპორტინგ კრისტალი"), ედვინ რეტამოსო („რეალ გარსილასო"), კარლოს ასკუესი („მელგარი"), ხოელ სანჩესი („უნივერსიდად სან-მარტინ დე პორესი"), პაოლო ურტადო („პასუშ ფერეირა", პორტუგალია), ხუან ვარგასი („ფიორენტინა", იტალია), კრისტიან კუევა („ალიანსა ლუმა"), ანდრე კარილიო („სპორტინგი", პორტუგალია);
თავდამსხმელები: ჯეფერსონ ფარფანი („შალკე", გერმანია), იორდი რეინა („რედ ბულ ლეიპციგი", გერმანია), პაოლო გერერო („კორინთიანსი", ბრაზილია), კლაუდიო პისარო („ბაიერნი", გერმანია).
პერუს ნაკრები საკმაოდ შეთამაშებულ, ლაღ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს. სავარაუდოდ, „კოპა ამერიკა 2015"-ზე გუნდი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფორმაციას - 3-5-2-ს გამოიყენებს. ამ მოსაზრებას ის ფაქტი აძლიერებს, რომ პერუს შემადგენლობა გაცილებით ძლიერი წინახაზითაა წარმოდგენილი, ვიდრე - დაცვითი.
გთავაზობთ, ჩვენი წარმოდგენით შემდგარი პერუს ნაკრების ძირითად შემადგენლობას „კოპა ამერიკა 2015"-ისთვის: