დღეს ლიტერატორ თამაზ კვაჭანტირაძის დაბადების დღეა - მას 75 წელი შეუსრულდა. ცნობილი ფილოლოგი და ტელეწამყვანი თამაზ კვაჭანტირაძე 1940 წლის 7 ივნისს თბილისში დაიბადა.
„75 წლის გავხდი, ასევე შემისრულდა სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისთავი. უკვე ხანდაზმული გახლავართ. ხანდაზმული მხოლოდ ასაკობრივი ცნება არ არის - ეს სულის მდგომარეობასაც გამოხატავს. ამ თვალსაზრისით სიბერეს ჯერჯერობით არ ვგრძნობ. არცერთი მრგვალი თარიღი საზოგადოებრივად არ აღმინიშნავს. ახლობლები ვიკრიბებოდით და აღვნიშნავდით ხოლმე. წელს კი ქალბატონმა ნანა მოსიძემ, „ევროპული სკოლის" დირექტორმა, კატეგორიულად გამომიცხადა, რომ სკოლა იხდის ჩემს იუბილეს. ასე, რომ ეს ჩემთვის დებიუტია, როცა ჩემი დაბადების დღე საზოგადოებრივად აღინიშნება. ყველა დაბადების დღე თავისებურად დაუვიწყარია. ეს დღე სასიხარულოც არის და სევდანარევიც, რადგან ვუახლოვდები იმას, რაც გარდაუვალია. ერთგვარი სევდიანი ნოტები ყოველ დაბადების დღეზე „გაისმის" ხოლმე. წელს კი ვცდილობ, ეს სევდა უკანა პლანზე გადავწიო და განსაკუთრებით აღვნიშნო ჩემი დაბადების დღე", - განუცხადა „რეპორტიორს" თამაზ კვაჭანტირაძემ.
თამაზ კვაჭანტირაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.
1963-2006წწ. იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი; 1978-1990წწ. ჟურნალის - "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" ("ბალავარი") რედაქტორი; 1975-1990წწ. ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა "ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში", 2002-2004წწ. "მოგზაურობა სასიტყვეთში"; 1993-1998წწ. განათლების მინისტრი; 2000-2008წწ. საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი.
არის ავტორი წიგნებისა: "მსგავსებითი შედარება ქართულში" (1977), "ჰა ბურთი, ჰა მოედანი" (2002), "მოგზაურობა სასიტყვეთში" (2002).
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსგავსებითი შედარება ქართულში", დაიცვა 1978 წელს.
თამაზ კვაჭანტირაძე გახლდათ საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები", წევრი (2008-2012)
საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირი, წევრი (1977-)
საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1980-)
მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია და ღირსების ორდენი.
„რეპორტიორი" ულოცავს დაბადების დღეს. უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.